იუნიქორნი — წარმოსახვითი ცხოველი, რომელიც ჰგავს ცხენს და შუბლზე რქა აქვს. ეს აღწერა, ალბათ ფენტეზის, ანიმაციების, ან ზღაპრული სამყაროს ყველა მოყვარულისთვის კარგად ნაცნობია. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიების სამყაროში ზღაპრულ იუნიქორნს ახალი მნიშვნელობა მიენიჭა. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, იუნიქორნი არის კომპანია, კერძო საკუთრებაში მყოფი სტარტაპი, რომელიც ინვესტორების მიერ მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.
პირველი იუნიქორნები 1990-იან წლებში დაარსდა. მათ შორის, ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა Alphabet, რომელიც მოგვიანებით Google გახდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, მსოფლიოში 1000-ზე მეტი იუნიქორნი არსებობს. მათი საერთო ღირებულება 3516 მილიარდ დოლარს აღემატება.
ტერმინი იუნიქორნი
ბიზნესთან მიმართებით ტერმინი იუნიქორნი პირველად ვენჩურულმა კაპიტალისტმა, ეილინ ლიმ 2013 წელს გამოიყენა. ტერმინმა კერძო და საჯარო ინვესტორების, მეწარმეებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების ლექსიკონში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ტერმინ იუნიქორნს ასევე გამოიყენებენ ადამიანური რესურსების მენეჯერები თავიანთი იდეალური კანდიდატების აღსაწერად, რომლებიც, შესაძლოა, გარკვეული თანამდებობისთვის ზედმეტად კვალიფიცირებული იყვნენ. მაგალითად, საშუალო ზომის ფირმას შეიძლება სურდეს დაიქირაოს მარკეტინგის, სოციალური მედიის, გაყიდვების და მართვის გამოცდილების მქონე კადრი. ისინი ეძებენ კანდიდატს, რომელიც საუბრობს სამ სხვადასხვა ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კადრის დაქირავება, რომელსაც ყველა ეს უნარი აქვს, ეკონომიკურად მომგებიანია, ახალი დაქირავებული კადრისთვის ეს, შესაძლოა, ზედმეტად დიდი მოთხოვნა იყოს.
ლი და მისი Cowboy Ventures კოლეგები თავიდანვე ხვდებოდნენ ტერმინის ნაკლოვანებებს, თუმცა არ ელოდნენ ტერმინის ამ მასშტაბებით პოპულარიზაციას: «დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ტერმინი იუნიქორნი არ არის სრულყოფილი — იუნიქორნი არ არსებობს, ხოლო ეს კომპანიები არსებობენ, მაგრამ ჩვენ მოგვწონს ეს ტერმინი, რადგან ის ჩვენთვის რაღაც ძალიან იშვიათსა და ჯადოსნურს ნიშნავს.»
იუნიქორნს ტერმინების მთელი რიგი მოჰყვა. არსებობს კოლექტიური არსებით სახელი: იუნიქორნების დალოცვა, რომელიც, ჩვეულებრივ, დაჯგუფებული ინდუსტრიის, კონკრეტული ფონდის ან გეოგრაფიის ირგვლივ ტრიალებს.
ასევე, არსებობს ტერმინი დეკაქორნი, რომელიც მოიაზრებს კომპანიებს, რომელთა ღირებულებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტია. მაგალითად Uber, Airbnb, Dropbox.
არსებობს სუპერ იუნიქორნი — კომპანია, რომელიც 100 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. 2000-იანების დეკადის ერთადერთი სუპერ-იუნიქორნია META, რომელიც სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა Facebook-ის სახელით. ასევე, სუპერ-იუნიქორნია Google.
მზარდია მკვდარი იუნიქორნების რიცხვი — ეს არის მილიარდიანი კომპანიების სასაფლაო, რომლებიც შეჩერდნენ პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) სწრაფ გზაზე ინვესტორების მხრიდან ნდობის განელების ან მომხმარებელთა რიცხვის ნაკლებობის გამო.
იუნიქორნის ღირებულება
იუნიქორნის ღირებულება ძირითადად ეფუძნება იმას, თუ როგორ ფიქრობენ ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალისტები სტარტაპზე, რამდენად ხედავენ მისი განვითარებისა და გაზრდის პოტენციალს. ყველაფერი გრძელვადიან პროგნოზს უკავშირდება. მათ შეფასებებს არანაირი კავშირი არ აქვს სტარტაპის ამჟამინდელ შემოსავალთან. რეალურად, იუნიქორნ კომპანიებიდან ბევრი დასაწყისში იშვიათად გამოიმუშავებს რაიმე სახის მოგებას.
