ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეინტერვიუ
11 მაისი 2023, 11:17
2023-05-11
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
— როდის და როგორ დაინტერესდით ტექნოლოგიებით, ვინ იყო მოტივატორი?
— ტექნოლოგიებთან შეხება სკოლის პერიოდიდან მომიწია. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ინფორმატიკის წრე გვქონდა. მაშინ კომპიუტერი იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა, ჩვენს სკოლას ჰქონდა. დავინტერესდი, ამ წრეზე სიარული დავიწყე და მალევე ჩამითრია — ოლიმპიადებზე გამოვდიოდი, მცირე პროექტებს ვაკეთებდი. ჩემი ინტერესი IT-ის მიმართ სწორედ აქედან დაიწყო. ჩემი თაობის ადამიანების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ამჟამად ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, სწორედ კომაროვში სწავლობდა.
— როდის და როგორ დაფუძნდა Azry?
— Azry 2004 წლის თებერვალში დავაფუძნეთ. მანამდე, 2001 წლიდან ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის მთავარი მიზანიც საკაბელო ტელევიზიებში კონკრეტული სისტემების დანერგვა იყო. სტარტაპმა 2003 წლისთვის ამოცანა წარმატებით შეასრულა და გაიყიდა. მაშინ სტარტაპის მნიშვნელობა ზუსტად არ გვესმოდა — ის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ამერიკულმა საკაბელო კომპანიამ შეიძინა. ამ დროისთვის უკვე საკმაოდ სოლიდური გამოცდილება გვქონდა დაგროვებული — ვიცოდით თანამედროვე დასავლური IT-ის მუშაობის მექანიზმი. ორი არჩევანი გვქონდა — ან საკუთარი კარიერისთვის მიგვეხედა ან დაგროვებული გამოცდილება წარმატებული კომპანიის შექმნისთვის გამოგვეყენებინა. მაშინ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში იშვიათი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართული კომპანია დაგვეარსებინა. სწორედ ასე შეიქმნა Azry.
— რა სერვისები გაქვთ და ვინ არიან თქვენი კლიენტები?
— ჩვენ ძირითადად სამი მიმართულება გვაქვს. ისტორიულად ფინანსურ ინსტიტუტებს ვემსახურებოდით. შესაბამისად, ჩვენი პირველი პრიორიტეტი ბანკები აღმოჩნდნენ.
ჩვენი მეორე მიმართულება, რომელშიც ასევე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტომატიზაციაა. ჩვენი ცოდნა ელექტრონიკის სფეროში სიამოვნებით გამოვიყენეთ და 2007 წელს თბილისის მეტროპოლიტენში უკონტაქტო ბარათები ავამოქმედეთ. ეს ჩვენი პირველი გამოცდილება იყო, როგორც სატრანსპორტო სფეროში, ისე აპარატურის წარმოების თვალსაზრისით.
პროექტის წარმატებამ «ქართული მიკროელექტრონიკის» დაფუძნებისკენ გვიბიძგა და მას შემდეგ აპარატურას ვაწარმოებთ არა მხოლოდ სატრანსპორტო სისტემებისთვის, არამედ სპეციფიკური სტრუქტურებისთვისაც. ის ელექტრონიკა, რომელსაც დღეს ავტობუსებში ხვდებით, მთლიანად ჩვენი დაპროექტებულია.
— რა არის თქვენი ყველაზე დიდი და საამაყო პროექტი?
— ჩვენს კომპანიაში რამდენიმე გუნდი მუშაობს, რომლებსაც საკუთარი საყვარელი პროექტი აქვთ. ყველაზე მსხვილი პროექტი, ცხადია, სატრანსპორტო სფეროში გვაქვს — ყველაზე მეტი ტრანზაქცია ამ პროექტებში გვაქვს. თბილისი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი — ამ ქალაქებში საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამასთან ერთად, კიოსკების მართვის სისტემა გვაქვს, რომლებსაც ქუჩებში შეხვდებით. ასევე, TBC Pay და საქართველოს ბანკის ჩასარიცხი აპარატები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს, ჩვენი დაპროექტებულია. საერთო ჯამში, ბევრი პროექტი გვაქვს, რომლითაც თავს ვიწონებთ. რაც მთავარია, ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ სერვისები ქვეყნის გარეთაც გავიტანოთ.
— მოგვიყევით დაბრკოლებებისა და მათი გადალახვის შესახებ. თუ ყოფილხათ ზღვარზე, გეფიქრათ, რომ უნდა შეგეწყვიტათ მუშაობა?
