ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
20 დეკემბერი 2022, 15:08
2022-12-20
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ტაივანის მთავრობამ ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის წინააღმდეგ საეჭვო და უკანონო კომერციული ოპერაციების მიზეზით გამოძიება დაიწყო. TikTok-მა ბრალდება უარყო.
ტაივანის კანონი ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმებს კომერციული ოპერაციების განხორციელებას თვითმმართველ კუნძულზე კატეგორიულად უკრძალავს.
Tik-Tok, რომელსაც ტაივანში დიდად არ იყენებენ, ზეწოლას აშშ-შიც განიცდის. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმას მომხმარებლების პირად მონაცემებზე აქვს წვდომა. კომპანია ამ ბრალდებასაც უარყოფს.
18 დეკემბერს ტაივანის «ჩინეთის პოლიტიკის საკითხთა საბჭოს» მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სამუშაო ჯგუფმა 9 დეკემბერს აღმოაჩინა, რომ Tik-Tok ტაივანში «არალეგალურ კომერციულ ოპერაციებში» იყო ეჭვმიტანილი.
ტაივანური გაზეთი Liberty Times წერს, რომ TikTok-ის მფლობელმა, ByteDance-მა კუნძულზე შვილობილი კომპანია შექმნა, რაც ტაივანის კანონს ეწინააღმდეგება.
«ბოლო წლებში, ჩინური მხარე მოკლე ვიდეო პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, TikTok, სახიფათო ოპერაციების განსახორციელებლად იყენებდა. არსებობს მაღალი რისკი, რომ ჩინეთის მთავრობა მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციასაც აგროვებს». — განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
თუმცა, ByteDance-მა საპასუხოდ თქვა, რომ «ბოლო მოხსენებები», რომლებიც ტაივანში შვილობილი კომპანიის შექმნას ვარაუდობენ, არასწორია.
«კომპანიას ტაივანში მსგავსი არაფერი დაუარსებია» — ნათქვამია Reuters-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში.
ტაივანი კუნძულზე ჩინეთის ბიზნეს ოპერაციების ფართო სპექტრს კრძალავს, დაწყებული სოციალური მედიის პლატფორმებით, დამთავრებული ჩიპების წარმოების ინდუსტრიით.
ტაივანმა სამთავრობო უწყებებს ჩინური აპლიკაციების გამოყენება, მათ შორის Tik-Tok-ის, უკვე აუკრძალა. Facebook და Instagram, რომლებიც Meta-ს ეკუთვნის, ტაივანში სოციალური მედიის ყველაზე ფართოდ გამოყენებული და პოპულარული პლატფორმებია.
ბაზრის კვლევის კომპანიების ცნობით, Tik-Tok ტაივანის უფროს თაობაში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
ტაივანი უკვე დიდი ხანია ჩივის, რომ ჩინეთი სოციალურ მედიას დეზინფორმაციისთვის იყენებს. პეკინი კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.