ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში

საქართველოში ტექნოლოგიური გამოთვლების ისტორია სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს. ამ დროს ჯერაც დიდი მანქანები გამოიყენებოდა, რომლებსაც მთლიანი ოთახები ეკავათ. ალგორითმები, პროგრამირება, როგორც მეცნიერება, ისწავლებოდა კომაროვის სკოლში, თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასწავლიდნენ პროგრამირების ისეთ ენებს, როგორიცაა, მაგალითად, BASIC. 

კომენტარის დატოვება
ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში

საქართველოში ტექნოლოგიური გამოთვლების ისტორია სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს. ამ დროს ჯერაც დიდი მანქანები გამოიყენებოდა, რომლებსაც მთლიანი ოთახები ეკავათ. ალგორითმები, პროგრამირება, როგორც მეცნიერება, ისწავლებოდა კომაროვის სკოლში, თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასწავლიდნენ პროგრამირების ისეთ ენებს, როგორიცაა, მაგალითად, BASIC. 

საქართველოში პერსონალური კომპიუტერების შემოტანა ოთხმოციანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. მათ ძირითადად სახელმწიფო უწყებების გამოთვლით ცენტრებში, სამინისტროებსა და კვლევით ინსტიტუტებში შეხვდებოდით, სადაც მანამდე მხოლოდ ე.წ «მეინფრეიმები» გამოიყენებოდა.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური კომპანიის, Azry-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც თავადაც ერთ-ერთი პირველი ადამიანია, ვისაც ტექნოლოგიებთან შეხება ჰქონდა, გვიყვება, რომ მაშინ ახალგაზრდების დაინტერესების მთავარი მოტივი თამაშის შესაძლებლობა იყო. 

ქალაქში გაჩნდა რამდენიმე ადგილი, სადაც ნაცნობობითა და სხვადასხვა ხრიკით კომპიუტერებთან წვდომა შესაძლებელი ხდებოდა. 

მწირ ტექნოლოგიასთან ერთად, გაჩნდა ინფორმატიკის შემსწავლელი წრეებიც, სადაც ალგორითმები და პროგრამირების ენები ისწავლებოდა.

მისი თქმით, საქართველოს ტექნოლოგიურ სამყაროში მოხვედრაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია 1987 წელს გამართულმა ამერიკულმა გამოფენამ «ინფორმატიკა ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაში»

«ბევრს პირველად იქ მიეცა საშუალება, გასცნობოდნენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ცოცხლად ენახათ Apple Mac, IBM PC, სხვა სიახლეები, მოესმინათ Lexis/Nexis,CompuServe, FIDOnet ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც წინ უსწრებდნენ WWW-სა და ინტერნეტის ფართო გავრცელებას».

მისივე თქმით, საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე გასვლას დიდი დრო დასჭირდა. 

«იყო დრო, როდესაც ყოველი გამოყენების შემდეგ კომპიუტერებს საგანგებოდ დამზადებულ სეიფში ინახავდნენ. ჰყვებოდნენ ამბებს, თუ როგორ შემოჰქონდათ კონტრაბანდით იშვიათი ტექნიკა. წლები სჭირდებოდა ტელევიზორში ნანახის ან ჟურნალ-გაზეთებში წაკითხულის ჩვენამდე ჩამოღწევას და ამის შემდეგაც, მხოლოდ შეზღუდულ და რეგლამენტირებულ რეჟიმში იყო შესაძლებელი წვდომა, ძირითადად ამა თუ იმ  ორგანიზაციაში ან სახელმწიფო უწყებაში, საშვის გაფორმებით და რკინის კარით დაცულ ოთახში».

ქვეყნის ლიბერალიზაციასთან ერთად კომპიუტერების რიცხვი გაიზარდა. შედარებით ადრე დაიწყო ვიდეოკამერების, ვიდეომაგნიტოფონების, ქსეროქსებისა და ფაქსების შემოტანა, რომლებიც უფრო გასაგები და მარტივად ასათვისებელი ტექნოლოგიები იყო. 

