Huawei Technologies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რენ ჟენფეი ამტკიცებს, რომ ის Apple-ის ფანია, მიუხედავად აშშ-ში შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიასა და ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს შორის ძლიერი კონკურენციისა.
რენმა თქვა, რომ ის ნებისმიერი უცხოური ბრენდის მიმართ «ქსენოფობიას» ეწინააღმდეგება და Apple-ს ძვირფას მასწავლებელად მიიჩნევს — განუცხადა 78 წლის ჩინელმა მეწარმემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიკოსებს, რომლებმაც Huawei-ს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო კოლეგიურ პროგრამირების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
«ჩვენ ხშირად ვიკვლევთ, რატომ არის Apple-ის პროდუქტები ასეთი კარგი და ასევე ჩვენსა და Apple-ს შორის უფსკრულსაც ვხედავთ». — თქვა რენმა.
«ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მასწავლებელი გვყავს, რომელიც სწავლისა და შედარების შესაძლებლობას გვაძლევს». — აღნიშნა მან. «ამ თვალსაზრისით, შეგიძლიათ Apple-ის ფანი დამიძახოთ».
რენმა აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი Apple-ის პროდუქტებს იყენებდა, როდესაც ის აშშ-ში სწავლობდა. რენის უმცროსი ქალიშვილი, ანაბელ იაო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი 2016 წლიდან 2020 წლამდე იყო.
რენმა Apple-ის მიმართ აღფრთოვანება 2019 წლის მაისშიც გამოხატა და აღნიშნა, რომ კალიფორნიული კომპანია კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით სამაგალითოა.
იმავე წლის დასაწყისში, რენმა თქვა, რომ Huawei-მ Apple-ისგან ფასების სტრატეგია უნდა ისწავლოს, რათა კონკურენტულ გარემოში გადარჩეს.
რენის ბოლო დროს გაკეთებული კომენტარები ნათლად უსვამს ხაზს, რომ კომპანიის მიზანი კონკრეტულ სფეროებში ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნება და შიდა ნიჭის განვითარებაზე ფოკუსირებაა.
კერძო მფლობელობაში მყოფი Huawei, HiSilicon-თან ერთად, ვაშინგტონის ერთეულების სიას 2019 წლის მაისში დაემატა. კომპანია ცდილობდა სმარტფონებისა და სატელეკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობის წარმოებას 2020 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული გამკაცრებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე მორგებოდა.
«აშშ-ის სანქციებმა ნამდვილად მოახდინა ზეწოლა Huawei-ზე, მაგრამ ზეწოლა ასევე მოტივაციაა». — განუცხადა რენმა სტუდენტებს.
«ამის შემდეგ, ჩვენ იძულებული გავხდით სხვა [ინფრასტრუქტურულ] პლატფორმაზე გადავსულიყავით, რაც რთული იყო». — თქვა რენმა. «ახლა ჩვენ საკუთარი პლატფორმა შევქმენით, რომელმაც შეიძლება სულაც არ იმუშაოს აშშ-ის მსგავს ფუნდამენტზე, თუმცა ისინი აუცილებლად ურთერთდაკავშირებული იქნება».