ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში - ვინ რას გვთავაზობს

კომფორტული სამუშაო გარემო ბევრს ნიშნავს. ისეთ სივრცეში, სადაც თავს კარგად გრძნობ, ბევრად უფრო პროდუქტიული და მიზანზე ორიენტირებული ხდები. ადამიანები დილიდან საღამომდე მუშაობენ, შესაბამისად, ოფისში დიდ დროს ატარებენ.

საერთო სამუშაო სივრცეები იდეალური ადგილია ახალი კავშირების დასამყარებლად და განსხვავებული გამოცდილებების მისაღებად. აქ შეხვდებით დამწყებებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს. შეძლებთ, თქვენი იდეები აქციოთ რეალობად და ნახოთ, როგორ ვითარდებიან სხვა კომპანიები თქვენი სამუშაო მაგიდის გვერდით. 

კომენტარის დატოვება
საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში - ვინ რას გვთავაზობს

კომფორტული სამუშაო გარემო ბევრს ნიშნავს. ისეთ სივრცეში, სადაც თავს კარგად გრძნობ, ბევრად უფრო პროდუქტიული და მიზანზე ორიენტირებული ხდები. ადამიანები დილიდან საღამომდე მუშაობენ, შესაბამისად, ოფისში დიდ დროს ატარებენ.

საერთო სამუშაო სივრცეები იდეალური ადგილია ახალი კავშირების დასამყარებლად და განსხვავებული გამოცდილებების მისაღებად. აქ შეხვდებით დამწყებებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს. შეძლებთ, თქვენი იდეები აქციოთ რეალობად და ნახოთ, როგორ ვითარდებიან სხვა კომპანიები თქვენი სამუშაო მაგიდის გვერდით. 

თბილისში ბევრი ადგილია, სადაც კომპანიებს საერთო სივრცის გამოყენება და თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა შეუძლიათ. 

ჩვენ რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ: 

D Block

D Block საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ მაგიდებს, იზოლირებულ სივრცეებს გუნდებისთვის, შეხვედრის ოთახებს და სხვა. 

თანამედროვე სამუშაო სივრცე თბილისის ცენტრში, კოსტავას 14 ნომერში მდებარეობს და მისი კარი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ღიაა ყველასთვის, ვინც კომფორტულ და მშვიდ გარემოს ეძებს მუშაობისთვის. D Block-ის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ სივრცის განლაგება და სასიამოვნო ატმოსფერო მათ პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს.

სივრცე ასევე აღჭურვილია ხმის საიზოლაციო სისტემით, რაც იქ მომუშავეებს კონცენტრაციაში ეხმარება. ყურადღებით შერჩეული ავეჯი და განათება კი ქმნის გარემოს, სადაც მუშაობა კომფორტული, საინტერესო და რაც მთავარია, სტრესისგან თავისუფალია. 

D Block რამდენიმე სერვისს გთავაზობთ. მაგიდის დღიურად დაქირავება 40 ლარად შეიძლება. თუ სამუშაო სივრცის გამოყენებას რეგულარულად აპირებთ, თვიური აბონიმენტის ყიდვა 500 ლარად შეგიძლიათ, რაც თვის განმავლობაში ულიმიტო წვდომას მოგცემთ სამუშაო სივრცეზე. მათთვის, ვინც არასამუშაო საათებში ან შაბათ-კვირას ამჯობინებს მუშაობას, სპეციალური პაკეტია გამოყოფილი, რომელიც 270 ლარი ღირს. რაც შეეხება პატარა და საშუალო ზომის გუნდებს, მათ იზოლირებული საოფისე სივრცეების დაქირავება ინდივიდუალური ტარიფით შეუძლიათ. 

გარდა ამისა, D Block მომხმარებელს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებს, შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ნახვა კი ვებსაიტზეა შესაძლებელი. 

საერთო სამუშაო სივრცეს მისი წევრები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ: ესწრებიან ოფიციალურ შეხვედრებს, აწყობენ კონფერენციებს, მუშაობენ ცალკე ან გუნდთან ერთად, ატარებენ გასაუბრებებს და სხვ.

D Block მიზნად ისახავს, შექმნას საერთო სივრცე შემოქმედებითი და ინოვაციებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. 

