ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
17 იანვარი 2023, 15:50
2023-01-17
ყველა მონაცემი, რომელსაც Apple თქვენ შესახებ აგროვებს და მათი შეზღუდვის გზები
Apple-მა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში თავი დაიმკივდრა, როგორც კომპანიამ, რომელიც კონფიდენციალურობას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. ამ მხრივ გასული ათწლეული მათთვის უნაკლო იყო. მონაცემების შეგროვების მიუღებელი პრაქტიკის გამო Facebook-საც კი დაუპირისპირდნენ. თუმცა, ეტაპობრივად Apple-ის ბიზნეს მოდელიც იცვლება.
წლების განმავლობაში Apple ფულს ძვირადღირებული ტექნიკის: iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის გაყიდვით შოულობდა. თუმცა, ბოლო დროს, მოგებას სერვისების, Apple Music-ის, iCloud-ისა და Apple TV-ის, დახვეწითა და განვითარებით ზრდის. კომპანიის სარეკლამო ბიზნესიც სწრაფად იზრდება.
ლოგიკურია, რომ Apple-ს მომხმარებლებს იმაზე მეტი რეკლამის ნახვა უწევთ, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. კომპანია თავისი მომხმარებლების შესახებ გარკვეულ მონაცემებს ყოველთვის აგროვებდა, ამას ყველა ბიზნესი აკეთებს, მაგრამ მზარდი სწრაფვა რეკლამებისა და სერვისებისკენ კარს უხსნის მეტი მონაცემის შეგროვებას.
დანიის ანალიტიკური ცენტრის, Data Ethics EU-ს თანადამფუძნებელი, პერნილ ტრანბერგი თვლის, რომ წლების განმავლობაში Apple ბევრი პოზიტიური ცვლილების შემოქმედი იყო.
«Apple პირველი იყო, ვინც დაბლოკა მესამე მხარის თვალთვალის ქუქი-ფაილები და ზოგადად, ადამიანების კონფიდენციალურობა პირველ ადგილზე დააყენა. ის ყოველთვის თამაშის პოზიტიური შემცვლელი იყო». — ამბობს ტრანბერგი.
თუმცა, რამდენადაც სარეკლამო ბიზნესი იზრდება, იმდენად დიდია შანსი, რომ მომხმარებლების მონაცემების შეგროვების პრაქტიკა გაიზარდოს. აი, რა უნდა იცოდეთ Apple-ის მონაცემთა შეგროვების შესახებ.
რა იცის Apple-მა თქვენს შესახებ
Apple-ის მიერ თქვენ შესახებ შეგროვებულ მონაცემებზე ინფორმაცია მის კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია ასახული და დაახლოებით 4000 სიტყვას შეადგენს. ეს ფაილი გვიყვება, კონკრეტულად რა მონეცემებსა და ინფორმაციას აგროვებს Apple, რაც შეიძლება თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და მესამე მხარის მონაცემებს მოიცავდეს.
Apple-ის კონფიდენციალურობის სახელმძღვანელო ინდივიდუალური პროდუქტებისთვისა და აპლიკაციებისთვისაც აქვს, რომლებიც კიდევ უფრო კონკრეტულად ასახავს, როგორ აგროვებენ და იყენებენ მონაცემებს. ასეთი დაახლოებით 80 მონახაზი არსებობს, დაწყებული Apple-ის სარეკლამო და კვლევითი პროგრამებიდან, დამთავრებული Apple Books-ით.
ყველა მათგანი ერთნაირად იწყება:
«კომპანიას კონფიდენციალურობის ფუნდამენტური უფლებების მტკიცედ სჯერა და ცდილობს მის მიერ შეგროვებული მონაცემების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს».
Apple-ის პროდუქტების გამოყენებისთანავე, ის თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. ეს შეიძლება შიცავდეს მონაცემებს, რომლებიც პლატფორმის სერვისებზე დასარეგისტრირებლად ან პროდუქტების შესაძენადაა საჭირო. თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი, თქვენ მიერ შექმნილი Apple ID და თქვენი გადახდის დეტალები. ამ სახის ინფორმაციას თითქმის ყველა ბიზნესი აგროვებს.
Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე ამბობს, რომ მას შეუძლია ინფორმაცია იმის შესახებ ჰქონდეს, თუ როგორ იყენებთ თქვენს მოწყობილობებს. ეს შეიძლება თქვენ მიერ გამოყენებულ აპლიკაციებს მოიცავდეს, როგორიცაა, მაგალითად, App Store.
სხვა მონაცემები, რომლებზეც შეიძლება Apple-ს ხელი მიუწვდებოდეს, ხშირად თქვენი ნებართვით, ინფორმაციას მდებარეობის, ჯანმრთელობისა და ფიტნესის შესახებ შეიცავს. კომპანია ამბობს, რომ აუცილებელი არ არის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა გარკვეულ პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა გარკვეულწილად შეგეზღუდებათ.
კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ აქვს მექანიზმი, რომელიც მომხმარებლების შესახებ ზედმეტი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვებას ხელს უშლის.
