ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
18 იანვარი 2024, 11:00
2024-01-18
რა არის დროფშიფინგი და როგორ დავიწყოთ ის — 6 ნაბიჯი
დაბალი სასტარტო ხარჯების, ნულოვანი ხარჯებისა და მარტივი ბიზნეს მოდელის გამო დროფშიფინგი (Dropshipping) პოპულარული ბიზნეს მოდელია. ასეთი კომპანიის შექმნა სულ რაღაც 100 დოლარად არის შესაძლებელი. რაც მთავარია, დროფშიფერებს შეუძლიათ, პროდუქციის სრული ასორტიმენტი ყოველგვარი ინვენტარის შეძენისა ან შენახვის გარეშე გაყიდონ.
ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ უნდა დაიწყოთ დროფშიფინგ ბიზნესი ნულიდან — გაგიზიარებთ ძირითად ნაბიჯებს, დამხმარე ინსტრუმენტებს და საჭირო მოსაზრებებს.
რა არის დროფშიფინგი?
Dropshipping ბიზნეს სისტემაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტები პროდუქციის ინვენტარიზაციის გარეშე გაყიდოს. მომხმარებელი რაღაცას უკვეთავს, შემდეგ კი კომპანია პროდუქტის მწარმოებელს ან დისტრიბუტორს აცნობებს, რომ შეკვეთა განთავსდა და ის მომხმარებლამდე უნდა მივიდეს. მწარმოებელი ან დისტრიბუტორი პროდუქტს მომხმარებელს დროფშიფინგ კომპანიის სახელით უგზავნის.
შეკვეთა მარტივია: მომხმარებელი დროფშიფერს უხდის. ეს უკანასკნელი კი — მწარმოებელს ან დისტრიბუტორს. მწარმოებელი ან დისტრიბუტორი პროდუქტს მომხმარებელს უგზავნის. არსებითად, დროფშიფერი მარკეტერია.
აი, როგორ უნდა დაიწყოთ დროფშიფინგ ბიზნესი — 6 ნაბიჯი:
აირჩიეთ ბიზნეს კონცეფცია
ბიზნეს კონცეფცია აღწერს, რას და ვისთვის ყიდით. იმის გამო, რომ დროფშიფინგის უამრავი ვარიანტია, უმჯობესია, შეზღუდული რაოდენობის პროდუქტებით დაიწყოთ, რომლებიც, თქვენი აზრით, კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე მარტივად გაიყიდება.
მაგალითად, შეგიძლიათ ბიზნეს კონცეფცია შეიმუშაოთ, რომელიც ამბობს, რომ აპირებთ, გრაფიკული მაისურები სკეიტბორდისტებს მიყიდოთ. მაისურებს კონკრეტული დიზაინი ექნება, რომელიც სკეიტერებს მიიზიდავს და იქნება იმ ხარისხისა და სტილის, როგორსაც ისინი ატარებენ.
კონცეფცია თქვენ მიერ გაყიდული პროდუქტებისთვის, თქვენი ვებსაიტის დიზაინისთვისა და თქვენი მარკეტინგისთვის საფუძველია, ამიტომ მის შემუშავებაზე გარკვეული დროის დახარჯვა გადამწყვეტია. უნდა აღინიშნოს, იმის გამო, რომ დროფშიფინგ პროდუქტის ხაზის დანერგვა ხარჯებით შეზღუდულია, შეგიძლიათ ყველაფერი პროცესში შეცვალოთ, თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა დაუშვით.
პროდუქტების წყარო
ბიზნეს კონცეფცია არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენს მიერ არჩეული დემოგრაფიისთვის პროდუქტების მიწოდებას შეძლებთ. მოძებნეთ მრავალი დისტრიბუტორი, რომლებიც ერთსა და იმავე პროდუქტს ყიდიან, რომ პროდუქტის საუკეთესო საბითუმო ფასი იპოვოთ.
