supergmiri.ge — როცა სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერა სჭირდება
წესით, ბავშვობა ცხოვრების ყველაზე ლაღი და უდარდელი პერიოდი უნდა იყოს, ასევე ეს არის დრო, რომელიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. თუმცა, სოციალური უთანასწორობის პირობებში, ყველას არ უმართლებს და ამ წლების გატარება დიდ გაჭირვებაში უწევს.
სწორედ ასეთი ბავშვების დასახმარებლად, 2019 წელს მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა, სუპერგმირი შექმნეს, სადაც ნებისმიერი მსურველი სუპერგმირობას ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლებს.
Supergmiri.ge 0%-იანი საკომისიოს მქონე, გამოწერის მოდელზე აწყობილი ციფრული პლატფორმაა, სადაც დონორმა იცის კონკრეტულად ვის ეხმარება, ყოველთვიურად იგებს, ზუსტად რაში დაიხარჯა მისი გადახდილი თითოეული ლარი, მხარდაჭერა არის სტაბილური და გრძელვადიანი.
«კონცეფციაზე მუშაობა რომ დავიწყეთ, ზუსტად მაშინ დაიწყო პანდემიაც, რამაც, რა თქმა უნდა, პროცესები გაართულა, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს განსაკუთრებით მძიმედ დააწვათ პანდემიის შეზღუდვები, დღიური სამუშაოების გაქრობა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. პლატფორმაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ბავშვთა ფსიქოლოგები, კონსულტაციები გავიარეთ სოციალური მუშაკებთან, პერსონალური მონაცემების დაცვის სააგენტოსთან. გარდა ამისა, ზედმიწევნით შევისწავლეთ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებაც, რადგან პირდაპირი სპონსორობის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობდა» — ამბობენ dev.ge-სთან პლატფორმის დამფუძნებლები.
პლატფორმაზე დონორს შეუძლია გაეცნოს ბავშვების ისტორიებს მთელი საქართველოდან და გახდეს რომელიმეს სუპერგმირი. სუპერგმირობა გულისხმობს ყოველთვიურ სტაბილურ მხარდაჭერას — ამ ეტაპზე არსებობს 100-ლარიანი სასპონსორო პაკეტი, რომლითაც სუპერგმირის გუნდი თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად ქმნის ამანათს, სადაც მოთავსებულია ასაკისა და საჭიროების მიხედვით საკვები, სათამაშოები, წიგნები და ისეთი სერვისები, როგორიცაა შემეცნებითი, სახელოვნებო, სპორტული წრეების ვაუჩერები და ა.შ.
«სუპერგმირი ყოველი თვის ბოლოს იღებს დეტალურ ანგარიშს, თუ რაში დაიხარჯა იმ თვის დონაცია. პლატფორმაზე გვაქვს მენტორობის მოდული, რაც გულისხმობს, რომ სურვილის შემთხვევაში, 4-თვიანი სტაბილური სპონსორობის შემდეგ, სუპერგმირს შეუძლია გაიცნოს ბენეფიციარი და პერიოდულად შეხვდეს, მოუსმინოს, გაუზიაროს რჩევები, დაეხმაროს პროფესიისა თუ ჰობის არჩევაში», — ამბობს მარიტა გენებაშვილი.
ამ ეტაპზე საიტზე 355 აქტიური სუპერგმირია დარეგისტრირებული და ისინი ყოველთვიურად 450-ზე მეტ ბავშვთან აგზავნიან ამანათს. 2020 წლიდან დღემდე კომპანიას უკვე 9 ათასზე მეტი ამანათი აქვს გაგზავნილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეგროვდა ერთ მილიონ ლარზე მეტი.
«ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებიდან არიან. საიტზე გვაქვს ფორმა, რომელიც შეუძლია შეავსოს როგორც ოჯახის წევრს, ისე მათ ახლობელს და მოითხოვოს პლატფორმაზე განთავსება. შემდეგ უკვე ჩვენ მივდივართ ოჯახში, ვეცნობით მათ სიტუაციას, ვუსმენთ ბავშვებს, მათ სურვილებს, მიზნებს, ოცნებებს და მათ ამბავს ვყვებით ჩვენს პლატფორმაზე, ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც შეეძლება ამ ბავშვების მხარდაჭერა», — ამბობენ პლატფორმის შემქმნელები.
რაც შეეხება გეგმებს, მარიტა გენებაშვილი და ლეკო შათირიშვილი dev.ge-სთან ამბობენ, რომ 2023 წლის მთავარი მიზანია საგანმანათლებლო სერვისებზე მეტი აქცენტი და ამისთვის უკვე დაიწყეს რამდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი ბენეფიციარები უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე, სპორტულ და სახელოვნებო წრეებზე დადიან.
«ჩვენი რამდენიმე ბენეფიციარი უკვე ეუფლება სამომავლო პროფესიას. ვაგრძელებთ საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, განსაკუთრებით რეგიონებში პარტნიორების ძიებას, რომელთაც შეეძლებათ ჩვენს ბენეფიციარებს მსგავსი სერვისები შესთავაზონ. ასევე, რადგან ჩვენი პლატფორმა 0%-იანი საკომისიოს პრინციპით მუშაობს, გვჭირდება მეგობარი კომპანიები, რომლებიც დაგვიდგებიან გვერდში ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და საკომუნიკაციო ხარჯების დასაფარად, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ჩვენს პლატფორმაზე და გავზარდოთ დასპონსორებული ბენეფიციარების რაოდენობა», — ამბობს მარიტა გენებაშვილი.