ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება. ამის შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TEDxTbilisi აღარ ჩატარდება. ამის შესახებ მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს.
TEDxTbilisi 8 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.
«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. პარლამენტში განხილვის პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს.
ასევე, ორგანიზებული ჯგუფები სადარბაზოებთან ხვდებიან, თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკოსებს და აქტივისტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ.
უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები «აგენტი», «მტერი», «მოღალატე».
ასევე, რამდენიმე დღეა, როგორც უცხოური, ისე ქართული ნომრებიდან ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან და მათ აგნებენ. მათ შორის, ურეკავენ ბავშვებსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუწყია.
რუსული კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» 2023 წელსაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება.
რუსული კანონი ყველას შეეხება.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.