ნახევრადგამტარების და მიკროპროცესორების კონტრაბანდაში ბრალდებული რუსი შინაპატიმრობიდან გაიქცა
ბიზნესმენისა და კრასნოიარსკის ოლქის გუბერნატორის შვილი, სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდაში ბრალდებული არტემ უსი იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა.
ბიზნესმენისა და კრასნოიარსკის ოლქის გუბერნატორის შვილი, სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდაში ბრალდებული არტემ უსი იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა.
როგორც ცნობილია, უსმა ელექტრონული სამაჯური გატეხა და ბინიდან გაუჩინარდა. 21 მარტს მილანის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე აშშ-ში უნდა გადაეყვანათ, სადაც მას ბრალად სანქციების რეჟიმისთვის გვერდის ავლა, ფულის გათეთრება და საბანკო თაღლითობა ედება.
გასულ წელს, აშშ-ის პროკურორებმა უსსა და რუსეთის ოთხ მოქალაქეს ბრალი ამერიკელი მწარმოებლებისგან შეძენილი სამხედრო ტექნოლოგიების გადაზიდვაში წარუდგინეს, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინაში ბრძოლის ველზე განადგურდა.
საუბარია თანამედროვე ნახევარგამტარებსა და მიკროპროცესორებზე, რომლებიც რუსულ გამანადგურებლებში, ასევე სარაკეტო სისტემებში, საბრძოლო მასალებში, რადარებსა და თანამგზავრებში გამოიყენება. გამომძიებელთა ცნობით, დამნაშავეებმა სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად გერმანულ კომპანიასთან ითანამშრომლეს.
მილანის სააპელაციო სასამართლო უსის ექსტრადიციას ნავთობის კონტრაბანდისთვის და არა სამხედრო ტექნიკის კონტრაბანდისთვის დასთანხმდა. მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა დასახელდა. უსის ადვოკატს, იტალიის უმაღლეს სასამართლოში საჩივრის შეტანაც შეეძლო, რათა მისი კლიენტი ატლანტის ოკეანის მიღმა გაგზავნისგან ეხსნა.
უსი დანაშაულს უარყოფს და რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს. იტალიელი გამომძიებლები შიშობენ, რომ მან ქვეყანა უკვე დატოვა.