ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
1 აგვისტო 2023, 14:32
2023-08-01
Вёрстка: რუსეთში ბოლო 6 თვეში $502 მლნ-ის სანქცირებული პროდუქცია — ჩიპები შევიდა
რუსული გამოცემა «ვიორსტკას» ცნობით, რუსეთი ახერხებს, სანქციებს თავი აარიდოს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ფაქტობრივად ყველა სანქცირებული პროდუქტი შედის, ტექნოლოგიური პროდუქტების ჩათვლით.
«ვიორსტკას» მიერ ჩატარებული გამოძიებით, მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთში 502 მილიონი აშშ დოლარზე მეტის ღირებულების სანქცირებული პროდუქცია — ჩიპები შევიდა. ისინი რაკეტებისა და იარაღისთვის გამოიყენება.
გარდა ამისა, რუსეთში შევიდა, სულ მცირე 171 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დასავლური სათადარიგო ნაწილები სამოქალაქო ავიაციისთვის, ასევე, 389 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა მოდელის აიფონი.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს მრავალი და მკაცრი სანქცია დააკისრა. სანქციების შედეგად მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი აუცილებელი მარაგების გარეშე დარჩებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა.
ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა დახურა საჯარო წვდომა მნიშვნელოვან სტატისტიკურ ინფორმაციაზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობაზე. თუმცა, ვიორსტკა წერს, რომ მათ დახურული, კლასიფიცირებული მონაცემების ნახვა და რუსეთში იმპორტის რეალურად შეფასება მოახერხეს. კვლევისთვის აიღეს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით მონაცემები.
გამოცემის გამოძიების თანახმად, გამოვლინდა, რომ რუსეთში ფაქტობრივად ყველაფრის შეტანა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან — ორმაგი დანიშნულების ჩიპიდან დაწყებული, Airbus-ისთვის განკუთვნილი ტურბორეაქტიული ძრავების ჩათვლით. სქემაში მესამე ქვეყნები არიან ჩართულები, შესაბამისად, რუსეთი წარმატებით ახერხებს, გვერდი აუაროს ევროპულ და ამერიკულ სანქციებს.
მაგალითად, რუსეთის თავდაცვა კრიტიკულად არის დამოკიდებული უცხოურ მიკროჩიპებსა და მიკროპროცესორებზე. მაგალითად, რაკეტას X-101, რომელსაც Raduga Design Bureau აწარომოებს და ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე რაკეტაა რუსეთში, აქვს და სწირდება Intel_ის პროცესორი, Xilinx-ისა და Texas Instruments-ის ჩიპები, Analog Devices Inc გადამცემი.
და როგორც «ვიორსტკა» წერს, რუსეთს ყველა ეს კომპონენტი დღემდე მიეწოდება — 2023 წლის პირველ 6 თვეში რუსეთში თავისუფლად შევიდა $98 მილიონზე მეტის ღირებულების American Analog Devices Inc-ის გადამცემი, $75 მილიონის Xilinx-ის ჩიპი, $42 მილიონზე მეტის Microchip Technology-ის ჩიპი, მინიმუმ $38 მილიონის Texas Instruments ნახევარგამტარი, ასევე, ნახევარგამტარების მწარმომებელი გერმანული კომპანია Infineon-ის $28 მილიონზე მეტის პროდუქცია.
გარდა ამისა, რუსეთში შევიდა $11 მილიონზე მეტის Marvell-ის, $3.8 მლ-ზე მეტის Cypress Semiconductor-ის და $2.7 მილიონზე მეტის Atme-ის პროდუქცია.
ასევე, რუსეთში შევიდა ამერიკული Intel-ისა და AMD-ის პროდუქცია, მათ შორის მიკროპროცესორები, შესაბამისად, 169 და 35 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების.
«ვიორსტკას» თანახმად, მესამე ქვეყანა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ჩინეთია. დასავლური პროდუქცია რუსეთში სწორედ ჩინეთის და ჰონგ კონგის გავლით შედის.
ის, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს სანქცირებული პროდუქციით ამარაგებს, აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაშიც გამოქვეყნდა.