1990-იან წლებში FIDOnet იყო ინოვაციური სივრცე, სადაც ქსელის ყველა კვანძს ჰქონდა საშუალება, სხვა ნებისმიერ კვანძს დაჰკავშირებოდა ტელეფონისა და მოდემის საშუალებით და პაკეტურ რეჟიმში გაეცვალა მონაცემები, ფაილები და შეტყობინებები, ვარეზი, კრეკები, ASCII-არტები და დემოები. ის, შესაძლოა, დეცენტრალიზებული ქსელების ერთ-ერთ პირველ პროტოტიპად მივიჩნიოთ.

«FIDOnet-ის გავრცელება გახდა ერთ-ერთი გარდამავალი ეტაპი, რამაც საშუალება მოგვცა ბნელი 90-იანების დასაწყისში, ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამდე, არ მოვწყვეტილიყავით მსოფლიო საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს».

1987 წელს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც იყო Hayes-ის მოდემი და Motorola-ს მობილური ტელეფონი, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებს უიგივდებოდა. მალევე, 90-იანი წლებიდან ტექნოლოგიებმა საქართველოშიც შემოაღწია, მაგრამ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ომმა, ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა. შეფერხდა WWW-ის გავრცელებაც. 

თუმცა, სწორედ ამ პერიოდში, რამდენიმე ადამიანს საშუალება მიეცა,  Hayes-ის მოდემთან ემუშავა და ინტერნეტ ქსელში გასულიყო. თბილისში ამ დროს უკვე არსებობდა რამდენიმე აქტიური BBS კვანძი, მათ შორის, Nariani, ForumBBS, CompMath და Caucasian Exchange, რომლებიც რამდენიმე ასეულ ადამიანს, ფაილების არქივს, ექო-კონფერენციებს, დისკუსიებსა და კიბერანდერგრაუნდს აერთიანებდა.

«უკვე დაწყებული იყო ენერგოკრიზისი. იმ უშუქობაში, მერიის სარეზერვო ხაზზე დასმული იყო ორარხიანი BBS, სადაც ერთდროულად 2 მომხმარებელს შეეძლო შემოსვლა და ერთმანეთთან მიმოწერა».

BBS 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, მომხმარებლები ერთმანეთთან მონაცვლეობით, ძალიან სწრაფად გადიოდნენ კავშირზე. საჭირო გახდა მეორე მოდემი და კიდევ ერთი არხის დამატება. დროის გასვლასთან ერთად, ერთი მოდემი იქცა ადგილად, რომელსაც ჰყავდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია და ჰქონდა რეალური სარგებელი კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებაში ინტერნეტის შემოსვლამდე.

«დღევანდელი გადასახედიდან, ეს ყველაფერი შესაძლოა საზღვარგარეთ არსებული 100-არხიანი BBS-ების, იქაური ვარეზ-სცენის და კიბერანდერგრაუნდის მკრთალ  ანარეკლად დავინახოთ, მაგრამ იმ დროს, საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე, ჩვენთვის ეს იყო თავისუფლების ყლუპი — მომავალი XXI საუკუნის შემობიჯების ნიშანი».

სწორედ მსგავს ქსელებს უკავშირდება სხვადასხვა მხატვრული თუ არამხატვრული ნაწარმოების გავრცელება, რომლებიც 1991-1992 წლებში ტექსტური ფაილების სახით ვრცელდებოდა და შემდეგ კუსტარულად იბეჭდებოდა. წიგნები, სახელმძღვანელოები და პერიოდიკა, გამომცემლობების გააქტიურებამდე ხელმისაწვდომი სწორედ BBS მოდემებით ხდება. 

BBS გახდა სივრცე, რომელიც სოციალური ქსელების პირველი პროტოტიპი იყო.

