ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
12 დეკემბერი 2023, 10:00
2023-12-12
Retain — ქართული სტარტაპი, რომელიც კომპანიებს უკუკავშირის პროცესის გაციფრულებაში ეხმარება
კომპანიების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის შეთავაზებას ცდილობენ, უკუკავშირს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს — მათი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გარეშე ნებისმიერი ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია.
ამ პროცესის სრულყოფისთვის ორგანიზაციები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. თუმცა, სასურველ შედეგს რთულად ან ვერ იღებენ.
რამდენიმე თვის წინ საქართველოში სტარტაპი Retain გამოჩნდა, რომელიც კომპანიებს პროცესის გაციფრულებაში ეხმარება და პლატფორმას სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკუკავშირის დატოვება რამდენიმე წამში, დისტანციურად შეუძლია.
dev.ge-სთან Retain-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჯაბუამ სტარტაპის იდეაზე, მუშაობის მექანიზმზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
ლევანი გვიყვება, რომ Retain კომპანიებს QR-კოდების გამოყენებას სთავაზობს, რომელთა დასკანერების შემდეგ, მომხმარებლებს უკუკავშირის დატოვება სულ რაღაც 10 წამში შეუძლიათ.
უკუკავშირი პირდაპირ კომპანიის მენეჯმენტთან მიდის, რაც სასარგებლოა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. კომპანიებს კი ეს ტექნოლოგია უკუკავშირის ერთ პლატფორმაზე მიღების საშუალებას აძლევს, რაც გადაწყვეტილებებს უფრო ეფექტურსა და ზუსტს ხდის.
Retain ოფიციალურად 2023 წლის მაისიდან გაეშვა და უკვე 150 კომპანიის 1600-ზე მეტ ფილიალს ემსახურება. პროცესი მარტივია — მომხმარებელი QR კოდს ასკანერებს და უმოკლეს დროში წერს უკუკავშირს, რომელიც პირდაპირ კომპანიის სათავო ოფისში მიდის.
ლევანი გვიხსნის, რომ Retain კომპანიებს ასევე სთავაზობს ბმულს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს სერვისისა თუ მომსახურების შეფასება შეუძლიათ.
Retain საკუთარ სერვისს ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენელს სთავაზობს — სტარტაპი ბანკებს, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს, სადაზღვევო კომპანიებს, ფესტივალებს, სილამაზის სალონებსა თუ ონლაინ მაღაზიებს ემსახურება.
ლევან ჯაბუმ გვითხრა, რომ სტარტაპის პარტნიორი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გახდა — ამიერიდან ტურისტების კმაყოფილების ხარისხი Retain-ის QR კოდების საშუალებით გაიზომება.
ცხადია, როდესაც QR კოდს, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყენებ, კონფიდენციალურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლოგიკური კითხვები ჩნდება.
ლევანის თქმით, პროცესი სრულიად უსაფრთხო და კონფიდენციალურია — სტარტაპის სერვერები გერმანიაში, ფრანკფურტში მდებარეობს და უმაღლეს დონეზე მუშაობს.
ლევანი გვიხსნის, რომ QR კოდით მიღებული ინფორმაცია მათ არ ეკუთვნით და რაიმე სარეკლამო ან სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
Retain-ში უშუალოდ QR კოდის დიზაინსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც ლევანი ამბობს, მათ დიზაინერების გუნდი ჰყავთ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ფიქრობენ, როგორ გახადონ QR კოდები ადამიანებისთვის მიმზიდველი.
Retain-ის მსგავსი კომპანია საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად ქვეყნის შიგნით კონკურენციაზე საუბარი შეუძლებელია. თუმცა სტარტაპს საზღვარგარეთ ჰყავს კონკურენტები. ლევანი ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, Retain-ს სრული ციკლი აქვთ — ყველაფერს თავად აკეთებენ. ასევე მომხმარებლებს შეფასების მრავალფეროვან ფორმას სთავაზობენ.
Retain-ს რამდენიმე გეგმა აქვს, რომელთა განხორციელებასაც სამომავლოდ შეეცდება. ლევანის თქმით, ამ ეტაპზე, სტარტაპის მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოება და მომხმარებლების ზრდაა.
ამასთან, Retain-ში სურთ, სერვისი საზღვარგარეთ გაიტანონ, რაზეც 2024 წელს აქტიურად იმუშავებენ. კომპანიას გაყიდვების წარმომადგენლები რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ავსტრალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და უკრაინაში, უკვე ჰყავს.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.