Terminal

Terminal (ტერმინალი) არის ყველაზე დიდი სამუშაო სივრცე რეგიონში და თბილისის მასშტაბით ექვსი, ხოლო ბათუმში — ერთი ფილიალი აქვს. ტერმინალი არის ადგილი, სადაც თავს იყრიან პროფესიონალები,  სხვადასხვა ტიპის კომპანიების წარმომადგენლები. ეს მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც გთავაზობთ კომფორტულ, გემოვნებიან გარემოს. მასზე წვდომა კვირის 7 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. სივრცე გთავაზობთ განსაზღვრულ (მაგიდა, რომელიც მხოლოდ თქვენი და თქვენი თანამშრომლებისთვისაა გამოყოფილი) და მოქნილ (თავისუფალი ადგილები, რომლებიც ნებისმიერს შეუძლია დაიკავოს) სამუშაო მაგიდებს, კერძო ოფისებს, საკონფერენციო და შეხვედრის დარბაზებს. აქ შეხვდებით კაფე-ბარს და განტვირთვის ზონებს.

თბილისის მასშტაბით ტერმინალის ორი სივრცე ვაკეშია, ორი აღმაშენებლის გამზირზე და ერთ საბურთალოზე.

საოფისე სივრცეში განსაზღვრული მაგიდის ფასი თვეში 500 ლარია. რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს, მათი დაკავება დღეში 40 ლარიდან შეგიძლიათ. კერძო საოფისე სივრცის ფასი თვეში 1250 ლარიდან იწყება. საკონფერენციო დარბაზის ფასები საათობრივად განისაზღვრება და ერთი საათის ფასი 60 ლარიდან იწყება. ნახევარი დღით საკონფერენციო დარბაზის დაქირავება 300, ხოლო სრული დღით — 500 ლარი ჯდება. შეხვედრის ოთახების ფასები საათში 40 ლარიდან იწყება. ნახევარი დღით დაქირავების შემთხვევაში იხდით 200 ლარს, ხოლო სრული დღის ქირა 300 ლარია. ტერმინალს აქვს ასევე გაწევრიანების შემოთავაზება, რომელიც თვეში 500 ლარია და წევრებს საშუალებას აძლევს, უფასოდ დაესწრონ სივრცეში გამართულ ღონისძიებებს.

TBC Concept

თიბისი ბანკმა თავისი პირველი ფლაგმანი მარჯანიშვილის ქუჩაზე, ბანკის სათავო ოფისში გახსნა. თიბისისთან ერთად ბრიტანულმა დიზაინერულმა კომპანია Sheridan&Co-მ იმუშავა, რათა ტრადიციული ბანკის ინტერიერი ოთხსართულიან საკომუნიკაციო სივრცედ გადაეკეთებინა, სადაც მომხმარებლებს არამხოლოდ ბანკის სერვისებით სარგებლობა, არამედ სოციალიზაცია და ახალი ადამიანების გაცნობა შეუძლიათ.

კომპლექსში შეხვდებით ბიბლიოთეკას, სადაც წევრებს შეუძლიათ წიგნების წაკითხვა, პოდკასტებისა და ვიდეო გაკვეთილების მოსმენა. ასევე ლიტერატურულ ღონისძიებებზე დასწრება, როგორიცაა წიგნის პრეზენტაცია, განხილვა და სხვა. კონცეპტში შეხვდებით კონცეპტუალურ მაღაზიას, კაფეს და საგამოფენო დარბაზებს.  ასე რომ, თქვენს სამუშაო სივრცეში შესვენების დრო შეგიძლიათ წიგნის კითხვას, ან სულაც გამოფენებს დაუთმოთ. ან იქნებ, კაფეში ყოფნა გერჩივნოთ მეგობართან ერთად? ეს სივრცე ამ ყველაფრის საშუალებას გაძლევთ. აღსანიშნავია, რომ კონცეპტ ცენტრი 24-საათიან რეჟიმში, მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს.

თიბისი კონცეპტის ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თვეში 4 უფასო ვიზიტით: 2 ვიზიტი სამუშაო სივრცეში (10:00-19:00) და 2 შეხვედრების ოთახში ორი საათით.

სხვა ტიპის ჯავშნის გაფორმების შემთხვევაში, დღიური ფასები ასეთია:

სამუშაო მაგიდა 1 საათი 25 ლარი, ხოლო სრული დღით 45 ლარი. შეხვედრების ოთახის საათობრივი ღირებულება 40 ლარია.

თიბისი კონცეპტს აქვს სამი ტიპის ერთ თვიანი აბონემენტი. Standard, რომლის ღირებულებაც 250 ლარია მოიცავს 10 ვიზიტს სამუშო სივრცეში და შეხვედრების ოთახის 2-ჯერ 2 საათით დაკავებას. Professional-ის ღირებულება 400 ლარს შეადგენს. ამ შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ 18-ჯერ ეწვიოთ სამუშაო სივრცეს, ხოლო შეხვედრების ოთახი 4-ჯერ დაიკავოთ 2 საათის ხანგრძლივობით. Fixed desk შეთავაზება 650 ლარი ღირს და აერთიანებს სამუშაო სივრცეში 26 ვიზიტს და შეხვედრების ოთახში 6 ვიზიტს 2 საათის ხანგრძლივობით. Fixed desk-ის შემთხვევაში გექნებათ წინასწარ განსაზღვრული მაგიდა.