რა თქმა უნდა, სირთულეები ყოველთვის არსებობს. ეს ნებისმიერი კომპანიის განვითარების თანმდევი პროცესია. საწყის ეტაპზე აბსოლუტურად სხვა მასშტაბის სირთულეებს აწყდები. თავდაპირველად, რეპუტაციის, ნდობის მოპოვება გჭირდება. მარტივი საქმე არც თანამშრომლებისთვის მოტივაციის მიცემაა. რაც უფრო იზრდები, ასეთი პრობლემები ნაკლებად აქტუალური ხდება. თუმცა, მათ ახალი გამოწვევები ანაცვლებს. პროექტების კუთხით სირთულეები, ცხადია, გვქონდა. თუნდაც სატრანსპორტო პროექტებში — 2016-2017 წლებში ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელში მონაწილებოსაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიღებდით. თუმცა, მთავრობასთან და მერიასთან თანამშრომლობით მიზანს მივაღწიეთ. მოვითხოვეთ, რომ კონკურენციაში შესვლის უფლება მოეცათ, რაც საბოლოოდ ტენდერის მოგებით დასრულდა. ასეთი რაღაცები ყველა კომპანიის ცხოვრებაში ხდება. იყო საშიშროება, რომ ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება მოულოდნელად წყალში ჩაყრილიყო, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა.
— რა განასხვავებს Azry-ის კონკურენტი კომპანიებისგან?
— საქართველოს IT ბაზარზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი კომპანია, რომელიც პროდუქტს აწარმოებს და ყიდის. შესაბამისად ერთმანეთში დიდი კონკურენციაც არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი კონკურენტები, მაგალითად, კადრების მოზიდვის კუთხით, Microsoft, Amazon, Google და სხვადასხვა უცხოური კომპანიები არიან — ჩვენი თანამშრომლები სწორედ ამ კომპანიებში მიდიან ხოლმე.
სხვა კომპანიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ვცდილობთ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა შევინარჩუნოთ. ვგულისხმობ იმას, რომ კომპანიაში ხშირად აგვყავს ისეთი კადრები, რომლებიც სწავლის პერიოდში არიან და პრაქტიკა ესაჭიროებათ. მათ პროფესიულ განვითარებაზე ვზრუნავთ. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კუთხით, ვცდილობთ, რომ სტუდენტებისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი დამსაქმებლები ვიყოთ. მათთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ვატარებთ დასაქმების ფორუმებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეულნი ვართ. ამასთან ერთად, უნიკალური პოზიცია გვაქვს — შეგვიძლია ძალიან რთული პროექტების გაკეთება. და ბოლოს, ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტულია. ვქმნით ისეთ გარემოს, რომ ჩვენთან მოსულ კლიენტსა თუ თანამშრომელს პროცესი სიამოვნებდეს.
— როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?
— დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი საქმიანობის არეალი გავაფართოოთ, შევქმნათ ახალი პროდუქტები, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ბაზრისთვის და რაც მთავარია, მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ. ეს არ არის იოლი ამოცანა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ.
— როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი, როგორც კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალურ დონეზე?
— წარმატება ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ესმის. ზოგი ფიქრობს, რომ მათ წარმატების დონეს მატერიალური შემოსავალი განსაზღვრავს. ბევრისთვის ეს აღიარებასთან არის დაკავშირებული. ყველას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. ჩვენთვის წარმატება არის ის, რომ ფინანსურად ძლიერები ვიყოთ, მეტი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთოთ. Azry-სთვის წარმატების ინდიკატორი ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტების ბედნიერების ხარისხია. თუ ჩვენ მათ სახეზე ღიმილს ვხედავთ, გამოდის, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.
— როგორ შეაფასებდით IT ბაზრის დღევანდელ მდგომარეობას — რა პრობლემების წინაშე დგას ქართული IT სექტორი?
— ამ შემთხვევაში, ქართული IT ბაზრის ცალკე გამოყოფა არასწორია. ჩვენ გლობალური IT გარემოს ერთ-ერთი მონაწილე ვართ. როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურენცია უცხოურ კომპანიებთან გვიწევს იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები ჩვენთან მოხვდნენ. გლობალური ბაზრის პრობლემა საქართველოზე პირდაპირპროპორციულად აისახება. იმას ვუყურებთ, რაც მსოფლიოში ხდება — ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა, სფეროების რადიკალურად შეცვლა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ამ პროცესს ფეხი ავუწყოთ და ინვესტორებისთვის სასურველ ქვეყანად დავრჩეთ.
— რა უპირატესობები გვაქვს, როგორც პატარა ქვეყანას?
— ქართულ IT ბაზარზე ხშირად ვხვდები ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, რასაც საკუთარი კომპანიის მაგალითით ვებრძვი. ჩვენ შევძელით და თავი სატრანსპორტო სექტორში დავიმკვიდრეთ. წარმოიდგინეთ, იტალიური კომპანია რომ ვყოფილიყავით და Azry ლონდონში დაგვეფუძნებინა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უდიდესი ისტორია აქვს — ამის შანსი არ მოგვეცემოდა.
საქართველოში ბევრი რამ ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ ნებისმიერ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს — საინტერესო პროდუქტი შექმნას, რომელიც მოსახლეობაზე იქნება მორგებული. ბევრი კომპანია არსებობს, რომელმაც საქმიანობა საქართველოში დაიწყო და ახლა საკუთარი სერვისი და პროდუქტი უცხოეთში წარმატებით გააქვს. ჩვენი ბაზრის სპეციფიკა ჩვენს ძლიერ მხარედ უნდა გამოვიყენოთ.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
როგორ იყენებდნენ ICT ტექნოლოგიებს საწარმოებში 2023 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებოს შესახებ 2023 წელს.