ილონ მასკი Twitter-ის დირექტორის პოსტს დატოვებს მას შემდეგ, რაც შემცვლელს იპოვის
ილონ მასკი ხალხს დაჰპირდა, რომ Twitter-ის გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას შემცვლელის პოვნის შემდეგ დატოვებს.
ილონ მასკი ხალხს დაჰპირდა, რომ Twitter-ის გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას შემცვლელის პოვნის შემდეგ დატოვებს.
ის პირველად გამოეხმაურა გამოკითხვის შედეგებს — 19 დეკემბერს ილონ მასკმა მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გადადგეს თუ არა Twitter-ის დირექტორის პოსტიდან.
გამოკითხვაში მონაწილეობა 17 502 39-მა ადამიანმა მიიღო. მათი 57,5%-ის აზრით, ილონ მასკი უნდა გადადგეს.
მილიარდელი ბიზნესმენი ამბობს, პოტენციური აღმასრულებელი დირექტორის პოვნა გამოწვევაა, რადგან, მისივე თქმით, 2023 წელს კომპანიამ შეიძლება რამდენიმე მილიარდი იზარალოს და გაკოტრდეს კიდეც.
«ისეთს არავის სურს ეს თანამდებობა, ვინც Twitter-ს სიცოცხლეს ნამდვილად შეუნარჩუნებს». — დაწერა მან.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ Twitter-ის თანადამფუძნებელი, ჯეკ დორსი შეიძლება კომპანიის სამართავად დაბრუნდეს. მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წლის ნოემბერში დატოვა.
შემცვლელებად ასევე მოიაზრებიან: Facebook-ის ყოფილი ოპერაციული ოფიცერი შერილ სენდბერგი, ინჟინერი და მასკის ახლო მეგობარი შრიამ კრიშნანი და აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
წარსულში მასკი Twitter-ის გამოკითხვებს სრულად ემორჩილებოდა. მას ლათინური ფრაზის «vox populi — vox dei» -ის ციტირება უყვარს, რაც «ხალხის ხმა ღვთის ხმაა”-ს ნიშნავს.
თუმცა, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ მომავალში ხმის მიცემის უფლებას მხოლოდ ცისფერი ღილაკის მქონე მომხმარებლებს მისცემს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ე.წ. ბოტებმა დიდი რაოდენობით ხმა მისცეს ილონ მასკის თანამდებობიდან გადადგომას. მილიარდერი ამ ვერსიას «საინტერესოს» უწოდებს.
ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.
გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ. ილონ მასკი ამ პირებს საჯაროდ «არცხვენდა» და ლანძღავდა.
შეცვალა სამუშაო რეჟიმი.
ასევე, ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახადა — ის $8 ღირს. ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა.
ბოლო ცვლილებების თანახმად, ილონ მასკმა დაბლოკა ყველა სხვა სოციალური მედიის ანგარიში, ასევე, აიკრძალა ამ სოციალური მედიების ლინკების გაზიარება.
ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, გააუქმა რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში, რომლებიც მას და მის ქმედებებს აშუქებდნენ. არგუმენტად მან Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი წესები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ეს პოლიტიკა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალა.
დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა The New York Times, CNN და Washington Post. თუმცა, მის ამ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან და მომდევნო დღეს ჟურნალისტების ანგარიშები აღდგა.