ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეცხოვრების სტილი
10 იანვარი 2023, 17:14
2023-01-10
TIME: რჩევები ბედნიერებისთვის ექსპერტებისგან
თუ ვინმეს ბედნიერებაზე რამე გაეგება, ეს ნამდვილად ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავიანთი კარიერა მის შესწავლას დაუთმეს. რა არის პირველი, რასაც ისინი გეტყვიან? მუდმივი ბედნიერება არც შესაძლებელია და არც — სასურველი მიზანი. TIME-მა გამოკითხა ბედნიერების 18 წამყვანი ექსპერტი მათი ყოველდღიური ჩვევებისა და პროფესიული შეხედულებების შესახებ, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პირად ცხოვრებაში. შედეგები შეიძლება დაგვეხმაროს თითოეულ ჩვენგანს განწყობისა და კეთილდღეობის ამაღლებაში.
«ეს არ არის ყვითელი მოღიმარი სახე». — ამბობს პოზიტივის ფსიქოლოგიის ექსპერტი, სტელა გრიზონტი. ის Woopah-ის დამფუძნებელი და დირექტორია. Woopah სამუშაო გარემოში ადამიანების კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული. — «ნამდვილი უნდა იყოთ თქვენს თავთან და ემოციებთან, რომლებიც ჩნდებიან».
«იმის ნაცვლად, რომ დააძალოთ სახის მოწყენილ გამომეტყველებას, შეიცვალოს, ნამდვილი ბედნიერება ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენს თავს ძალიან ბევრი სიყვარულითა და კარგად გართობით შემოისაზღვრავთ. ასევე, დავალებების შესრულებით». — ამბობს გრიზონი.
ბედნიერების მნიშვნელობა გარკვეულწილად სუბიექტურია. თუმცა, გამოკითხული ექსპერტების დიდი ნაწილი ხაზს ერთსა და იმავე ფაქტორებს უსვამს: საკუთარი ცხოვრების კონტროლისა და დამოუკიდებლობის განცდას, მნიშვნელობისა და მიზნის მიხედვით ხელმძღვანელობას და სხვებთან კომუნიკაციას. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბედნიერების გაზომვა, გაძლიერება და სწავლა შესაძლებელია.
«რაც უფრო მეტად შეამჩნევთ, რამდენად ბედნიერი და მადლიერი ხართ, მით უფრო იზრდება ის». — თქვა გრიზონმა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც TIME-მა ექსპერტებს დაუსვა, იყო, არის თუ არა ბედნიერება არჩევანი.
კითხვამ უთანხმოება გამოიწვია.
«ნაწილი არჩევანია, ნაწილი თანდაყოლილი და ის ნაწილი, რომელიც არჩევანია, არის არჩევანი იმისა, რომ ბევრი ვიმუშაოთ ამაზე (ბედნიერებაზე)». — ამბობს ტალ ბენ-შაჰარი, ბედნიერების ონლაინ კვლევის აკადემიის თანადამფუძნებელი.
ექსპერტების აზრი გაიყო იმაზეც, შეიძლება თუ არა ბედნიერების ყიდვა. როგორც მწერალმა და პოდკასტერმა, გრეტჩენ რუბინმა თქვა, «ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, მაგრამ მას შეუძლია ბევრი რამის ყიდვა, რაც ამას დიდად უწყობს ხელს», მაგალითად, საინტერესო გამოცდილების ქონას. სხვებზე ფულის დახარჯვა ასევე დაკავშირებულია ბედნიერებასთან. მიუხედავად ამისა, ბედნიერების დონის გაზრდის მრავალი, ყველაზე საიმედო გზები უფასოა, როგორიცაა მედიტაცია, თანაგრძნობა, მადლიერება და ალტრუიზმი.
ერთ-ერთი ყველაზე აშკარა რჩევა ეძღვნებოდა ნეგატიური ემოციების აღიარების მნიშვნელობას და არა მათ დათრგუნვას. მოსაზრება, რომ წყენის, შიშის ან სიბრაზის უგულებელყოფა ჯანსაღია, ბედნიერებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი მცდარი წარმოდგენაა.
«ჩვენ ვცდებით, როდესაც ვფიქრობთ, რომ ბედნიერებაზე ფოკუსირება ნიშნავს „პოლინას“ მსგავსად მოქმედებას, ცხოვრების ძალიან რეალური სირთულეების იგნორირებას», — ამბობს ჯუდიტ ტ. მოსკოვიცი, ნორსვესთერნ უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის სამედიცინო სოციალური მეცნიერებების პროფესორი.
