ProdAct — Community, რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშირებს
ციფრული ტრანსფორმაცია, ეტაპობრივად, ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან და განუყრელ ნაწილად იქცა — მსოფლიოში ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობის ციფრული პროდუქტები იქმნება. საქართველო ცდილობს, ტენდენციას ფეხი აუწყოს, ამისთვის კი საინტერესო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა აუცილებელია.
ციფრული ტრანსფორმაცია, ეტაპობრივად, ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან და განუყრელ ნაწილად იქცა — მსოფლიოში ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობის ციფრული პროდუქტები იქმნება. საქართველო ცდილობს, ტენდენციას ფეხი აუწყოს, ამისთვის კი საინტერესო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა აუცილებელია.
სწორედ ამ მიზნითა და იდეით შეიქმნა ProdAct — პირველი ქართული Community, რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშრებს. ProdAct-ის არსზე, იდეასა და მიზნებზე dev.ge-სთან Community-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლომიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ProdAct-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი მისია აკისრია — უპირველეს ყოვლისა, Community-ის მიზანი ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის ცოდნის მიღებაში დახმარება და მათთვის კომფორტული Networking სივრცეების შექმნაა.
გიორგი ლომიძე
«ის ღონისძიებები, რომლებიც ჩავატარეთ ან მომავლაში ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ, იმით გამოირჩევა, რომ თითოეულ შეხვედრას კონკრეტულად განსაზღვრული თემა აქვს და სპიკერიც შესაბამისად არის შერჩეული. გვსურს, რომ ადამიანმა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს ესწრება, ბევრი ახალი საინტერესო რამე გაიგოს. კიდევ ერთი მისია ჩვენი აქტიურობითა და ძალისხმევით ორგანიზაციებში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და დაჩქარებაა».
გიორგი ლომიძის თქმით, საქართველოში ისეთი პლატფორმები, სერვისები და საზოგადოებები არ არსებობდა, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ProdAct Community-ის მსგავს მომსახურებას შესთავაზებდა, რამაც მათ მსგავსი სერვისის დაფუძნებისკენ უბიძგა.
გიორგი ლომიძე
«ყველა, ვინც ProdAct Community-ის განვითარებაში მონაწილეობს სხვადასხვა კომპანიაში ციფრული პროდუქტების შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომ გაგვიჩნდა იდეა მსგავსი Community შეგვექმნა. ჩვენი მიზანი იყო, შეხვედრებს პერმანენტული სახე ჰქონოდა, თემები ძალიან კონკრეტული ყოფილიყო და ამ ყველაფერს პანელური დისკუსიის სახე მიეღო».
ProdAct Community-ში გაწევრიანებაზე სურვილის გამოთქმა ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
გიორგი ლომიძე
«ProdAct Community-ის წევრობა ვისაც სურს, ჩვენს საიტზე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს. შემდეგ ჩვენ მათ Slack-ის არხზე ვამატებთ. ამ ეტაპზე სლექის საერთო სივრცეში ყველას ვამატებთ. თუმცა, სამომავლოდ შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების მიხედვით, ცალკე საორგანიზაციო ჯგუფის განსაზღვრა იგეგმება — ეს ადამიანები უშუალოდ Community-ის საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას».
Community-ის წევრები სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები არიან, შესაბამისად სეგმენტი მრავალფეროვანია — Product Owner-ები, მარკეტერები, დეველოპერები — ეს იმ მიმართულებების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც ProdAct აერთიანებს.
«ამასთან ერთად, ბევრი სტუდენტი გვყავს, ვისაც ციფრული პროდუქტებისა და ტრანსფორმაციების სფეროს შესწავლა სურს. საერთო ჯამში, ჩვენი Community ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიის მქონე ადამიანს აერთიანებს». — განაცხადა გიორგი ლომიძემ.
გიორგი ლომიძის თქმით, ProdAct საქართველოში უნიკალურია, შესაბამისად, ამ ეტაპზე, კონკურენტი არ ჰყავს. მიუხედავად ამისა, აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი კომერციული ინტერესებისთვის არ გაკეთებულა და Community-ის კონკრეტული მიზნები აქვს, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს.
ProdAct-მა უკვე ოთხი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარა. მომდევნო შეხვედრა 26 ივლისს ტექნოპარკში შედგება, სადაც Visa-სთან და საქართველოს ბანკთან ერთად ფინტექ პროდუქტებისა და გადახდების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. შეხვედრაზე დასწრება უფასოა. თუმცა, ადგილები შეზღუდულია.
გიორგი ლომიძე
«ასეთი შეხვედრების გარდა პოდკასტების სერიის დაწყებასაც ვაპირებთ. ამასთან ერთად, ოქტომბერში ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან ერთად კურსს ვიწყებთ, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნის კურსი იქნება. და რაც მთავარია, ასევე ოქტომბერში კონფერენციის გამართვას ვგეგმავთ, რომელში მონაწილეობასაც ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები მიიღებენ».
გიორგი ლომიძის დაკვირვებით, ProdAct Community-ის მიმართ დაინტერესება მაღალია და დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. როგორც თავად ამბობს, ყველა ღონისძიებაზე, რომელიც აქამდე ჩატარებულა, დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ბილეთების რაოდენობას გაცილებით აღემატებოდა.
გიორგი ლომიძე საქართველოში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს საინტერესოდ აფასებს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც საბოლოო ჯამში, პროცესის შენელებას იწვევს პროფესიონალი კადრების დეფიციტია.
«კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების უმეტესობა მუშაობას უცხოეთში ამჯობინებს, რაც ქართულ კომპანიებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს აფერხებს. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ კომპანიების მიდგომებიც მოძველებულია». — თქვა გიორგი ლომიძემ.
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება. დაისმება კითხვა — How? როგორ? რა თქმა უნდა, კონფერენციის მონაწილეები პასუხების გაცემასაც შეეცდებიან.
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე.
10 ყველაზე რთული კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ კარგად
სტარტაპ ქოუჩმა, ააკაშ გუპტამ ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გვირჩევს, როგორ ვუპასუხოთ სამსახურის გასაუბრებაზე დასმულ რთულ კითხვებს, მარტივად და სხარტად: