ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
14 თებერვალი 2023, 09:00
2023-02-14
Hogwarts Legacy - ახალი თამაში დებატების ფონზე
Hogwarts Legacy ჰარი პოტერის სამყაროს მთავარი ვიდეო თამაშის ადაპტაციაა, რომელიც ჯოან როულინგის ირგვლივ დებატების ფონზე შეიქმნა. ღია სათავგადასავლო სამყარო დიდი ხანია პოტერომანების სურვილების სიის სათავეშია. თუმცა, სხვები ბოიკოტის რეჟიმში არიან ჯოან როულინგის მიერ ტრანსგენდერ ადამიანებზე პოზიციის გამო. მიუხედავად დაპირისპირებისა, ზოგი ვარაუდობს, რომ ეს თამაში 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ გამოშვება იქნება. ნაწილმა ბოიკოტზე უარი თქვა არგუმენტით — თამაშში მონაწილეობა არ ნიშნავს როულინგის განცხადების მხარდაჭერას.
Hogwart Legacy game-მა უკვე დაამყარა რეკორდები იმ სტრიმერების მაყურებლების რაოდენობით, რომლებიც წინასწარი გამოშვების ვერსიას თამაშობენ. ამჟამად 1,3 მილიონმა ადამიანმა უყურა თამაშთან დაკავებულ მასალებს Twitch-ის პლატფორმაზე.
თამაშში მოთამაშეები იღებენ ინფორმაციას ჰარი პოტერის, რონ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერის შესახებ. თუმცა, სკოლა, რომელშიც მოთამაშეები გადაადგილდებიან 1800-იანი წლების ჰოგვარტსია.
თამაშში შეგიძლიათ ცოცხზე მასშტაბების შეცვლა, შელოცვების სწავლა, ციხე-სიმაგრის დათვალიერება, გიგანტურ ობობებთან ბრძოლა და სხვადასხვა სახის ქუდების და შარფების შეგროვება.
კრიტიკოსების რეაქცია და თავად თამაშზე ძირითადად დადებითი იყო, მიმოხილვების აგრეგატორმა Metacritic-მა Playstation 5-ის ვერსიაზე 86% დააგროვა.
Guardian-ის თამაშების რედაქტორი, კეზა მაკდონალდი თამაშს ენთუზიაზმით არ შეხვედრია. მან დაწერა: «Hogwart Legasy თავის ჯადოსნურობას მისი გარემოდან იღებს და არა დიზაინიდან, რომელიც კომპეტენტურია, მაგრამ არა თვალისმომჭრელი».
მისი თქმით, თამაშის ჟანრი ზედმეტად ნაცნობია იმისთვის, რომ გამოირჩეოდეს. მისივე დასკვნით, მისი «ჯადოსნური მომენტები და გარემო იხსნის მას უღიმღამობისგან, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯადოქრების სამყაროს ჯერ კიდევ ჰყავხარ მაგიის ქვეშ».
ტრევის ნოთრუპი, რომელიც IGN-ს მიმოიხილავს, წერდა: «ღია სამყაროს თავგადასავალი ასახავს ჯადოქრების სამყაროს მთელ მღელვარებას და საოცრებას თავისი დასამახსოვრებელი ახალი პერსონაჟებით, რთული და ნიუანსირებული ბრძოლებითა და შესანიშნავად შესრულებული ჰოგვარტსის სტუდენტური ფანტაზიით».
მან თამაშს 9/10 შეფასება დაუწერა, მაგრამ გააკრიტიკა ზოგიერთი ტექნიკური საკითხი, არასრულფასოვანი მთავარი ისტორია და ბოროტმოქმედების მრავალფეროვნების ნაკლებობა.
თამაშის დასასრულებლად დაახლოებით 35 საათია საჭირო. დეტალებზე გამახვილებული ყურადღება საკმაოდ შთამბეჭდავია და როგორც ჰოგვარტსის სიმულაცია, საკმაოდ მომხიბვლელიც, თუმცა თამაშის ელემენტები განმეორებადი ხასიათისაა.
დეველოპერები შეეცადნენ თამაშის გათანამედროვებას. პერსონაჟების მორგება ყველა ეთნიკურ ჯგუფზეა შესაძლებელი. თამაშში შევხვდებით დამატებითი პერსონაჟების ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ასევე გეი და ტრანს პერსონაჟებს.