Impact Hub Tbilisi

Impact Hub Tbilisi გლობალური ორგანიზაციის წევრია, რომელიც 5 კონტინენტსა და 86 ლოკაციაზე მუშაობს. Impact Hub Tbilisi-ს ლოკაცია ფაბრიკაშია — ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხანა, რომელიც იქცა კომუნიკაციის სივრცედ, სადაც გაერთიანებულია კაფე-ბარები, სასტუმროები, სტუდიები და გალერეები. სივრცე გთავაზობთ 24/7-ზე წვდომას მაღალი სისწრაფის ინტერნეტით. Impact Hub Tbilisi აერთიანებს შეხვედრის ოთახებს, საოფისე სივრცეებს, კერძო სათავსოებს, სამზარეულოს და სხვა საჭირო განყოფილებებს. სივრცის სტუმრები მას ახასიათებენ, როგორც კომფორტულ და მსუბუქ გარემოს მეგობრული თანამშრომლებით.

Impact Hub არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში მეწარმეებთან, ფრილანსერებთან და ციფრულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან შესახვედრად. დამფუძნებლების თქმით, ეს ადგილი მომხმარებლებს სთავაზობს არამარტო სამუშაო სივრცეს, არამედ საზოგადოებას, რომლებიც საერთო იდეებს იზიარებენ.

Impact Hub-ში მუშაობა გაძლევთ სოციალიზაციის უდიდეს საშუალებას გამომდინარე მისი ლოკაციიდან. მიუხედავად ამისა, მომუშავეთა ნაწილი ამბობს, რომ ავეჯი არ არის კომფორტული სამუშაოდ და უბნის ინფრასტრუქტურაც მოუწესრიგებელია.

ყოველდღიური შეთავაზებები სამუშაო სივრცეში ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. რაც შეეხება ყოველთვიურ შემოთავაზებებს, არის 4 ტიპის ქირის საშუალება.

Hub Week 140 ლარად თქვენ თვეში ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლოთ შეხვედრების ოთახის ქირის 10%-იანი ფასდაკლებით, იყოთ მოწვეული მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე, ისარგებლოთ ღონისძიებებზე 10%-იანი ფასდაკლებით, გქონდეთ 24/7-ზე წვდომა, Impact Hub-ის საშვი.

Hub Three თვეში 300 ლარად კვირაში 3-ჯერ გაძლევთ საშუალებას, გამოიყენოთ შეხვედრების ოთახზე 10%-იანი ფასდაკლება, მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე მოწვევა, 10%-იანი ფასდაკლება ღონისძიებებზე, Impact hub-ის საშვი და 24/7 წვდომა სივრცეზე.

Hub Unlimited 410 ლარად მთელი თვის განმავლობაში გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ შეხვედრების ოთახზე 10%-იანი ფასდაკლება, მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებზე მოწვევა, 10%-იანი ფასდაკლება ღონისძიებებზე, Impact hub-ის საშვი, 24/7 წვდომა სივრცეზე. ასევე 2 საათით უფასო წვდომა შეხვედრების ოთახზე.

Unlimited 525 ლარად საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისით და შეხვედრების ოთახის 3 საათიანი უფასოდ გამოყენებით. ასევე, თქვენ გექნებათ სათავსო, ფაბრიკის საზოგადოების ბარათი და განსაზღვრული მაგიდა.

Vake Cowork

Vake Cowork თანამედროვე სამუშაო სივრცეა. ის 5 წუთის სავალზეა პარკებისგან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მისადგომია. აქვს საპარკინგე სივრცე.

სივრცეს აქვს 3 მაგიდა ღია სივრცეში, 5 კერძო ოფისი 4-20 ადამიანისთვის და 2 შეხვედრის ოთახი, რომელიც 2-8 ადამიანს იტევს.

Vake Cowork თავის წევრებს სთავაზობს საფოსტო ყუთს, სათავსოს, პრინტერს, სკანერს და ყავას. ღია სამუშაო სივრცეში შესვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე შეგეძლებათ. თუ თქვენ დაჯავშნით კერძო ოფისს, ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ ელექტრონული გასაღები, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს ისარგებლოთ სივრცით.

