ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
29 თებერვალი 2024, 08:10
2024-02-29
1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ, თუ ეს თავად არ გსურთ
2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს იმას, რომ სარეკლამო სმს-ებს ვერ მიიღებთ თქვენი წინასწარი ნებართვის გარეშე.
ის, რომ კომპანიებისგან სარეკლამო SMS-ებს იღებდით, პირდაპირი მარკეტინგის ნაწილია.
პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
ახალი კანონის თანახმად:
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მოქალაქის თანხმობით.
მისი სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა.
თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მოქალაქეს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს, როგორ ხდება გაცემული თანხმობის უარყოფა.
უარის დაფიქსირების შემდეგ, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეწყვიტოს სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნა გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
თუ თქვენი უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას გააგრძელებენ, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს — ის საჩივარს განიხილავს და კომპანიას მისცემს გაფრთხილებას ან დააჯარიმებს 3000 ლარით.
ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებულია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ჰყავდეს.
განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) არსებობა, ესენია:
საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა):
სადაზღვევო ორგანიზაცია;
კომერციული ბანკი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
საკრედიტო ბიურო;
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია;
ავიაკომპანია;
აეროპორტი;
სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს;
ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
კანონი მკაცრად განსაზღვრავს, რომ სარეკლამო შეთავაზებების გაგზავნის ერთადერთი ლეგიტიმური შესაძლებლობა მომხმარებლის თანხმობას უკავშირდება.
იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება. მონაცემთა სუბიექტს (იმ პირს, ვისი მონაცემებიც მუშავდება) უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები უკანონოდ მუშავდება, არამედ მაშინაც:
თუ მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
მონაცემთა სუბიექტი გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს.
მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს უფლება ნებისმიერ მონაცემთა დამმუშავებელს მოთხოვოს მის მონაცემებთან დამაკავშირებელი ყველა ინტერნეტბმულის წაშლა.
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.