მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია.
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია.
მარია უკვე 11 წელია, განათლების სფეროში მუშაობს. ახლა ვებ ტექნოლოგიებს ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯებში და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში ასწავლის, ასევე, უძღვება საავტორო კურსებს. ზოგ შემთხვევაში კი საერთაშორისო პროექტებშიც ერთვება და მათზე თავის სტუდენტებთან ერთად მუშაობს.
ბათუმის უნივერსიტეტში მარია კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის. ხოლო პროფესიულ კოლეჯებში, სადაც სწავლა უფასოა, კურსებს ვებ ტექნოლოგიების თავისივე შექმნილი კურიკულუმით უძღვება.
ამ სასწავლებლებში მოხვედრა მე-9 კლასის და უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
კოლეჯში სწავლება საბაზისო დონეს მოიცავს. თუმცა, მარია ცდილობს, თავის სტუდენტებს უფრო მეტი ასწავლოს, რადგან მიიჩნევს რომ ეს აუცილებელია.
ტექნოლოგიებით მარია ბავშვობიდან დაინტერესდა და ეს ინტერესი არასდროს დაუკარგავს. როგორც გვეუბნება, სხვების მენტორობის პარალელურად სწავლას დღემდე აგრძელებს — ახლა მისი ინტერესის სფერო ხელოვნური ინტელექტია.
მარია გვიყვება, რომ ტექნოლოგიების ესტონეთში შესწავლის შემდეგ დასაქმების კუთხით არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან მშობლიურ რეგიონში დაბრუნება და ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარება არჩია.
მისი თქმით, რეგიონებში ახალგაზრდებს არ აქვთ მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ისწავლო. არ ჰყავთ ადამიანი, რომელიც გზის გაკვლევაში დაეხმარება. ამიტომაც, მისი სურვილი და გეგმა ამ ახალგაზრდების დახმარებაა.
შესაძლებლობა, ცხოვრება და მუშაობა დედაქალაქში გააგრძელოს, მარიას არაერთხელ მიეცა. თუმცა, ყოველთვის უარი თქვა, დატოვოს ის, რასაც მრავალი წელია, აშენებს.
მარია წულუკიძე ქალია ტექნოლოგიებში — სფეროში, სადაც ჯერაც კაცები დომინირებენ. ამიტომ, ქალები ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლები. რეგიონში ვითარება კიდევ უფრო რთულდება.
მარია ამბობს, რომ აჭარაში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა ბევრ ქალს უნდა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ოჯახი წინააღმდეგობას უწევს.
ზოგჯერ ქალები ოჯახში მალავენ, რომ ტრენინგს დაესწრნენ.
2023 წელს მარიამ შექმნა ბანაკი «აიგოგო», რომელშიც აჭარაში მყოფი ქალები ჩაერთნენ, ბანაკი სამეტაპიანი იყო და 90 ქალის გადამზადება მოხდა.
კურსი უფასო იყო. მონაწილეები პროგრამირების საფუძვლებს დაეუფლნენ. ბანაკში მონაწილეობდნენ ქალები მაღალმთიანი აჭარიდანაც, რომლებსაც აქამდე შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო საქმიანობა შეესწავლათ.
მარია წულუკიძის თქმით, რეგიონებში ერთ-ერთი დიდი პრობლემა IT კომპანიების ნაკლებობა და სამუშაო ადგილების სიმცირეა, შესაბამისად, სტუდენტის დასაქმება — ძალიან რთული.
მარია ტექნოლოგიების სწავლებას შშმ ადამიანებისთვისაც ცდილობს.
გვიყვება, რომ სრულიად დამოუკიდებლად ჟესტების ენა და ბრაილის შრიფტი ისწავლა, ბრაილით კომპიუტერული პროგრამები ააწყო და ერთ ქალს დასაქმებაშიც დაეხმარა.
ყველაფერთან ერთად მარია წულუკიძემ წიგნიც დაწერა — «აი-ია პროგრამირებაში». ის მალე გამოიცემა.
მისი სამომავლო გეგმები კი აკადემიის შექმნას უკავშირდება.