ამ მცდელობამ არ მოხიბლა ზოგიერთი მოთამაშე, რომლებიც მას ჯადოქრული სამყაროს შემქმნელთან აკავშირებენ. თავად როულინგის განცხადებით, მისი შემოსავალი იმის მაჩვენებელია, რომ მისი მოსაზრებები ჯადოსნურ სამყაროს აუდიტორიას არ უკარგავს.
რამდენიმე წლის წინ მან განაცხადა, რომ ქალების საპირფარეშოებში ტრანსგენდერი ქალები არ უნდა შეუშვან. ამ აზრის ოპონენტების მტკიცებით, მსგავსი განცხადება ამცირებს ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობას. თუმცა, ჯოან როულინგის თქმით, ის მხარს უჭერს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს და სურს, ისინი თავისუფალი დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისგან იყვნენ.
2020 წელს ჯოან როულინგმა განაცხადა:
«ჩემი ცხოვრება ჩამოყალიბდა იმით, რომ ქალი ვარ. მე არ მჯერა, რომ ამის თქმა სიძულვილია. ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლა ბევრს უკარგავს უნარს, აზრობრივად განიხილონ თავიანთი ცხოვრება. სიმართლის თქმა არ არის სიძულვილი».
თამაშის გაშვებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე სერიალ Heartstopper-ის მსახიობმა სებასტიან კროფტმა თანამშრომლობა თამაშთან შეწყვიტა.
ტრანს აქტივისტი ევა ექო თვლის, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიგონ LGBTQ+ საზოგადოების გრძნობების მნიშვნელობა.
«თამაშის ყიდვით თქვენ აგზავნით მკაფიო მესიჯს, რომ ის ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაზე უპირატესია», — თქვა მან — თამაშის ბოიკოტი «მოგვცემს საშუალებას, გავავრცელოთ ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ჩვენ არ დავდგებით ამის გვერდით და ჯოან როულინგს არ მივცემთ უფლებას, ჰქონდეს კიდევ უფრო დიდი პლატფორმა.»
კიდევ ერთი ადამიანი, ვინც თამაშს ბოიკოტს უცხადებს, Twitch სტრიმერი და იუთუბერი Zannah-ია.
ის ყვება, რომ მას მხარდაჭრა თავისმა ტრანსგენდერმა მეგობრებმა სთხოვეს.
«მათ სურთ, რომ მათმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა არ ითამაშონ თამაში, რადგან ეს როულინგის მხარდაჭერას ნიშნავს. რაც უფრო მეტს ვუსმენდი დაზარალებულ ადამიანებს და მათ სათქმელს, მით მეტად არ იყო ჩემთვის თამაში საკმარისად მნიშვნელოვანი». — თქვა Zannah-მა.
თუმცა, Twitch-ის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თამაშის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია.
ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც უკვე თამაშობს წინასწარ ვერსიას, არის კონტენტის შემქმნელი, სტრიმერი და როლური თამაშების ფანი Mirandalorian ოჰაიოდან. ის ჰარი პოტერთან ერთად გაიზარდა და თქვა, რომ სამყარო მისი თავშესაფარი იყო, ამიტომაც, დიდი ხანია აღფრთოვანებულია თამაშით, რადგან «ნოსტალგია ძალიან ძლიერი ემოციაა».
თუმცა, ის აღიარებს, რომ ყოყმანობს თამაშის საჯაროდ განხილვაზე.
«მე არ მსურს ხალხის იზოლაცია ან ვინმეს გრძნობების შელახვა». — თქვა მან.
Mirandalorian ფიქრობს, რომ თამაშის ირგვლივ დებატებმა იმის შესახებ, არის თუ არა ეს როულინგის მხარდაჭერა, «დაჩრდილა ის, რაც საოცარი გამოცდილებაა ძალიან ბევრი ადამიანისთვის».
«ვფიქრობ, წიგნების გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, სამყარო სულ სხვა პარადიგმაშია, სადაც ისინი არა ჯოან როულინგს, არამედ საზოგადოებას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა გარკვეული წვლილი ჰქონდეს თამაშში, ხედვის რეჟისურა, მსახიობები და დეველოპერები — სწორედ ისინი არიან ადამიანები, ვინც თამაში გააცოცხლეს. ეს ცოცხალი და მსუნთქავი სამყაროა. ეს უნდა ვაღიაროთ».
Hogwarts Legacy ხელმისაწვდომია PlayStation 5, Xbox Series X|S და PC-ზე. PlayStation 4, Xbox One და Nintendo Switch-ზე თამაში წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.