პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი საქართველოდან, რომელიც Google-ში მუშაობს
23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ირაკლი შალიბაშვილი უკვე 6 თვეა Google-ის თანამშრომელია. მისი გუნდი ძირითადად შიდა პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობას ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა პრობლემებია მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გუნდებსა და სისტემებში.
ირაკლი dev.ge-სთან იხსენებს, რომ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ დაინტერესება ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდამდე ჰქონდა, თუმცა, მანამდეც თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ თავი რომელიმე ტექნიკურ სფეროში უნდა ეცადა.
მეათე კლასში იყო, როცა გადაწყვიტა, რომ მათემატიკისთვის შედარებით მეტი დრო დაეთმო და როგორც ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი არა უშუალოდ კონკრეტული ცოდნა, არამედ ის უნარები იყო, რაც ამ დროს გამოიმუშავა. მაგალითად, ისწავლა, როგორ კონცენტრირდეს ერთ საქმეზე რამდენიმე საათით, როგორ დაყოს დიდი კომპლექსური პრობლემა მცირე ნაწილებად და ა.შ.
გვიყვება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნივერსიტეტში შეიძინა, ის ადამიანები იყვნენ, რომლებთან ერთადაც სწავლობდა და რომ ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანების წრეში თავადაც ეზრდებოდა მოტივაცია. მისი აზრით, ის, რომ დღეს იქ არის, სადაც არის, სწორედ ბევრი მათგანის უშუალო დამსახურებაა.
ირაკლის თქმით, მას შემდეგ, რაც გააანალიზა, რომ მისი სამეგობროდან ბევრი აპირებდა კარიერის დიდ კომპანიაში გაგრძელებას, გადაწყვიტა თავადაც ეცადა ბედი.
საბოლოო თანხმობის მიღებიდან ლონდონში ჩაფრენამდე მაინც სულ ჰქონდა ეჭვები, მართლა ხდებოდა ის, რაც ხდებოდა თუ ეჩვენებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუგლის ოფისში შედგა ფეხი, ყველა ეჭვი გაქრა.
ირაკლისთვის ოფისის გარემო უფრო კომფორტულია და მუშაობაც იქ ურჩევნია. გვიყვება, რომ ოფისში გაცილებით პროდუქტიულია, რადგან გარშემო სხვა მომუშავე ხალხსაც ხედავს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.