მონაცემები, რომლებსაც Apple თქვენ შესახებ აგროვებს — თქვენი ნებართვით
Apple-მა რეკლამების გაყიდვა App Store-ში ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ეს რეკლამები ჩნდება, როდესაც აპლიკაციას ან სხვა რამეს «დღევანდელ» ჩანართში ეძებთ. Apple ამბობს, რომ App Store-ს ყოველ კვირას 600 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც მის მთავარ სარეკლამო შემოსავალს ნიშნავს.
ამ რეკლამებს შესაძლოა ორი ფორმა ჰქონდეს: კონტექსტური რეკლამა (თუ თქვენ ეძებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ აპლიკაციას, შეიძლება ამ ტიპის რეკლამა გამოჩნდეს) და პერსონალიზირებული რეკლამა, რომელიც თქვენს ინტერესებზეა მორგებული. კომპანია ამბობს, რომ თავის მონაცემებს სხვა კომპანიის მონაცემებთან არ აერთიანებს. ამის ნაცვლად, ის შეგროვებულ ინფორმაციასა და მონაცემებს თქვენთვის რეკლამის საჩვენებლად იყენებს.
«ეს არის ყველა ის მონაცემი, რომელსაც კომპანიას სერვისზე დარეგისტრირებისას ან გამოყენებისას თქვენ თავად აწვდით». — ამბობს ტრანბერგი.
Apple ამბობს, რომ კონტექსტური რეკლამები თქვენი მდებარეობით (თუ გაუზიარებთ), App Store-ში განხორციელებული ძიებებითა და მოწყობილობის ინფორმაციით (მაგალითად, კლავიატურის ენა) დგინდება.
რაც შეეხება პერსონალიზირებულ რეკლამებს, ეს შეიძლება თქვენს სახელს, მისამართს, ასაკს, სქესსა და თქვენს Apple ID-ში რეგისტრირებულ მოწყობილობებს ეფუძნებოდეს. ის ასევე თქვენს მიერ ჩამოტვირთულ მუსიკას, ფილმებს, წიგნებს, სატელევიზიო შოუებსა და აპლიკაციებს იყენებს, რათა რეკლამა ზუსტად იყოს მორგებული.
ასაკით, ადგილმდებარეობითა და სქესით Apple-ს შეუძლია თქვენი ინტერესებიც კი ჩამოთვალოს
ამ მონაცემებს დიდი პოტენციალი აქვს.
«ყველაფერი მონიტორინგს გადის და Apple-ს რეალურ დროში ეგზავნება». — ამბობს აპლიკაციების შემქმნელი და უსაფრთხოების მკვლევარი, ტომი მაისკი.
«App Store ერთადერთი და განსაკუთრებულია, რადგან სხვა ვარიანტი არ გაქვთ. თუ არ მოგწონთ Apple Music-ის კონფიდენციალურობა, კარგი. შეგიძლიათ Spotify გამოიყენოთ. App Store-ის ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს». — ამბობს მაისკი.
Apple-ის თქმით, 2022 წლის პირველ ნახევარში App Store-ში ძიებების 78% ისეთი მოწყობილობებიდან განხორციელდა, სადაც პერსონალიზირებული რეკლამის ჩვენების ნებართვა გამორთული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების უმეტესობამ იცის, როგორ დაიცვას თავი არასასურველი სერვისებისგან.
როგორ შევზღუდოთ მონაცემები, რომლებსაც Apple აგროვებს
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლებელია, App Store, News, TV და Stocks აპლიკაციებში პერსონალიზირებულ რეკლამების ნახვაზე უარი თქვათ. თუ მისი გამორთვა გსურთ, ამ ინსტრუქციას უნდა მიჰყვეთ: პარამეტრები > კონფიდენციალურობა და უსაფრთოება > Apple Advertising და პერსონალიზირებული რეკლამების გამორთვა.
ყველგან, სადაც Apple თქვენს მონაცემებს რეკლამის საჩვენებლად იყენებს, შეგიძლიათ ამის გამორთვა. მაგალითად, პარამეტრებში Apple News და Stocks აპლიკაციებს იპოვით და კვლავ რეკლამის გამორთვას დააჭერთ.
Apple-ის თქმით, ასევე შეგიძლიათ Apple-ის iPhone-ისა და iCloud-ის ანალიტიკური მონაცემების შეგროვება შეაჩეროთ, რომლებიც, პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
სამოქალაქო უფლებებისა და კონფიდენციალურობის ჯგუფის, Surveillance Technology Oversight Project-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ფოქს კანი ამბობს, რომ Apple-მა მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ს ახლახან გამოცხადებულ დაშიფრულ iCloud-ის სარეზერვო ასლებს ხაზი გაუსვას.
«ბევრ მომხმარებელს არ ესმის, რამდენად დაუცველია iCloud მონაცემები (მათ შორის, მოწყობილობის სარეზერვო ასლები და შეტყობინებები)». — ამბობს კანი.
ასევე, ცალსახად ღირს, რომ დრო სხვა აპლიკაციებისა და მოწყობილობების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას დაუთმოთ. შესაძლებელია,თქვენი მდებარეობის პარამეტრები შეცვალოთ, გადახედოთ რომელ აპებს შეუძლიათ თქვენი მდებარეობის დანახვა და როდის.