მიუხედავად ამისა, ინვესტორები და კაპიტალისტები, შესაძლოა, შეხვდნენ გარკვეულ დაბრკოლებებს — თუ ინდუსტრიაში კონკურენტები არ არსებობს, ე.ი., ეს სტარტაპი პირველია და არ არსებობს სხვა ბიზნეს მოდელი, რომელთანაც შეიძლება მისი შედარება, რაც გარკვეულწილად ართულებს პროცესს.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი კომპანია აღწევს მილიარდი დოლარის ნიშნულს და აჭარბებს კიდეც მას. ისეთი კომპანიები, როგორიცაა TikTok და მისი მშობელი კომპანია 50 და 300 მილიარდ დოლარად ფასდებიან. ამან ზოგიერთ ინვესტორს ეჭვი გაუჩინა შეფასებების სამართლიანობაზე და გააჩინა კითხვა, ხომ არ იქმნება იუნიქორნების შეფასების ერთგვარი ბუშტი.
რა ტიპის ინდუსტრიებში ჩნდებიან იუნიქორნები
იუნიქორნები წარმოადგენენ იმ ტიპის კომპანიებს, რომლებიც გვთავაზობენ ინოვაციურ იდეებს და აქვთ სწრაფი ზრდის პოტენციალი.
Third Culture Capital (3CC)-ის დამფუძნებლის, ჟულიენ ლ. ფამის თქმით, «იუნიქორნები, ძირითადად, ჩნდებიან იქ, სადაც სწრაფი ზრდაა, ტექნოლოგიურ სივრცეში და დიდ ბაზრებზე. ეს თავის თავში მოიაზრებს ელექტრონული კომერციის, სიღრმისეული ტექნოლოგიის, პროგრამული უზრუნველყოფის, მობილურის, ფინტექების და ასევე, არც ისე ხშირად, თუმცა სამედიცინო სფეროებს. იშვიათ შემთხვევებში, იუნიქორნები ახალ ბაზრებს ქმნიან».
ეილინ ლის მიერ ტერმინის გასაჯაროების შემდეგ, იუნიქორნი ფართოდ გამოიყენებოდა იმ სტარტაპების აღსანიშნავად, რომლებიც ტექნოლოგიების, მობილური ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში — როგორც წესი, სამივე სექტორის გადაკვეთაზე ჩნდებოდნენ.
Benchmark Capital-ის პარტნიორმა, ბილ გურლიმ ბლოგ-პოსტში დაწერა გვიან ეტაპზე კერძო კაპიტალის მოზიდვასა და IPO-ს შორის განსხვავებაზე და თქვა, რომ «უპრეცედენტო 80-მა კერძო კომპანიამ მოიზიდა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დაფინანსება» 2010-იანი წლებიდან და «გვიანი ეტაპის ინვესტორებმა, რომლებსაც სასოწარკვეთილად ეშინოდათ, არ დაეკარგათ სააქციო პოზიციები შესაძლო იუნიქორნ კომპანიებში, მიატოვეს ტრადიციული რისკის ანალიზი».
იუნიქორნის მფლობელი კომპანიები
იუნიქორნის სტატუსი იშვიათი და რთულად მისაღწევია. იუნიქორნობისთვის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ინოვაციური იდეა, მკაფიო ხედვა ზრდისთვის და მყარი ბაზრის გეგმა. ასევე, ეფექტური გზა, რათა მიაწოდონ თავიანთი მესიჯი ვენჩურულ კაპიტალისტებსა და კერძო ინვესტორებს.
იუნიქორნის მფლობელი კომპანიები რამდენიმე გზას ირჩევენ:
რჩებიან ფარულად — დამფუძნებლები, რომლებსაც სურთ კონტროლის შენარჩუნება, ხშირად თავის იუნიქორნებს საიდუმლოდ ინახავენ. თუმცა, ეს ზღუდავს ზრდის პოტენციალს. დამფუძნებლებს ხშირად უწევთ მოძებნონ გზები, რათა უზრუნველყონ დამფინანსებლები ინვესტიციების დაბრუნებით.
ხდებიან საჯარო — კომპანიები იღებენ წვდომას კაპიტალზე, რომელიც მათ უნდა გაზარდონ პირველადი საჯარო შეთავაზებით. ზოგიერთი იუნიქორნის დამფუძნებელი ამ პროცესს არ აჩქარებს, რადგან ეს საკუთრების შემცირებას განაპირობებს.
მყიდველზე მორგება/ მყიდველის მოხიბვლა — ამ გზით, კომპანიის მფლობელებსა და აღმასრულებლებს შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უფრო სწრაფად.
