ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
28 ივლისი 2023, 09:30
2023-07-28
გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში — როგორ ჩაიარა ProdAct Community-ის III შეხვედრამ
გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში — ეს იყო ProdAct Community-ის მესამე შეხვედრის თემა. ღონისძიებას, რომელიც 26 ივლისს ტექნოპარკში ჩატარდა, ათობით პროფესიონალი დაესწრო. შეხვედრა საქართველოს ბანკისა და VISA-ს წარმომადგენლების პრეზენტაციებით დაიწყო და პანელური დისკუსიით გაგრძელდა.
პირველი გამომსვლელი საქართველოს ბანკის მობილური ბანკის პროდაქთ ოუნერი, ანა მამფორია იყო. მან კომპანიის ახალ პროდუქტზე — არასამუშაო საათებში სხვა ბანკიდან თანხის გამორიცხვის ფუნქციაზე ისაუბრა.
ანას თქმით, კომპანია რამდენიმე არხით დააკვირდა მომხმარებლის ქცევას და მათი საჭიროებები შეისწავლა. შედეგად, გამოიკვეთა, რომ ადამიანებს სწორედ არასამუშაო საათებში თანხის გადარიცხვა სჭირდებოდათ. სწორედ არასამუშაო საათებში იზრდებოდა ჩასარიცხი აპარატებიდან ანგარიშზე თანხის შეტანის და ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანის შემთხვევები, ქოლ ცენტრებში იზრდებოდა ზარების რიცხვი კითხვით — როდის აისახება გადარიცხული ფული, ხოლო გაუქმებული ტრანზაქციების უდიდესი წილი არასამუშაო დროზე მოდიოდა.
ერთი ბანკიდან სხვა ბანკში თანხის გადარიცხვას RTGS სისტემა უზრუნველყოფს, რომელსაც ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ცენტრალური ბანკი ფლობს და აკონტროლებს, ეროვნული ბანკი კი 10-დან 6 საათამდე მუშაობს.
თუმცა, ანა მამფორიას თქმით, საქართველოს ბანკმა შეძლო, ამ პრობლემიდან გამოსავალი მოეძებნა — დაენერგა P2P გადახდა — Peer to Peer (P2P) გადახდები არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხები თავისი საბანკო ანგარიშიდან სხვა პირის ანგარიშზე ინტერნეტით ან მობილური მოწყობილობის საშუალებით. ამ სისტემას იყენებენ მსხვილი ფინანსური კომპანიები, მაგალითად, Paypal.
ანა მამფორიას შემდეგ ProdAct საზოგადოების წინაშე Visa კავკასიის ბიზნესის განვითარების ლიდერი, ნათია გავარდაშვილი გამოვიდა.
მან ისაუბრა გლობალურ ტრენდებზე გადახდის სისტემაში, რომელსაც Visa ფეხს უწყობს და ნერგავს.
მათ შორის არის:
ციფრული საფულეები, რომლებსაც Visa-ს მხარდაჭერა აქვს.
Visa API — ვიზას პროდუქტების ინტეგრაცია ხდება API-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესს შეუძლია, Visa თავის პროდუქტში მარტივად ჩააშენოს და დატესტოს. ასევე, Visa თავის პარტნიორ ფინანსურ კომპანიებს სთავაზობს API-ებს, რათა გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.
Embedded Finance — როცა არა ფინანსური კომპანია თავის პროდუქტში აშენებს ციფრული გადახდის პროდუქტებს.
Visa Direct — ეს არის საგადახდო რელსი, რომელიც უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას 24/7-ზე. ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი, როცა თანხის ასახვა წამიერად ხდება.
ციფრული ვალუტების მხარდაჭერა, როგორც კრიპტოსი, ისე CBDC-ის.
Tap to Phone — გადახდის ტერმინალის სმარტფონში ინტეგრირების შესძლებლობა
e commerce.
პრეზენტაციების შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა. მოდერატორი ProdAct Community-ის წარმომადგენელი ლუკა ლომსაძე იყო. მონაწილეები — Adjarabet-ის გადახდების ლიდი მარიამ სილაგაძე; Citypay-ის მარკეტინგი ხელმძღვანელი ქეთი ქარსელაძე და საქართველოს ბანკის დომეინ ექსპერტი მარიამ ცერცვაძე.
მათ საქართველოში გადახდების გამოცდილებაზე ისაუბრეს.
მარიამ სილაგაძემ თქვა, რომ მთავარი გამოწვევა კომპანიებისთვის ნიშის მოძებნაა, ვინაიდან ბაზარი გაჯერებულია, ბანკებთან კონკურენცია კი — რთული. თუმცა, აჭარაფეიმ ნიშა იპოვა და ის კრიპტოსა და გემბლინგ გადახდებზე ორიენტირდება. ასევე, შეიმუშავა ინკოგნიტო ბარათი, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც საბანკო ბარათს.
Citypay-ის წარმომადგენლის, ქეთი ქარსელაძის თქმით, მათ გაურკვევლობის ეტაპი უკვე გადალახეს და ახლა ნაბიჯებს დგამენ წინ — ჰყავთ 600-ზე მეტი კლიენტი კომპანია, რომელიც გადახდებს კრიპტოში იღებს და ახორციელებს და ამისთვის სწორედ Citypay-ის იყენებს.
მარიამ ცერცვაძის თქმით კი, საქართველოს ბანკი ცდილობს, გადახდების ნაწილში ყოველთვის უწყობდეს ფეხს თანამედროვე ტრენდებს.
ProdAct Community საზოგადოებაა, რომელიც ერთმანეთთან ციფრული პროდუქტების შემქმნელებს აკავშირებს. ProdAct-ი მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავს და ასე გაგრძელებასაც აპირებს.
ამასთან, 2023 წლის ოქტომბერში დიდი კონფერენციის ჩატარებასაც გეგმავს, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.
Startup Grind საქართველოს ბანკთან ერთად BigPay-ის CTO-ს უმასპინძლებს
თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმზე ვაჭრობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო წარმომადგენლებს მასპინძლობს — Startup Grind და საქართველოს ბანკი 27 ოქტომბერს Fintech-ის ვარსკვლავს, Bigpay-ის CTO-ს, საიმონ ვანს-კოლინას უმსაპინძლებს, რომელიც საქართველოს თვალს აქტიურად ადევნებს.