FTX-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ რეიმ შესაძლოა პლატფორმა დააბრუნოს
გაკოტრებული კრიპტო ბირჟის, FTX-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ რეის, პლატფორმის აღორძინება და მისი ბაზარზე დაბრუნება სურს.
გაკოტრებული კრიპტო ბირჟის, FTX-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ რეის, პლატფორმის აღორძინება და მისი ბაზარზე დაბრუნება სურს.
Wall Street Journal-თან ინტერვიუში რეიმ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც პრობლემების აღმოფხვრასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დაკარგული თანხის აღდგენას შეეცდება.
ერთი წლის წინ FTX 32 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ნოემბერში კომპანია გაკოტრდა.
FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბანკმენ-ფრიდი თაღლითობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუმცა, ფაქტია, რომ ბირჟის 8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხა დაკარგულია.
აქტივების ლიკვიდაციისა ან პლატფორმის გაყიდვის ნაცვლად ჯონ რეიმ ბევრად უფრო რთული და საპასუხისმგებლო არჩევანი გააკეთა — FTX-ის ადრინდელი სახის დაბრუნება მარტივი არ იქნება.
რეიმ წარუმატებელი კრიპტო ბირჟის მართვის სტილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ «კორპორატიული კონტროლის ასეთი წარუმატებლობა» არასდროს უნახავს.
«FTX-ის სათავეში მოსვლის შემდეგ ისეთი უზუსტობები და ლაფსუსები აღმოვაჩინე, რომლებიც 40 -წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მინახავს. გაკოტრებული ამერიკული ენერგეტიკული გიგანტის, Enron-ის ზედამხედველიც ვიყავი, თუმცა FTX-მა ყველას «აჯობა». — განაცხადა რეიმ.
FTX-ის დაშლა «კრიპტოზამთრის» (ასე უწოდებენ ექსპერტები კრიპტო ბირჟების კოლაფსს) ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო.
პირველი დიდი შოკი გასულ მაისში ორი ტოკენის — Terra Luna-სა და TerraUSD-ის დაშლა იყო, რომლებსაც Terraform Labs ფლობდა. სექტემბერში მისი აღმასრულებელი დირექტორი, დო კვონი დააკავეს.
ნოემბერში FTX-ის დაშლით «კრიპტოზამთარი» ახალ ეტაპზე გადავიდა. FTX ერთ-ერთ ყველაზე სანდო პლატფორმად განიხილებოდა და მილიონობით მომხმარებელი ჰყავდა.
FTX-ის დამფუძნებელმა, ბენკმენ-ფრიდმა დაპატიმრებამდე თავის ბოლო ინტერვიუში BBC-ს განუცხადა: «არ ვფიქრობ, რომ რამე ცუდი ჩავიდინე.»
ბანკმენ-ფრიდი დეკემბერში, ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. ადგილი, სადაც FTX იყო დაფუძნებული. იგი 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ახლა შინაპატიმრობაში, კალიფორნიაში, მშობლების სახლში იმყოფება.