ყოველდღიურად ღია სივრცეში მაგიდის ქირაობა 40 ლარი ჯდება. არის ორი საკონფერენციო დარბაზი. პირველი, რომელიც რვა ადამიანს იტევს კვირაში მაქსიმუმ 6 საათით შეგიძლიათ დაიკავოთ და მისი ფასი 40 საათში ლარია. საათში 40 ლარი ჯდება მეორე საკონფერენციო სივრცეც, რომელიც 3 ადამიანს იტევს და ღია სივრცის მომხმარებლებს მისი გამოყენება მაქსიმუმ 2 საათით შეუძლიათ.

თვეში 600 ლარად თქვენ შეძლებთ საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობას. 650 ლარად თქვენ გექნებათ ღია სამუშაო სივრცეში განსაზღვრული მაგიდა, ხოლო თვეში 950 ლარად გექნებათ მაგიდა კერძო ოფისში, რომელშიც ადამიანების რაოდენობა 5-დან 22-მდე მერყეობს.

Regus     

Regus საერთაშორისო კომპანიაა. მას თბილისში ორი ოფისი აქვს: ლეონიძის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ორივე მათგანი მარტივად მისადგომია, თუმცა, ფასები განსხვავებულია.

ლეონიძის ქუჩაზე საოფისე სივრცის ფასი ერთ ადამიანზე თვიურად 329 დოლარიდან იწყება. რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას, საოფისე სივრცის ფასი თვიურად 179 დოლარიდან იწყება.

Coworking სივრცეების ფასები ლეონიძეზე თვეში ერთ ადამიანზე 235 დოლარიდან იწყება, ხოლო ვაჟა-ფშაველაზე თვეში 159 დოლარი ღირს.

შეხვედრის ოთახების ღირებულება ორივე ფილიალში საათობრივად 9 დოლარიდან იწყება.

ANO

თუ თქვენ ეძებთ განსხვავებულ სამუშაო სივრცეს, ANO კარგი არჩევანია. ეს არის იაპონური სამუშაო სივრცე, რომელიც აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარეობს, მეტროდან სამი წუთის სავალზე. სივრცე მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს. კომპანია ამბობს, რომ ის მომხმარებლებს სამუშაოზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, სადაც მათ თავიანთი მიზნების მიღწევა შეეძლებათ. 

ANO-ს ფასების ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პაკეტები აქვს.

დღიური შემოთავაზების ღირებულება 30 ლარია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს (30-40Mbps), უფასო ჩაისა და ყავას, პატარა სამზარეულოს, მეორე ეკრანს. თქვენ შეგიძლიათ თავად დარეგისტრირდეთ ონლაინ გადახდის საშუალებით და შეხვიდეთ ოფისში გადახდიდან 12 საათის განმავლობაში.

ერთკვირიანი შემოთავაზება 120 ლარი ღირს და მომხმარებელს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, უფასო ჩაისა და ყავას, პატარა სამზარეულოს და მეორე ეკრანს სთავაზობს. შეთავაზება მთელი 24/7-ზე ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და გადახდა მიმღებში ხდება.

ერთ თვიანი შეთავაზების საფასური 280 ლარია. ის თავის თავში აერთიანებს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, უფასო ჩაისა და ყავას, პატარა სამზარეულოს, მეორე ეკრანს 24/365 წვდომას. გადახდა, ამ შემთხვევაშიც, მიმღებში ხდება.

Collider

კოლაიდერს ერთი ფილიალი აქვს და ნინო რამიშვილის 6 ნომერში მდებარეობს. 

კომპანია გვთავაზობს:  24/7-ზე წვდომას სივრცეზე, შეხვედრების უფასო ოთახს, სწრაფ Wi-Fi-ს, ულიმიტო პრინტერს/სკანერს,  ბარი/ლაუნჯს & Game Room-ს და მწვანე ზონას. 

კოლაიდერი ამბობს, რომ მათი სერვისი ყველაზე ხელმისაწვდომია — ფასი 40 ლარიდან იწყება. საერთო სივრცეში სამუშაო ადგილის ფასი ერთი ადამიანისთვის1 თვის განმავლობაში 250 ლარია, პერსონალურ მაგიდასთან — 350 ლარი. 



ასევე წაიკითხეთ
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
ვინ გახდა Social Impact Award-ის გამარჯვებული
ვინ გახდა Social Impact Award-ის გამარჯვებული
ვინ გახდა Social Impact Award-ის გამარჯვებული
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
Social Impact Award 2023-ის საკონკურსო განაცხადებების მიღება იწყება
LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
LinkedIn-მა პრობლემური ეკონომიკური კლიმატის ფონზე 716 სამუშაო ადგილი შეამცირა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.