ამის ნაცვლად, ექსპერტების თქმით, ჩვენ უნდა მივიდეთ რთულ გრძნობებთან და სათანადოდ გავუმკლავდეთ მათ.
რა არის ეფექტიანი?
TIME-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს ბედნიერების საერთო ჩვევები ჰქონდათ. ოჯახთან ერთად სახლის გარეთ დროის გატარება, მეგობრებთან ერთად არაპროფესიონალურ გარემოში დიდი დროის დაყოფა. უმრავლესობა კვირაში ერთხელ მაინც აკეთებდა ორივეს და ბევრი მათგანი ატარებდა დროს სოციალურ გარემოში კვირაში სამი-ოთხჯერ. კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯონ ზელენსკი აღწერს სოციალურ ურთიერთობებს, როგორც ბედნიერების მთავარ სამშენებლო მასალას. ჩვენ ყველანი ვიღებთ სარგებელს ახლო მეგობრობით, რომანტიკული პარტნიორებით და «საზოგადოებაში პატივისცემისა და წევრობის ზოგადი გრძნობით», — ამბობს ის.
საყოველთაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ჰობებისთვის დროის დათმობა, როგორიცაა ხელოვნება, მუსიკა, კულინარია ან კითხვა. რესპონდენტთა უმრავლესობა ამ ინტერესებს კვირაში ხუთი-ექვსჯერ მაინც უთმობდა დროს. ფსიქოლოგიური კეთილდღეობა უკვე დიდი ხანია უკავშირდება საკმარის ძილს და ექსპერტებმაც ღამით მინიმუმ შვიდ-საათიანი ძილი აუცილებლობად დაასახელეს. ვარჯიში, სპორტული აქტივობები ასევე საერთო ჩვევებს შორის მოხვდა. რესპონდენტების თქმით, ისინი ამ აქტივობებს კვირაში სამიდან-ექვსჯერ უთმობენ დროს.
ბედნიერების მიღწევის კიდევ ერთი გასაღები, შეიძლება, ბუნებაში დროის გატარება იყოს. ექსპერტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ამას კვირაში მინიმუმ სამჯერ აკეთებენ. ბერკლის უნივერსიტეტის Greater Good Science Center-ის მეცნიერების დირექტორი, ემილიანა საიმონ-თომასი აღნიშნავს, რომ როდესაც ის სტრესშია, იწყებს სეირნობას და თავს აოცებს ყვავილებით, მცენარეებით, ფრინველებითა და მწერებით.
ცუდი დღეების დასაძლევად ის ასევე სუნთქვის ვარჯიშებს, პოეზიის კითხვას და სთენდაფ კომედიური გამოსვლების ყურებას გვირჩევს. სხვა ექსპერტები შფოთვას, სტრესს და ცუდ აზრებს საყვარელი წიგნების გადახედვით, ოპტიმისტური სიმღერების მოსმენითა და დღიურში წერით უმკლავდებიან. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ სთხოვდა მეგობარს ჩახუტებას ან ამ ემოციებს გულიანი ტირილით უშვებდა ორგანიზმიდან.
«ბედნიერების მიღმას» ავტორი, ჰენ ლიმი ცუდად ყოფნისას აკეთებს იმას, რაც იცის, რომ გააღიმებს. მაგალითად, საყვარელი ადამიანის გაოცება საჩუქრით. ის ასევე ახსენებს საკუთარ თავს, რომ დარჩეს ცნობისმოყვარე და იყოს ნაზი, დამთმობი საკუთარი თავის მიმართ. გარდა იმისა, რომ ის ჩერდება თავისი ემოციების «იდენტიფიკაციისა და ათვისებისთვის», ის საკუთარ თავს ეკითხება, აკონტროლებდა თუ არა ცუდ დღეს. «თუ ამის კონტროლი შემიძლია, მე შემიძლია, უკეთ ვიმოქმედო მასზე». — ამბობს ის. თუ ისეთი შემთხვევაა, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება, მან იცის, რომ არ უნდა ინერვიულოს.
ჩაპელ ჰოლის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ბარბარა ფრედრიქსონი ხშირად იმეორებს ბედნიერების პირად განმარტებას: «თავს ვახსენებ, რომ ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, სხვებსაც გადახდათ», — ამბობს ის.
ბედნიერება უნივერსალური და უძველესი მიზანია. იპოვეთ ნუგეში იმის ცოდნით, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ბედნიერების მეცნიერებას მთელი ცხოვრებაა სწავლობენ, ხშირად თვლიან, რომ ის ზოგჯერ გაუგებარი ცნებაა. თუმცა ისინი არ აძლევენ გაურკვევლობას უფლებას, რომ შეაფერხონ მათი სწრაფვა ბედნიერებისკენ.