ყველაზე პოპულარული ბაზრებია:
AliExpress
SaleHoo
Worldwide Brands
Doba
Megagoods
Wholesale Central
თქვენ შეგიძლიათ, მოთხოვნით დაბეჭდილი ტანსაცმელი, სახლის საქონელი ან წიგნები მოძებნოთ. აირჩიეთ პროდუქტი, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ — აქვს მოგების კარგი ზღვარი და ვებსაიტზე ატვირთულ სურათებზე ლამაზად არის ნაჩვენები. ანუ, თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ნივთები, რომლებიც უფრო ადვილად გაიყიდება, რადგან მათთვის ბაზარი უკვე არსებობს.
აირჩიეთ მიმწოდებლები
პროდუქტზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიმწოდებელი უნდა შეარჩიოთ — რეალური კომპანია, რომელიც პროდუქტს თქვენს მომხმარებელს მიაწვდის. ამ პროცესისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:
ხარისხი: აირჩიეთ მიმწოდებელი, რომელიც იმ ხარისხს გთავაზობთ, რომელიც გსურთ, რომ თქვენს კომპანიას ჰქონდეს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო მეტია გადასახდელიც. როგორ გსურთ საკუთარი თავის პოზიციონირება?
მომგებიანობა: თქვენ გონივრული მოგების მიღება უნდა შეძლოთ. გაითვალისწინეთ ტრანსპორტირებისა და ტრანზაქციის ხარჯები. დროფშიფერების უმეტესობა ცდილობს 15%-დან 20%-მდე მოგების მარჟა მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ თქვენ შეგიძლიათ უფრო მაღალი მოგების მარჟა შექმნათ, ეს შესანიშნავია.
საიმედოობა: უნდა შეარჩიოთ მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტებს დროულად და გონივრული გადაზიდვის ხარჯებით აგზავნის. ბევრი მიმწოდებელი საზღვარგარეთ არის და თქვენ უნდა განსაზღვროთ, გსურთ თუ არა თქვენი მომხმარებლები პროდუქტის მიღებას დაელოდონ. თქვენ ასევე უნდა გყავდეთ მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს მარაგში ინახავს.
დაბრუნების პოლიტიკა: თუ ეს შესაძლებელია, იპოვეთ მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნების საშუალებას მისცემს. ამ სერვისს ბევრი გადამზიდი კომპანია არ უზრუნველყოფს, ამიტომ უმოჯბესია, ეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეამოწმოთ.
შექმენით ონლაინ მაღაზია
თქვენი პროდუქციის გასაყიდად ელექტრონული კომერციის მაღაზია უნდა შექმნათ — საიტი, რომელიც გასაყიდი პროდუქციის მიმზიდველად ჩვენებაში გეხმარებათ.
ონლაინ მაღაზიის შექმნა შეიძლება რთული იყოს დამწყებთათვის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ვებსაიტის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
შინაარსის მართვის სისტემა (CMS), როგორიცაა WordPress, Shopify ან Squarespace
დომენის სახელი
ვებ ჰოსტინგი (თუ იყენებთ WordPress-ს)
თქვენ მიერ არჩეულ დროფშიფერებთან ინტეგრაცია
ონლაინ გადახდების მისაღებად ჩაშენებული სერვისი.
საუკეთესო ელექტრონული კომერციის ვებსაიტები პროდუქტის გაყიდვის პროცესს ავტომატურად აკეთებენ. თუ ეს პროცესი ავტომატიზირებული არ არის, მაშინ შეკვეთების შეყვანა ყოველდღე ხელით მოგიწევთ, რაც შეიძლება რთული იყოს და შეცდომები გამოიწვიოს. Shopify ერთ-ერთი წამყვანი არჩევანია მათთვის, ვინც დროფშიფინგ ბიზნესს ქმნის. თუმცა, ის ერთადერთი ხელმისაწვდომი ვარიანტი არაა. საუკეთესო ელექტრონული კომერციის პლატფორმების შესახებ საჭირო ინფორმაცია მოიძიეთ.
გარდა ამისა, შეიძლება თქვენი პროდუქციის გაყიდვა სხვა პლატფორმების საშუალებით განიხილოთ, როგორიცაა Etsy, Amazon ან თუნდაც სოციალური მედია (მაგ., Facebook ან Instagram)
დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესი
თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ კომპანია ბიზნესად და ის თქვენი პირადი აქტივებისგან გამოყოთ. ეს ნიშნავს სახელის არჩევასა (ჩვეულებრივ დომენის სახელის არჩევას) და შპს-ის ან კორპორაციის შექმნას.
თქვენი ონლაინ განაცხადის წარმატებით წარდგენის შემდეგ IRS-სგან საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერს (TIN) მიიღებთ. გამოიყენეთ TIN საბანკო ანგარიშის გასახსნელად, რომელიც თქვენს გადახდის კარიბჭესთან იქნება დაკავშირებული. ეს საბანკო ანგარიში ყველა დეპოზიტს მიიღებს და კომპანიის ხარჯებს გადაიხდის, მათ შორის ვებ ჰოსტინგსა და ტექნიკურ მომსახურებას. ეს ასევე იქნება ანგარიში, რომელიც პროდუქტის შეკვეთისას მიმწოდებელს გადაუხდით.
თქვენ ასევე სახელმწიფო საგადასახადო სამსახურიდან გაყიდვების საგადასახადო ID, ან გადამყიდველის ნებართვა უნდა მიიღოთ. სახელმწიფოების უმეტესობა მოითხოვს, რომ გაყიდვების გადასახადი გაყიდულ საქონელზე გადაიხადოთ.
გააპიარეთ თქვენი ბიზნესი
შეუძლებელია, უბრალოდ ვებსაიტი შექმნათ და ელოდოთ, რომ მას ათასობით ადამიანი იპოვის. თქვენს ბიზნესს მარკეტინგი სჭირდება.
შეუერთდით სოციალური მედიის ჯგუფებს, რომლებიც თქვენს ბიზნესს შეესაბამება. ნუ ეცდებით მხოლოდ გაყიდვას; დაეხმარეთ ადამიანებს კითხვებითა და პასუხებით. გახდით ექსპერტი საზოგადოებაში — ხალხი ამ გზით იპოვის თქვენს ბიზნესს. გქონდეთ კონკრეტული ბიზნეს გვერდები Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე.
შეიძლება მოგიწიოთ რეკლამაში ფულის გადახდაც. შეგიძლიათ, Facebook-ის რეკლამები მცირე ბიუჯეტით გაუშვათ, რომლებიც ადამიანთა კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე იქნება ტარგეტირებული. თქვენ ასევე შეგიძლიათ ბლოგი დაწეროთ, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება, გიპოვონ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) საშუალებით.
დროფშიფინგის დაწყება. სწორი მიდგომითა და რჩევების გათვალისწინებით მოგებას მალე ნახავთ. თქვენ შეგიძლიათ, ბიზნესი სულ რაღაც 100 დოლარად დაიწყოთ და მის გაზრდაზე იზრუნოთ.
BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
ტოპ-ინსტრუმენტები ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის: რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა გამოიყენოთ
უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომლებსაც ბიზნეს ანალიტიკოსები იყენებენ. შეუძლებელია ყველა მათგანის ცოდნა, მაგრამ შესაძლებელია ძირითადი სცენარების გაგება და ყოველი სიტუაციისთვის შესაფერისი ტექნიკური გადაწყვეტილებების ქონა. Udemy-ს ბლოგის დახმარებით ვარკვევთ, რომელ ინსტრუმენტებზე უნდა დახარჯონ ბიზნეს ანალიტიკოსებმა საკუთარი დრო და ძალისხმევა.