დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი, დავით კიზირია ამბობს, რომ რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, მათ შორის, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის.
ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი, დავით კიზირია ამბობს, რომ რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, მათ შორის, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის.
დავით კიზირია dev.ge-სთან ამბობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების დროს მთავარი განმსაზღვრელი კონკრეტული კანონის სარგებლიანობა და ეფექტიანობა უნდა იყოს, რაც რუსულ კანონს არ აქვს — პირიქით, ქვეყნისთვის სახიფათო და დამაზიანებელია.
დავით კიზირია გვიხსნის, რუსული კანონის მიღება ქვეყნის რეპუტაციულ იმიჯს დააზიანებს, რაც ქართული პროდუქტის ექსპორტს, ქართულ კომპანიებსა და სტარტაპ ეკოსისტემას დააზიანებს და უკან დახევს.
დავით კიზირია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღებისას რუსეთშიც ამბობდნენ, რომ ის არანაირ პრობლემას არ შექმნიდა, თუმცა რეალური სურათი განსხვავებული აღმოჩნდა.
«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება.
რუსული კანონი ყველას შეეხება.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.