რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
ჩანგპენგ «CZ» ჟაოს მოულოდნელმა გადადგომამ კრიპტო სამყარო გააკვირვა. Binance-ს ახალი ბოსი ჰყავს. საინტერესოა, ვინ არის რიჩარდ ტენგი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ კრიპტოვალუტის ბირჟას გაუძღვება.
ჩანგპენგ «CZ» ჟაოს მოულოდნელმა გადადგომამ კრიპტო სამყარო გააკვირვა. Binance-ს ახალი ბოსი ჰყავს. საინტერესოა, ვინ არის რიჩარდ ტენგი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ კრიპტოვალუტის ბირჟას გაუძღვება.
სინგაპურში დაბადებული ტენგი Binance-ს სულ რაღაც ორი წლის წინ შეუერთდა — ის საკუთარ ქვეყანაში კომპანიის CEO-ს პოზიციას იკავებდა.
ეს იყო წელი, როდესაც Binance იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ქვეშ მოექცა. კომპანიისა და ჟაოს მიმართულებით მარეგულირებელი კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ტენგი დაწინაურდა.
ის სინგაპურში არსებული ფილიალის აღმასრულებელი დირექტორის თავდაპირველ თანამდებობაზე მხოლოდ 5 თვის განმავლობაში დარჩა. ტენგის LinkedIn-ის გვერდის თანახმად, იგი 2023 წლის აპრილში ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონულ ხელმძღვანელად დაინიშნა.
ტენგი მოგვიანებით, კერძოდ მაისში რეგიონალური ბაზრების ხელმძღვანელად გადავიდა. 21 ნოემბერს კი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა — მხოლოდ ორ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ის Binance-ში პირველად დასაქმდა.
მემკვიდრეზე საუბრისას, ჟაომ რიჩარდ ტენგს «მაღალკვალიფიციური ლიდერი» უწოდა და დასძინა, რომ «სამ ათწლეულზე მეტი ფინანსური მომსახურებითა და მარეგულირებელი გამოცდილებით, ის მომავალში კომპანიის ზრდას აუცილებლად გააგრძელებს».
Binance-ში გაწევრიანებამდე ტენგი ტრადიციულ ფინანსურ და მარეგულირებელ სექტორებში მუშაობდა — მაგალითად, ის სხვადასხვა პერიოდში სინგაპურის სავალუტო ორგანოში (MAS) კორპორატიული ფინანსების დირექტორი და სინგაპურის ბირჟის (SGX) მთავარი მარეგულირებელი ოფიცერი იყო.
შემდეგ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, Abu Dhabi Global Market-ის (ADGM) აღმასრულებელ დირექტორად გადავიდა, სადაც ექვსი წელი გაატარა. ADGM ციფრული აქტივებით ვაჭრობას არეგულირებს.
22 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში, რიჩარდ ტენგმა თქვა, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მისთვის საპასუხისმგებლო და საინტერესოა. ასევე აღნიშნა, რომ Binance-ის 150 მილიონ მომხმარებელს «კომპანიის ფინანსურ სიძლიერესა და უსაფრთხოებაში» დაარწმუნებს.
მისი ახალი როლი გამოწვევებით იქნება სავსე. ტენგის დღის წესრიგში მომხმარებელთა ნდობის დაბრუნება და შენარჩუნება იქნება — ამ ნაწილში Binance-მა, ბოლო თვეებში, რეპუტაცია დაიზიანა.
მარტში, აშშ-ის მარეგულირებლები კომპანიის დახურვას ცდილობდნენ ბრალდებით, რომ ის ქვეყანაში არალეგალურად მუშაობდა. Binance ასევე აშშ-ის მრავალი ფინანსური კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს — მათ შორის, ფულის გათეთრებაში.
მოგვიანებით იუსტიციის დეპარტამენტმა Binance-ს 4,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმებისა და კონფისკაციის გადახდა დაავალა.
მიუხედავად ამისა, ტენგმა თამამად აღნიშნა, რომ Binance აშშ-ში დარჩება და დასძინა, რომ კომპანიის საფუძველი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.