ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
15 დეკემბერი 2022, 17:24
2022-12-15
რატომ ტოვებენ თანამშრომლები დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს
ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანები გამუდმებით მუშაობენ თვითგანვითარებაზე. ისახავენ მიზნებს და ცდილობენ, ახალი მწვერვალები დაიპყრონ. არსებობს უამრავი კომპანია და პოზიცია, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო დეველოპერებს სთავაზობს. თუმცა, როდესაც საქმე FAANG-ს (Facebook (Meta-ს პლატფორმები), Amazon, Apple, Netflix და Google) ეხება, დეველოპერები თანხმდებიან, რომ ეს ის წამყვანი კომპანიებია, სადაც მუშაობაზე უამრავი მათგანი ოცნებობს. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ დეველოპერები ხშირად მალევე ტოვებენ FAANG-ის კომპანიებს.
2019 წელს საშუალო დასაქმების ხანგრძლივობა ამერიკაში 2.6-4.3 წელი იყო, ხოლო FAANG-ის კომპანიებში საშუალო სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას დაახლოებით 1 წელი წარმოადგენდა. რა არის წამყვანი ტექ კომპანიებიდან თანამშრომლების წამოსვლის მიზეზი? რატომ თმობენ დეველოპერები იმ პოზიციებს, რომლისთვისაც მილიონობით სხვა კანდიდატი იბრძვის?
როდის გავხდები დეველოპერი?
ადამიანები, რომლებიც FAANG-ის კომპანიებში დეველოპერების პოზიციაზე მუშაობდნენ საუბრობენ იმაზე, რომ დეველოპერის საქმის შესრულება ბევრწლიანი მუშაობის შემდეგ არის შესაძლებელი.
«ჩემი აზრით, დეველოპერები FAANG-ში ანალიტიკური ინჟინრები არიან. იმ სამუშაოს უმრავლესობა, რომლის გაკეთებაც მოგიწევთ, მოიცავს დაფების შექმნას, მეტრიკის შესწორებას და უკვე აშენებული სადენების (pipeline) შენარჩუნებას. იმის გამო რომ კომპანიის მონაცემები საკმაოდ დახვეწილია, არ არის ბევრი პიონერული სამუშაო, რომელსაც შეასრულებთ. ამიტომ, თუ რამის აშენება გინდათ, უფრო მცირე კომპანიაში უკეთესი იღბალი გექნებათ». — წერს Reddit-ის მომხმარებელი Therealtibblesnbits, რომელმაც კომპანია META 4-თვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
ცხრილები, ცხრილები, ცხრილები…
FAANG-ის კომპანიებში მონაცემთა უმრავლესობას ის ტექნოლოგიები აგენერირებს, რომლებიც კომპანიებმა წლების წინ შექმნეს. ეს ნიშნავს, რომ გენერირებული ან შეგროვებული ნებისმიერი მონაცემი ხელმისაწვდომი ხდება ლოგების მეშვეობით, რომლებიც შემდეგ ნაწილდება და ინახება ცხრილებში. არ არსებობს API, რომელთან დაკავშირებაცაა შესაძლებელი CVS ჩასართველად, ან ინსტრუმენტები, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება სჭირდება მონაცემთა შესაგროვებლად. რჩება მხოლოდ და მხოლოდ ცხრილები და დეველოპერის დავალებაც მათთან მუშაობა ხდება.
როგორ უნდა განვვითარდე?
FAANG-ის შემადგენელი კომპანიის, Netflix-ის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ ლინი თავის სტატიაში «წამოვედი Netflix-ის წელიწადში $450,000 დოლარიანი სამსახურიდან. მოწყენილობა ამ თანხად არ ღირდა» წერს, რომ პანდემიასთან ერთად გაიაზრა, რომ Netflix-ში მუშაობა მას არ აძლევდა პროფესიული განვითარების საშუალებას. არ სჭირდებოდა სხვადასხვა სერიოზული პრობლემების გადაჭრა, ამოცანების ამოხსნა, შესაბამისად, როდესაც კოვიდ პანდემიამ ის ოთხ კედელში გამოამწყვდია და კომპანიის სოციალური ასპექტი, თანამშრომლები, გასართობი სივრცეები და მრავალი სხვა სარგებელი მოაშორა, აღმოჩნდა, რომ მისი საქმიანობა ძალიან მოსაწყენი იყო და მის ინტელექტუალურ განვითარებას ხელს არ უწყობდა.
