ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაკრიპტო
13 თებერვალი 2024, 11:37
2024-02-13
Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტი: ციფრული ლარის საპილოტე პროექტი 2024 წელს გაეშვება
«რიპლის» ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა ციფრული ლარის დანერგვის გეგმაზე, რომელიც 2 ფაზას მოიცავს. შედეგად, საპილოტე პროექტი 7-8 თვეში უნდა დაიწყოს.
ინფორმაცია, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული კომპანია Ripple გახდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ნოემბერში გაავრცელა, ხოლო უშუალოდ ციფრულ ვალუტაზე მუშაობა სებ-მა 2020 წელს დაიწყო. გასული წლის ივლისში უწყებამ განაცხადა, რომ ის ცდილობს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) ქვეყნების მიერ გამოშვებული ვალუტის ციფრული ფორმაა და არ არის მიბმული ფიზიკურ საქონელთან.
«რიპლის» ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს უოლისმა BMG-სთან თქვა, რომ პირველი ფაზა ზოგადი პროგრამისთვის საბოლოო სახის მიცემა და დეტალების შემუშავებაა, მეორე კი — საპოლოტე პროექტის უშუალოდ დაწყებას გულისხმობს.
უოლისის განცხადებით, 2025 წლის შუა პერიოდიდან კი, საპილოტე ფაზის დასრულების შემდეგ, ეროვნულ ბანკს მოუწევს გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
რა არის CBDC
CBDC არის ციფრული ვალუტა, რომელიც გამოშვებულია ცენტრალური ბანკების მიერ. მათი ღირებულება დაკავშირებულია გამომშვები ქვეყნის ოფიციალურ ვალუტასთან.
CBDC ჰგავს, მაგრამ არ არის იგივე, რაც სტაბილკოინი. სტაბილკოინი არის კერძო, სტაბილიზებული კრიპტოვალუტის სპეციფიკური ტიპი, რომელიც დაკავშირებულია სხვა ვალუტასთან, საქონელთან ან ფინანსურ ინსტრუმენტთან, რათა დროთა განმავლობაში შეინარჩუნოს შედარებით სტაბილური ღირებულება. კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომლებიც დეცენტრალიზებულია, CBDC-ს სახელმწიფო უშვებს და ოპერირებას უზრუნველყოფს.
CBDC ყველა ქვეყანაში, სადაც მის დანერგვას ცდილობენ, სხვადასხვანაირად მუშაობს.
ერთი ტიპი არის ანგარიშზე დაფუძნებული მოდელი, ანუ DCash. ის კარიბის ზღვის აღმოსავლეთ აუზში მოქმედებს. DCash-ის საშუალებით მომხმარებლები ფლობენ სადეპოზიტო ანგარიშებს პირდაპირ ცენტრალურ ბანკში.
ამისგან განსხვავებულია ჩინური e-CNY, საცდელი CBDC — ის ეყრდნობა კომერციულ ბანკებს, ჩინეთში ციფრული ვალუტის ანგარიშებს მომხმარებლები სწორედ კერძო ბანკებში ფლობენ. 2022 წლის ბეიჯინგის ოლიმპიადის დროს ვიზიტორებს და სპორტსმენებს შეეძლოთ e-CNY-ის გამოყენება ოლიმპიური სოფლის შიგნით.
კიდევ ერთ მოდელზე ევროპის ცენტრალური ბანკი განიხილავს. მასში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტები ამუშავებენ ბლოკჩეინის ქსელის ნებადართულ ქსელს, როგორც ციფრული ევროს განაწილების მიმწოდებელს.
მეოთხე ვარიანტი კი კრიპტოს მოყვარულებს შორის არის პოპულარული, თუმცა, არ არის გამოცდილი ცენტრალური ბანკების მიერ — ფიატური ვალუტა გაიცემა ცვალებადი ტოკენების მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვის სანაცვლოდ.
დღესდღეობით მსოფლიოს 87 ქვეყანა მუშაობს CBDC-ზე. მათ შორის არის საქართველოც.
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.