ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
7 თებერვალი 2024, 13:53
2024-02-07
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
დაახლოებით 1 წლის წინ ChatGPT-ის გამოჩენამ ადამიანების მუშაობის სტილი სამუდამოდ შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველას ყავს პირადი ასისტენტი GPT-ს ან რომელიმე სხვა მსგავსი ჩათბოტის სახით, რომელიც მარტივ ამოცანებს ჩვენ ნაცვლად ასრულებს.
ავტორი: ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და CTO.
გარდა ამისა, ინფორმაციის მოძებნის სტილიც შეიცვალა. თუ აქამდე ინფორმაციის მთავარი წყარო Google იყო, დღეს ეს ფუნქციაც შეითავსა GPT-მ. აღმოვჩნდით რეალობაში, სადაც ასეთი ჩათბოტების გამოყენება და მათთვის ინსტრუქციის სწორად დაწერა ადამიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი გახდა.
ხოლო რამდენიმე მარტივი ხრიკის გამოყენებით შესაძლებელია ჩათბოტისთვის ბევრად უფრო გასაგები ინსტრუქციის დაწერა და შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღებაც.
კარგი ინსტრუქციის დასაწერად მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ჩათბოტი არ არის საძიებო სისტემა — ის თქვენი ასისტენტია. ამიტომ, პირველ რიგში სწორი კომუნიკაციის სტილი უნდა შევარჩიოთ.
ბუნებრივია, ადამიანთან საუბრისას პირველივე შეკითხვაზე შეიძლება ვერ მიიღოთ სასურველი პასუხი, შეიძლება ადამიანმა ზუსტად ვერ გაიგოს რაზე ესაუბრებით და დაზუსტება დაგჭირდეთ, ან უბრალოდ გადაუხვიოს თემიდან თანამოსაუბრემ. სწორედ ამიტომ, დიალოგისას ხშირად ვსვამთ დამაზუსტებელ კითხვებს, ვახსენებთ საწყის თემას და სხვა. იგივე მეთოდები მუშაობს ჩათბოტებისთვისაც.
აუცილებელი არ არის,GPT-სთან ურთიერთობისას ერთი კითხვით შემოიფარგლოთ — მისი პასუხის შემდეგ შეგიძლიათ, ისევე გააგრძელოთ საუბარი იგივე თემაზე, როგორც ადამიანთან, დაუსვათ დამატებითი შეკითხვები ან თემიდან გადახვევისას დააბრუნოთ საწყის საკითხებზე.
ყოველი ახალი მიმოწერა ჩათბოტთან დაიწყეთ, როგორც ახალ თემაზე კომუნიკაცია ადამიანთან. როგორც წესი, ადამიანთან ნებისმიერ თემაზე საუბარს მოკლე შესავლით ვიწყებთ კონტექსტის ასახსნელად, ეს მიდგომა ჩათბოტებსაც ეხმარება, მეტი ინფორმაცია მიიღონ კონკრეტულ საკითხზე და უფრო კონკრეტული პასუხი გაგვცენ.
მაგალითად, თუ GPT-ს კითხავთ «როგორ დავგეგმო მოგზაურობა», ის მოგწერთ ზოგად რჩევებს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრად კონკრეტულ და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პასუხს მიიღებთ, თუ დამატებით დეტალებსაც გაუზიარებთ ჩათბოტს, მაგალითად:
«როგორ დავგეგმო 1-კვირიანი მოგზაურობა ესპანეთში 2 ლაშქრობის მოყვარული ადამიანისთვის?» ამ შემთხვევაში ის კონკრეტულ ადგილებსაც შემოგთავაზებთ, ტრანსპორტს, დღეების მიხედვით გაწერილ გეგმას და სხვა.
მარტივად შეგიძლიათ ჩათბოტის პასუხი თქვენს მოთხოვნებს მოარგოთ. შეგიძლიათ სთხოვოთ კონკრეტული ტიპის პასუხი და განუსაზღვროთ პასუხში სიტყვების რაოდენობა, სტილი, სტრუქტურა და ნებისმიერი სხვა რამ.
აქვე შეგიძლიათ გაუწეროთ კონკრეტული წესები ან მისცეთ მაგალითები:
«რომელ სტადიონებზე ჩატარდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში? პასუხი დამიბრუნე ცხრილური ფორმატით, სადაც პირველი სვეტია სტადიონის დასახელება, მეორე სტადიონის ტევადობა, მესამე კი ქალაქი, სადაც ეს სტადიონია. მაგალითად — | ალიანს არენა | 70.000 | მიუნხენი |».
ამ ინსტრუქციით ჩათბოტმა ზუსტად იცის რა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და რა ფორმატით.
და ბოლოს, ყველაზე ეფექტიანი საშუალება ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება და ინსტრუქციის წერისას რამდენიმე ტექნიკის გაერთიანებაა. თუ თქვენთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ, სცადეთ ინსტრუქციის შეცვლა, ზოგჯერ მცირე ცვლილებაც კი საგრძნობლად უკეთეს შედეგს იძლევა.