მოქალაქეთა ჯგუფმა თბილისში სებ-ის ციფრული ვალუტა გააპროტესტა
შეკრებილებმა რუსთაველზე მსვლელობა გამართეს და შემხვედრებს «გამოფხიზლებისა და ციფრული ვალუტის უარყოფისკენ» მოუწოდეს.
შეკრებილებმა რუსთაველზე მსვლელობა გამართეს და შემხვედრებს «გამოფხიზლებისა და ციფრული ვალუტის უარყოფისკენ» მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით «არა ციფრულ ლარს», «არა 5G-ს».
მათი პროტესტის საბაბი ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ლარია — აქციის მონაწილეების აზრით, «ციფრული ვალუტით ადამიანის პირად სივრცეში შეიჭრებიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაააკონტროლებენ, ამიტომაც ციფრული პროგრამული ლარი დამღუპველია».
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრულ ლარზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველადი ფინანსური ინფრასტრუქტურა, ინსტრუმენტები და სერვისები საქართველოში ხელმისაწვდომია, მათ რამდენიმე ხარვეზი გამოავლინეს და შეიმუშავეს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა [CBDC].
«ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე გადახდის კიდევ ერთი საშუალება. პლატფორმის შექმნა, რომელსაც ჭკვიანი კონტრაქტების და პროგრამირებადი ტოკენური შესაძლებლობები ექნება, ფინანსურ სექტორში ბანკებისა და ფინტექ კომპანიების ნოვატორობას წაახალისებს. ციფრული ლარი უნდა იყოს ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება». — აცხადებს ეროვნული ბანკი.
უწყებისვე განცხადებით, ციფრულ ლარს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები.
საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს.