ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიამსოფლიო
23 აგვისტო 2023, 12:37
2023-08-23
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში ძალაში შევა DSA — ციფრული სერვისების აქტი, რომელიც ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და რომელიც მიზნად ისახავს «მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეჩერებას». თუმცა, კანონის ზოგიერთი ნაწილი 2023 წლის 25 აგვისტოდანვე ამოქმედდება.
— ფოტოზე: ევროკომისარი ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი ევროპის საკითხებში მარგრეტე ვესტაგერი და ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი
ევროკომისია მიიჩნევს, რომ DSA მომხმარებლების ონლაინ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია — კანონმა მოქალაქეებს უნდა აარიდოს კონვენტი, რომელიც არალეგალურია ან ამა თუ იმ პლატფორმის მოხმარების წესებს არღვევს. მაგალითად, არ უნდა მოხდეს გენოციდის მხარდაჭერა ან თუნდაც კვებითი აშლილობის წახალისება.
DSA ასევე მიზნად ისახავს ევროპელების ფუნდამენტური უფლებების, მაგალითად, კონფიდენციალურობის ან გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
ზოგიერთმა ონლაინ კომპანიამ, რომლებსაც წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში შესაძლოა მილიარდობით ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.
რომელ პლატფორმებს შეეხებათ ახალი კანონი?
ახალი კანონმდებლობა ჯერჯერობით 19 მსხვილ ტექ კომპანიას ეხება.
8 მათგანი სოციალური მედიის პლატფორმაა: Facebook, TikTok, X (Twitter), Youtube, Instagram, LinkedIn, Pinterest და Snapchat.
5 — ონლაინ მარკეტფლეისი: Amazon, Booking.com, ჩინური Alibaba და AliExpress და გერმანული Zalando.
კანონი გავრცელდება აპლიკაციების მაღაზიებზე Google Play და App Store.
ასევე, გუგლ სერჩსა და მაიკროსოფტის საძიებო სისტემა Bing-ზე.
სიას Google Maps და Wikipedia ასრულებს.
რაც შეეხება სხვა ონლაინ კომპანიებს:
ევროკომისიამ სია პლატფორმების მიერ წარდგენილი რიცხვების საფუძველზე შეადგინა. DSA-ის უმაღლესი დონის რეგულირება ეხება კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ 45 მილიონი ან მეტი მომხმარებელი, ან მომხმარებლების რაოდენობა ევროკავშირის მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
სია არ არის საბოლოო და მათ შეიძლება, სხვა პლატფორმები მოგვიანებით დაემატოს. მაგალითად, ჯერჯერობით, გამოტოვებულია eBay, Airbnb, Netflix და თუნდაც, PornHub.
საბოლოოდ, ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს ონლაინ სერვისებს სთავაზობს, DSA-ით დარეგულირდება, თუმცა, პატარა კომპანიებს გიგანტურ ბიზნესებთან შედარებით, ნაკლები ვალდებულება ექნებათ. ამასთან, კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც უფრო მცირე კომპანიებს შეეხება, კიდევ 6 თვე არ ამოქმედდება.
Meta-ს ახალი პლატფორმა Threads ევროკავშირში ამ ეტაპზე სწორედ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული არც ისე ნათელი სურათის გამო არ გამოვიდა.
რა იცვლება?
DSA-ის მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, პლატფორმებმა დაიწყეს ევროპელი მომხმარებლების მიერ არალეგალური ონლაინ კონტენტისა და სახიფათო პროდუქტების მონიშვნის ახალი გზების დანერგვა. კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, მონიშნული კონტენტი სწრაფად და ობიექტურად წაშალონ.
Amazon-მა გახსხნა ახალი არხი, რათა მომხმარებლებმა შეძლონ, პლატფორმას საეჭვო და არალეგალური პროდუქტების შესახებ შეატყობინონ. არხი მესამე მხარის მერჩანტების (მოვაჭრეების) შესახებ მეტ ინფორმაციასაც გასცემს.
TikTok-მა მომხმარებლებს მისცა ახალი საშუალება, დაარეპორტონ ისეთი არასარეკლამო და სარეკლამო კონტენტი, რომელსაც, მიიჩნევენ, რომ არალეგალურია. კატეგორიები მოიცავს სიძულვილის ენას, შევიწროებას, სუიციდსა და თვითდაზიანებას, დეზინფორმაციას და თაღლითობას. დარეპორტების შემდეგ მოდერატორებისა და იურისტების ახალი გუნდი განსაზღვრავს, მონიშნული კონტენტი არღვევს თუ არა პლატფორმის პოლიტიკას, არის თუ არა უკანონო და შესაბამისად, უნდა წაიშალოს თუ არა.
TikTok ამბობს, რომ მომხმარებელს, რომლის კონტენტიც წაიშლება, ამის შესახებ აუხსნიან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.
TikTok-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, გამორთონ სისტემები, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ვიდეოებს ადრე ნანახი კონტენტის შესაბამისად. სწორედ ასეთ სისტემებს ადანაშაულებენ სოციალური მედიის მომხმარებლების მზარდ ექსტრემალურ პოსტებში.
თუ პერსონალიზებული რეკომენდაციები გამოირთვება, TikTok-ის ფიდი ევროპასა და მთელ მსოფლიოში პოპულარული ვიდეოებით ჩანაცვლდება.
DSA კრძალავს რეკლამების ტარგეტირებას მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, ბავშვებზე.
Snapchat-მა განაცხადა, რომ რეკლამის დამკვეთები ვერ შეძლებენ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში თინეიჯერების მიმართ პერსონალიზაციისა და ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები გამოიყენონ. 18 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებლებს ასევე ექნებათ მეტი კონტროლი და გამჭვირვალობა იმ რეკლამებზე, რომლებსაც ხედავენ, იმ დეტალების ჩათვლით, თუ რატომ ხედავენ ამა თუ იმ მათგანს.
ანალოგიური ცვლილებები TikTok-მაც განახორციელა — 13-დან 17 წლამდე მომხმარებლებისთვის მათი აქტივობებიდან გამომდინრე პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზება შეწყვიტა.
წინააღმდეგობა კომპანიების მხრიდან
ტანსაცმლის რითეილერმა გერმანულმა კომპანიამ Zalando ციფრული სერვისების აქტი გაასაჩივრა. კომპანია მიიჩნევს, რომ ის უდიდესი ონლაინ კომპანიების სიაშია, რაც მას არათანაბარ პირობებში აყენებს.
საჩივრის მიუხედავად, Zalando ვებსაიტზე მაინც ნერგავს არასათანადო შინაარსის მონიშვნის სისტემებს. თუმცა, ტანსაცმლის, ჩანთებისა და ფეხსაცმლის კოლექციებში, რომელტა კურირებაც მაღალ დონეზე ხდება, მცირე შანსია, არალეგალური კონტენტი გამოჩნდეს.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ევროკავშირში, აურელი კოლიერი ამობბს, რომ Zalando მხარს უჭერს DSA და სჯერა, რომ კანონი ბევრ დადებით ცვლილებას მოიტანს.
«მაგრამ, ზოგადად, Zalando-ს არ აქვს ისეთი სისტემური რისკი, რომელთა წინაშეც სხვა პლატფორმები დგაგან. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ კატეგორიას არ შევესაბამებით». — თქვა მან.
ევროკავშირის სასამართლოს ანალოგიური სარჩელით Amazon-მაც მიმართა.
რა მოხდება, თუ კომპანიები ამ წესებს არ დაემორჩილებიან?
ისინი თავიანთი გლობალური შემოსავლის 6%-მდე ოდენობით დაჯარიმდებიან, რაც შესაძლოა, მილიარდობით ევრო იყოს.
წესების დაუმორჩილებლობს შემთხვევაში არ არის გამორიცხული ევროკავშირის ტერიტორიაზე დაბლოკვაც.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კომპანია ამა თუ იმ ინდივიდუალური შემთხვევის გამო დაჯარიმდება.
DSA უფრო მეტად იმას გულისხმობს, აქვთ თუ არა ტექნოლოგიურ კომპანიებს სწორი სისტემური მიდგომა ზიანის შემცირების კუთხით.
არსებითად, DSA გულისხმობს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ევროკომისიას, ევროკავშირის აღმასრულებელ ნაწილს და ტოპ ციფრულ აღასრულებელს უნდა აჩვენონ, როგორ მუშაობს მათი ალგორითმები.
ევროკავშირი, ერთი მხრივ, ღელავს ძალადობრივ კონტენტზე, მეორე მხრივ კი პლატფორმების მუშაობასა და მათ კონტრიბუციაზე უარყოფითი ეფექტის შემცირების საქმეში.
წესების თანახმად, ყველაზე დიდ პლატფორმებს მოუწევთ პოტენციური სისტემური რისკების იდენტიფიცირება და იმის შეფასება, აკეთებენ თუ არა საკმარისს მათ შესამცირებლად.
ამისთვის კომპანიებს ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვთ, შემდეგ კი დამოუკიდებელი აუდიტი ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ აუდიტი იქნება ძირითადი ინსტრუმენტი შესაბამისობის შესამოწმებლად.
ევროკავშირის გეგმას აკრიტიკებენ დეტალების ნაკლებობისა და გაურკვევლობების გამო.
რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს
ცვლილებებს ევროპაში შესაძლოა ჰქონდეს გლობალური ეფექტი. მაგალითად, ვიკიპედია ცვლის ზოგიერთ წესს და მომსახურების პირობებს, რათა მეტი ინფორმაცია გასცეს «პრობლემურ მომხმარებლებსა და კონტენტზე». და მისი ეს ცვლილებები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება.
გლობალური კომპანიებისთვის რთული იქნება, განახორციელონ ცვლილებები და ეს სიახლეები მხოლოდ ევროპის მასშტაბით გაავრცელონ. სესაბამისად, შესაძლოა, DSA-ს ჰქონდეს გლობალური ტალღური ეფექტი.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.