იუნიქორნი ჩვეულებრივ გამოიყენება კერძო სტარტაპ კომპანიების აღსაწერად, რომელთა საბაზრო კაპიტალი ერთ მილიარდ დოლარზე მეტია. სწორედ ამ კრიტერიუმის გამო ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა მაგალითად, Amazon არ ითვლება იუნიქორნ კომპანიად. როდესაც Amazon 1997 წლის 15 მაისს საჯარო გახდა, მან 54 მილიონი დოლარი მოიზიდა, რამაც მას 438 მილიონიანი საბაზრო კაპიტალი მისცა, რაც 1 მილიარდი დოლარის საკვანძო ნიშნულზე გაცილებით დაბალი იყო.
ამჟამად, ტოპ 10 იუნიქორნ კომპანიაა:
ByTeDance — 140 მილიარდი დოლარი
SpaceX — 127 მილიარდი დოლარი
SHEIN — 100 მილიარდი დოლარი
Stripe — 95 მილიარდი დოლარი
Canva — 40 მილიარდი დოლარი
com — 40 მილიარდი დოლარი
Instacart — 39 მილიარდი დოლარი
Databricks — 38 მილიარდი დოლარი
Revolut — 33 მილიარდი დოლარი
Epic Games — 31,5 მილიარდი დოლარი
რა არის შემდეგი ნაბიჯი?
მოგვწონს თუ არა ეს, ტერმინი იუნიქორნი უკვე დამკვიდრებულია ტექნოლოგიური ბაზრების ლექსიკონში. მთავარი კითხვა, რომელიც ახლა იუნიქორნებს უკავშირდება, შემდეგია — გაგრძელდება ტენდენცია თუ ბუშტში ვექცევით?
იუტაში დაფუძნებული ტექნიკური იუნიქორნის, InsideSales.com-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ელკინგტონის თქმით, ის ვერ ხედავს უახლოეს მომავალში იუნიქორნის ერის დასასრულს: «კამათი იმის შესახებ, გაქრება თუ არა იუნიქორნის ფენომენი, არ არის დებატების საგანი. ის არ წავა, რადგან ეს გამარჯვებულების ადგილია».
მიუხედავად ამისა, მედია სხვაგვარად ფიქრობს. Vanity Fair-ის სტატიებში შეხვდებით პოზიციას — «ეს ხმა, რომელიც გესმით, არის ცხელი ჰაერი, რომელიც ტექნიკური ჰუშტიდან გამოდის». ან The Guardian-ის სათაურებს, როგორიცაა «იუნიქორნის მართული ტექნიკური ბუშტის დასასრულის დასაწყისი», ან სულაც PBS-ის გამოხმაურება: «იუნიქორნები და სისულელე სილიკონ ველის ტექნიკურ ბუშტში». Forbes 2016 წელს მოახლოებულ «იუნიქორნის აპოკალიფსზეც» წერდა.
ტექნოლოგიური ფირმების ცნობილი ინვესტორი, ბილ გურლი, რომელმაც ინვესტიციები ჩადო ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Uber და OpenTable, აფრთხილებს საზოგადოებას «რისკის ბუშტის» შესახებ და ამბობს: «ჩემი რწმენაა, რომ სილიკონის ველი შევიდა სპეკულაციურ და არამდგრად პერიოდში.»
ბაზარზე უკვე ჩანს საჭირო შესწორებები, თუმცა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გააგრძელებს ძვირადღირებული ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, ხოლო ინვესტორები მათ იუნიქორნებად ქცევას გააგრძელებენ.
იუნიქორნები და საქართველო
სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში განვითარების ეტაპზეა და ტერმინი იუნიქორნიც შედარებით ახალია.
Orbital Gaming-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ვაკო ჩანჩიბაძე dev.ge-სთან საუბრობს ქართული სტარტაპების პოტენციალზე, გახდნენ იუნიქორნები. მისი შეფასებით, ამჟამინდელ იუნიქორნებს დიდი გავლენა აქვთ ქართულ ბაზარზე, რადგან ისინი ქმნიან ტენდენციებს, რაც ზრდის დაინტერესებასა და კონკურენციას.
ქართული სტარტაპებიდან პოტენციურ იუნიქორნად ჩანჩიბაძე Theneo-ს მიიჩნევს.
ჩანჩიბაძე საუბრობს საერთაშორისო ტექ. კონფერენციების მნიშვნელობაზე ქართული სტარტაპებისთვის.
მისი შეფასებით, დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პოტენციალი ტექნოლოგიების სფეროში დაფუძნებულ სტარტაპებს აქვთ.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.