ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიათიბისი
9 დეკემბერი 2023, 18:16
2023-12-09
GITI 2023 — რას უნდა ველოდოთ რეგიონში ყველაზე მასშტაბურ IT კონფერენციაზე
11-12 დეკემბერს თბილისში, პულმანში კიბერუსაფრთხოების და IT ინოვაციების შესახებ რეგიონში ყველაზე დიდი კონფერენცია, GITI ტარდება. ღონისძიება, რომელიც პირველად 2008 წლის სექტემბერში ჩატარდა, წელს, რიგით მე-13 შეხვედრაზე 1100-ზე მეტ დამსწრეს მასპინძლობს. ღონისძიების ოქროს სპონსორი თიბისია.
«ეს არის პლატფორმა საჯარო და კერძო დიალოგისთვის». — გვეუბნება გიგა შუბითიძე, ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი და კონფერენციის ორგანიზატორი.
GITI სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლების გამოსვლებით იქნება დატვირთული. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სტარტაპების დამფუძნებლებიც. სიახლე, რაც წლევანდელ ღონისძიებაზე დაგხვდებათ, პანელური დისკუსია იქნება. ტრადიციულად, გაიმართება დაჯილდოება.
11-12 დეკემბრის ღონისძიებაზე სპიკერები რამდენიმე თემაზე ისაუბრებენ. მათ შორის:
ეროვნული ციფრული ეკოსისტემის განვითარება;
ბიზნეს პროცესის ღირებულება და პროცედურული გამარტივება — საუკეთესო შემთხვევები რეგიონში;
ფინტექ და სტარტაპ პროექტები — განვითარება და ეკოსისტემა;
ინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება — საფრთხეები და ტენდენციები.
თითო თემა, ანუ მოდული რამდენიმე ქვე-თემას და მრავალ სპიკერს აერთიანებს.
რაც შეეხება პანელურ დისკუსიებს: კონფერენციის პირველ დღეს, 11 დეკემბერს დისკუსია ეროვნული ციფრული ეკოსისტემის განვითარებას შეეხება, 12 დეკემბერს — კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს საქართველოსა და რეგიონში.
2023 წლის GITI-ზე გამომსვლელები იქნებიან როგორც სახელმწიფო უწყებების: ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, მუნიციპალური და სერვისების განვითარების სააგენტოების უმაღლესი თანამდებობის პირები, ისე — გაეროს სტრუქტურების წარმომადგენლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სტარტაპებისა და ბიზნესების დამფუძნებლები.
გიგა შუბითიძე გვიყვება, როგორ დგება GITI-ის დღის წესრიგი და იგეგმება კონფერენცია — მასში მონაწილეობა ყველა რელევანტურ მსურველს შეუძლია. ისინი ისევე რეგისტრირდებიან, როგორც დამსწრეები. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს ფილტრიც, რომლის მიხედვითაც მონაწილეების შერჩევა ხდება.
გიგა შუბითიძის თქმით, კონფერენციის სპიკერი ვერ იქნება მონაწილე, რომელიც IT ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხს სცდება. ასევე, არ კეთდება კონკრეტული ვენდორის/მომწოდებლის რეკლამა, არ საუბრობენ კონკრეტულ ტექნიკაზე და ა.შ.
რაც შეეხება GITI-ის ჯილდოს — წელს ის 13 ნომინაციაში გაიცემა. 6 მათგანი სახელმწიფო უწყებებისთვის, 7 — კერძო კომპანიებისთვის. გიგა შუბითიძის თქმით, კონკურსი და კონკურენცია დიდია. გადაწყვეტილებას კონფიდენციალური შემადგენლობით სპეციალური კომისია იღებს.
GITI-ის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე საპატიოა IT სფეროში ჩართული კომპანიებისა და უწყებებისთვის.
GITI 2023 სტუმრებს 11 დეკემბერს, 09:00 საათიდან მიიღებს, გახსნის ცერემონია კი 10:00 საათზე დაიწყება.
თიბისის ტექ შეხვედრების სერიის ფარგლებში .Net მიმართულების შეკრება ჩატარდა
თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა.
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Meetup გაიმართა
3 აპრილს, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup გაიმართა. «ფაბრიკაში» თავი მოიყარეს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებმა და ენთუზიასტებმა. სპიკერებმა მათ გაუზიარეს ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.
«ინტერნეტში ბევრი რამის პოვნა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის — არა. იმ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც პროფესიონალებს აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია». — გვეუბნება Space International-ის DevOps მიმართულების ლიდი, ლევან მურუსიძე.
AWS User Group Tbilisi 2024 Meetup: წარმატებული ქეისები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებში
3 აპრილს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში, Space International-ისა და თიბისის მხარდაჭერით, AWS User Group Tbilisi 2024 Meetup-ი გაიმართება. Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექი, მუდმივად ცდილობს, გააფრათოვოს და გააძლიეროს ტექ კომუნა საქართველოში, ხელი შეუწყოს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გავრცელებას ამ მიმართულებით. 3 აპრილის შეკრება თავს მოუყრის ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს ლიდერებს, ენთუზიასტებს და საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა უახლესი ტენდენციების და მიღწევების შესახებ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში.