ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
2 აგვისტო 2023, 10:03
2023-08-02
2008 წლის აგვისტოს ომი — რუსეთის კიბერთავდასხმა სამხედრო შემოჭრის პარალელურად
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. სამხედრო ინტერვენციის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო რუსული კიბერშეტევა — «რამდენიმე ქართული სერვერი და ინტერნეტტრაფიკი გარე კონტროლის ქვეშ იყო». მანამდე, ცალკეული კიბერშეტევა განხორციელდა 2008 წლის 19-20 ივლისს, როდესაც 24 საათით გაითიშა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვებსაიტი.
ფოტო: 2008 წლის 15 აგვისტო, ნატალია კოლესნიკოვა/AFP VIA
კიბერთავდასხმა 50-ზე მეტ ვებგვერდზე მოხდა. ზოგიერთი მათგანი ჭარბი ტრაფიკის გამო ითიშებოდა, ზოგზე კი პროპაგანდისტული მესიჯები ჩნდებოდა, რომელშიც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ადოლფ ჰიტლერთან იყო შედარებული.
კიბერსტრატეგიის კონსულტანტი, ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან რუსული კიბერთავდასხმის შესახებ ყვება.
მისი თქმით, 19 ივლისს, DdoS შეტევის შედეგად თითქმის 24 საათის მანძილზე მწყობრიდან იქნა გამოყვანილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი. ამავე პერიოდში რუსული აქტორები ქართული საკომუნიკაციო ქსელების მუდმივ სკანირებას ახორციელებდნენ.
DDOS (A distributed denial of service) — კომპრომეტირებული კომპიუტერების მეშვეობით გენერირებული დიდი რაოდენობით მონაცემების მოხოვნის ნაკადის მიმართვა სერვერისკენ, რომელიც მიმართულია ქსელის გამტარობის და ოპერატიული მეხსიერების გადასავსებად, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სამიზნე სისტემის მწყობრიდან გამოყვანა და ბიზნესპროცესების მოშლა.
Defacement — კიბერშეტევის სახეობა, რომელიც იწვევს ვებგვერდის ან საიტის ვიზუალის შეცვლას. ხშირად გამოიყენება ტერორისტული ორგანიზაციების მიერ პროპაგანდისტული მოწოდებების გასავრცელებლად.
ანდრო გოცირიძის განცხადებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში კიბერელემენტის — Defacement და DdoS შეტევების გამოყენება უშუალოდ კონვენციური მოქმედებების კარგად ორგანიზებული თანმხლები პროცესი იყო, რომელთა მიზანიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის სამხედრო მიზნების შესრულების გაიოლება, საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა, ინფორმაციული უპირატესობის მოპოვება და კონფლიქტის შესახებ რუსული ნარატივის დამკვიდრება იყო.
რაც შეეხება ქრონოლოგიას:
8 აგვისტოს თავდასხმის სამიზნე გახდა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საიტები, აგრეთვე — საინფორმაციო პორტალები (Apsny.ge, News.ge) და არაქართული, მაგრამ საქართველოს მიმართ სიმპათიის გამომხატველი ახალი ამბების საიტები და ფორუმები.
9 აგვისტოს განხორციელდა შეტევა TBC ბანკზე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს უმსხვილეს კომერციულ ბანკს წარმოადგენდა.
10 აგვისტოს განხორციელდა კიბერშეტევის ახალი ტალღა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის საიტების წინააღმდეგ.
11 აგვისტოს სამთავრობო საიტების უმრავლესობა, გარდა პრეზიდენტის საიტისა, არ ფუნქციონირებდა. ამავე პერიოდში განხორციელდა defacement შეტევა აღნიშნულ საიტზე, სადაც განთავსდა ფაშისტური სიმბოლიკა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჰიტლერთან გამაიგივებელი ფოტოები.
იმავე ტიპის შეტევა განხორციელდა ეროვნული ბანკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე, სადაც გამოქვეყნდა მე-20 საუკუნის დიქტატორების ფოტოები. მნიშვნელოვანია, რომ defacement შეტევის მსხვერპლი გახდა ასევე ის აზერბაიჯანული გვერდები, რომლებიც ობიექტურად, ნეიტრალურად, საქართველოსათვის მოგებიან ჭრილში აშუქებდნენ კონფლიქტს (www.day.az, www.today.az, www.ans.az). იგივე ბედი ეწიათ რუსულ ოპოზიციურ საიტებსა თუ პოლიტიკოსთა ვებგვერდებს (http://www.skandaly.ru, http:// www.newsgeorgia.ru, http://www. kasparov.ru).
***
რუსეთი საქართველოს ქსელებზე შეტევებს ახლაც ყოველდღიურად ახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში წელიწადნახევარია, ომს აწარმოებს და თავისი რესურსების უდიდეს ნაწილს სწორედ უკრაინისკენ მიმართავს.
საქართველოს სუს-ის ოპერატრიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლადო უთმელიძემ ტექნოლოგიურ კონფერენცია Change Inspire-ზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის პარალელურად აგრესორი ქვეყნის ყურადღება 'ნელ-ნელა ჩვენკენ გადმოდის და ბევრ შეტევას შეიძლება ველოდოთ».
პირველი და მეორე კატეგორიის კიბერშეტევების მოგერიებაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოა. I კატეგორია სამთავრობო უწყებებია, II — სატელეკომუნიკაციო უწყებები.
ლადო ურთმელიძის თქმით, I კატეგორიის უწყებებზე დაყენებულია ქსელური სენსორი, რაც «ალერტის», განგაშის სიგნალის გაშვებას ნიშნავს ნებისმიერი უცნობი ქმედების დაფიქსირების დროს.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.