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, კლემენტ მიჰაილესკუ თავის YouTube არხზე ამავე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხშირად თანამშრომლები იმიტომ ტოვებენ კომპანიებს, რომ უნდათ, იმუშაონ პროექტებზე, სიახლეებზე, რომლებსაც ხშირად FAANG კომპანიები თავის თანამშრომლებს არ სთავაზობენ.
«პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების შემთხვევაში, დღეს ბევრ მათგანს სურს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელსაც თავისი კომპანია ვერ სთავაზობს, იქნება ეს კრიპტოსთან მუშაობა თუ დეველოპინგი. სხვა კომპანიაში წასვლა მათ ამ შესაძლებლობებს აძლევს». — ამბობს მიჰაილესკუ.
დაწინაურება
FAANG-ში დაწინაურების მოპოვება საკმაოდ რთული პროცესია. რაც უფრო დიდ ხანს ჩერდები კომპანიაში, მით უფრო იკარგები და რთული ხდება დაწინაურებისთვის ბრძოლა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ უფრო მაღალი პოზიციების დაკავებას არის ის, რომ მათ ხვდებათ ცუდი პროექტი ან მენეჯმენტის ცუდი ჯგუფი და შესაბამისად, ვერ ახერხებენ თავისი მაქსიმუმის ჩვენებას.
თანამშრომლებს, რომლებიც FAANG-დან მოდიან, აქვთ შესაძლებლობა ბევრად უფრო მაღალი პოზიციები დაიკავონ უფრო პატარა კომპანიებში და მიიღონ გამოცდილება, რომელიც, შესაძლოა, FAANG-ში დარჩენის შემთხვევაში ვერასდროს მიეღოთ.
მეტი დრო — ნაკლები ანაზღაურება
FAANG-ის თანამშრომლებს ხშირად იმაზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ, ვიდრე რეალურად უხდიან. ისინი ხედავენ ადამიანებს თავისივე ან სხვა კომპანიაში იმავე პოზიციაზე უფრო მეტი ანაზღაურებით და ხვდებიან, რომ თავდაპირველი მოლაპარაკების პროცესში დაუშვეს შეცდომა. ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ იმაზე, რომ დიდი კომპანიების დატოვების შემდეგ მათი შემოსავალი გაიზარდა და ასევე უფრო სტაბილური გახდა მათი სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების ბალანსი.
დამოუკიდებელი ბიზნესი
ადამიანები, რომლებიც FAANG-ში მუშაობენ, მიზანდასახულები და ამბიციურები არიან. თანამშრომლების დიდი ნაწილი კომპანიასთან მუშაობას მომავალში თავისი ბიზნესის შექმნის სურვილით იწყებს. ისინი დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობას აღიქვამენ არა როგორც ბოლო გაჩერებად, არამედ ერთ-ერთ საფეხურად კიბეზე, რომელიც მათ ნამდვილი წარმატებისკენ მიიყვანს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ხდება კომპანიიდან წამოსვლის მიზეზი. ადამიანები აგროვებენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც შემდგომ თავისი ბიზნესის, დეველოპერული ფირმის ან სტარტაპის წამოწყებისთვის სჭირდებათ და ტოვებენ FAANG-ს დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.
აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან წამოსვლის სწრაფი ტემპების მიუხედავად, თანამშრომლები არ აფასებენ FAANG-ის კომპანიებს, როგორც ცუდ სამუშაო ადგილებს. შეფასებები სუბიექტურია და კომპანიის მილიონობით თანამშრომლისთვის განსხვავებული სურათი იხატება. FAANG-ის კომპანიებში მილიონობით ადამიანს სურს დასაქმება და იმ ნაბიჯების გავლა, რომელიც მათმა წინამორბედმა წარმატებულმა დეველოპერებმა, ტექნიკური უზრუნველყოფის ინჟინრებმა და სხვა პროფესიონალებმა გაიარეს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.