ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
15 თებერვალი 2023, 09:00
2023-02-15
BBC: შეგვიძლია თუ არა, ინტერნეტს ნაკლები ელექტროენერგია მოვახმაროთ
ბევრი რამ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ, მონაცემთა ცენტრებშია შენახული. ონლაინ შოპინგს, სატელევიზიო გადაცემების სტრიმინგსა და თუნდაც ამ სტატიის კითხვას შენახული და ხელმისაწვდომი მონაცემები სჭირდება. ეს სერვისები მოსახერხებელია, თუმცა სოლიდური ფასიც აქვს.
წარმოგიდგენთ სტატიას, რომელიც ამ თემაზე BBC-ზე გამოქვეყნდა.
მონაცემთა ცენტრებს მუშაობისთვის დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება — დიდი ცენტრი დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საშუალო ზომის ქალაქი.
სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა ირლანდიაში, სადაც შედარებით მცირე ელექტრო ქსელზე უზარმაზარი მონაცემთა ცენტრებია დამოკიდებული. აქედან 20-ზე მეტი დუბლინშია, სადაც Microsoft-მა და Amazon-მა ძალიან დიდი ცენტრები ააშენეს.
მთლიანობაში, ქვეყანაში 75 მონაცემთა ცენტრია, 11 კი ახლა შენდება. ექსპერტთა აზრით, 2029 წლისთვის მათ შეუძლიათ, ეროვნული ელექტროენერგიის 27% დაიკავონ. ელექტროენერგიაზე საგანგაშო მოთხოვნამ ირლანდიის მთავრობა აამოქმედა.
ამიერიდან მთავრობა მონაცემთა ცენტრების აშენებას ერთი პირობით დაუშვებს: «ახალ აშენებულ მონაცემთა ცენტრებს ენერგიის მოხმარების შემცირება უნდა შეეძლოთ.» ტექნოლოგია ელექტრო ქსელის ნაკლებად დატვირთვის იმედით შეიქმნა.
ახალი ობიექტი, რომელიც გრანჯის ბიზნეს პარკში, დუბლინის გარეუბანში გაიხსნა, ელექტროენერგიის ქსელს უკავშირდება, რომელსაც კომპანია Eaton ენერგეტიკულ გიგანტ Enel-თან ერთად მართავს.
მონაცემთა ყველა ცენტრი დახვეწილ ლოდინის სისტემაზე მუშაობს, რომელიც ფუნქციონირებას ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგაც აგრძელებს. ამის სათავე უწყვეტი დენის წყაროა (UPS). კონკრეტულად კი ეფექტური ბატარეები, რომლებიც დიზელის გენერატორების ჩართვას ან ელექტროენერგიის აღდგენას უზრუნველყოფენ.
გრანჯის ბიზნეს პარკში, Eaton-ის UPS ელექტროენერგიას ქსელში მთლიანად ათავისუფლებს, თუ ელექტრული სიხშირე, რომელიც ჰერცებში იზომება, აჩვენებს, რომ ის სტრესის ქვეშ იმყოფება.
ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა არასტაბილურ წყაროებში, მაგალითად, ირლანდიის ქარის ელექტროსადგურებში, ელექტროენერგია საგრძნობლად ეცემა.
როგორც ამბობენ, გრანჯის ბიზნეს პარკის ობიექტები პირველი შემთხვევაა, როცა მონაცემთა ცენტრსა და ეროვნულ ქსელს შორის ცოცხალი, დინამიკური ურთიერთობა დამყარდა.
ფიზიკოსი, კიარან ფორდე, რომელიც მონაცემთა ცენტრების სპეციალისტია, ამბობს, რომ Eaton სისტემა მოქმედებს, როგორც წნევის სარქველი, რომელიც საჭირო ინტერლუდიებს მისაღებად მონაცემთა ცენტრს ქსელიდან აშორებს.
მონაცემთა ცენტრის მფლობელები ამ მოქნილობისთვის ფულს ირლანდიური ქსელის ოპერატორისგან იღებენ.
ჯეი დიტრიხი, Uptime Institute-დან (მონაცემთა ცენტრებს მდგრადობას ადასტურებს) ამბობს, რომ შემოსავალი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მონაცემთა ცენტრის მფლობელებს მოქნილობა სურთ.
«ისინი ამას კეთილშობილური და ალტრუისტული თვისებების გამო არ აკეთებენ. ყველაფერი ფულისთვისა და შემოსავლებისთვის კეთდება» — ამბობს დიტრიხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ IBM-ში ენერგეტიკულ პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილებაზე მუშაობდა
ახალი ტექნოლოგია ეტაპობრივად იხვეწება და ბევრგან ვრცელდება.
ბრუნელოში, ჩრდილოეთ იტალიაში, შვეიცარიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქში, მონაცემთა მართვის ბიზნესი Pure Storage მონაცემთა ბაზებს «ციფრული დიეტისკენ» ბიტებისა და ბაიტების შემცირებითა და ზედმეტი ინფორმაციის მოცილებით უბიძგებს.
ბრუნელოში შესანახი მოწყობილობები პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, რომელიც ინფორმაციის არასაჭირო დუბლირებას აფიქსირებს და ამ მასალას მაშინვე შლის. მუდმივი განხილვისა და ამოღების ეს პროცესი მონაცემთა მოცულობას ზღუდავს.
ეს IT დეპარტამენტისთვის მოსაწყენი სამუშაოა, თუმცა პროგრამა მონაცემთა ცენტრის ინდუსტრიის უდიდეს მტერს ებრძვის. პროგრამა ელექტროენერგიის გაუმაძღარ «მადას» ამცირებს. Pure Storage-ის თქმით, რომელიც მყარი დისკების გამოყენებით მონაცემთა ცენტრებისთვის სამომხმარებლო ხარისხს ავითარებს, შეუძლია მონაცემთა ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარება 80%-მდე შეამციროს.
Pure Storage-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს პეტერი, რომელიც ტექნოლოგიის სფეროში Coca-Cola-ს მეშვეობით ჩაერთო, ამბობს, რომ ის და მისი კომპანია ელექტროენერგიის გამოყენების შესამცირებლად ყველაფერს გააკეთებენ.
«ჩვენ აღჭურვილობას ენერგიის მოხმარების შემცირების პრინციპის გარშემო ვქმნით. მონაცემთა ცენტრებისგან უკვე ბევრი შეკვეთა მივიღეთ. ისინი თავდაპირველად ტექნოლოგიისა და ფასის შესახებ სვამდნენ კითხვებს, ახლა კი ტექნოლოგიის საჭიროებას ნათლად ხედავენ და უკვე გვენდობიან.» — განაცხადა ჯეიმს პეტერმა.
მოკლედ, ცხადია, რომ ინტერნეტისთვის ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება რეალურია. ამისთვის საჭირო კი უკვე არსებული ტექნოლოგიების დახვეწა და ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობაა.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.