«გამოჩნდა ფორუმების და შემდგომში განვითარებული სოციალური ქსელების პირველი ჩანასახები, სადაც საკმაოდ ცოცხალი დისკუსიები მიმდინარეობდა იმ დროისთვის აქტუალურ საკითხებზე, როგორც ტექნოლოგიური სფეროს გარშემო, ისე პოლიტიკის და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე»

კომპანია Azry-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დავით ჯაფარიძე, გვიყვება, რომ 1990-იან წლებში გამონაკლისის სახით არსებობდა ადგილები, სადაც ტექნიკაზე წვდომა ჰქონდათ, მაგალითად, ბანკები და დიდი ორგანიზაციები. თუმცა, 90-იანი წლების მეორე ნახევარში ამ ადგილებშიც რთულად შეამჩნევდით იმ დროისთვის მაღალი შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგიებსა თუ ინტერნეტთან წვდომას. ტექნოლოგიების განვითარების ტემპი ძალიან ნელი იყო. 

დავით ჯაფარიძე
«კომაროვში და განათლების სამინისტროში იყო კომპიუტერები. ძირითადად სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ყიდულობდნენ ამ ტექნიკას. საკმაოდ ძვირადღირებული იყო, მინიმუმ 1000 დოლარი ღირდა»

კომპიუტერული ტექნიკა ჰქონდათ კერძო კომპანიებშიც, თუმცა, აქ ეს პირადი ამოცანების შესრულებას ემსახურებოდა, იქნებოდა ეს ბუღალტრული საქმიანობა თუ რამე სხვა.  

დავით ჯაფარიძე იხსენებს თავის პირველ ამერიკულ გამოცდილებას, რომელიც 2001 წელს მიიღო და განსხვავებას, რომელიც იმდროინდელ საქართველოსა და ამერიკულ ცოდნაში დაინახა. 

დავით ჯაფარიძე
«2001 წელს მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დავიწყეთ ამერიკელებთან აუთსორსზე მუშაობა. მაშინ მივხვდით, რომ როცა გვეგონა, პროგრამირება, კოდის წერა, მეთოდოლოგია ვიცოდით, თურმე ასე არ ყოფილა. ბევრი კოდის სისტემა და უამრავი სხვა რაღაც არსებობდა, რაც ამ პროცესს სჭირდება — ფორუმები, საწყისი კოდის შესანახი ადგილი, პრობლემების აღწერა, შემდეგ, ამ პრობლემებზე მუშაობა და სხვა. როგორც ნებისმიერი საწარმოს ავტომატიზაცია ხდება, მაშინ გავიგეთ, რომ კოდის წერაც ავტომატიზებული პროცესია და სხვადასხვა პროცესისგან შედგება. საქართველოში ეს ყველაფერი არ ვიცოდით. ჩემი პირველი შეხება რეალურ სამყაროსთან აქ მოხდა. მაშინ მივხვდით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და როგორი შეიძლება იყოს სტანდარტი». 

1990-იან წლებში, გარდა უშუალოდ მოწყობილობებისა, რთულად ხელმისაწვდომი იყო სპეციალური ლიტერატურა და შესაბამისად, ინფორმაციაც. 

თუმცა, 1994-1996 წლებში ქვეყანაში დაიწყო ტექნიკური სწავლების ეტაპი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მემკვიდრეა, რომელიც თსუ-ში 1963 წელს კიბერნეტიკის ფაკულტეტის სახელწოდებით დაარსდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტს პირველი მიღება 1964 წელს ჰქონდა, ხოლო მისი შექმნა გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარებაში არსებულმა მიღწევებმა და საქართველოში არსებული კიბერნეტიკის ინსტიტუტში კადრების საჭიროებამ გამოიწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, როცა უმაღლეს სასწავლებელში მსგავსი ფაკულტეტი გაიხსნა. 

ფაკულტეტი სტუდენტებს კიბერნეტიკისა და სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის სპეციალობით იღებდა. ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორია.

კათედრა უძღვებოდა სტუდენტების მომზადებას კიბერნეტიკის სპეციალობით. კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი მუშაობას აგრძელებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 2006 წლიდან, უნივერსიტეტში ჩატარებული რეფორმის შემდეგ, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ეკუთვნის. 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანანა ხაჩიძე dev.ge-ს ეუბნება, რომ 2006 წლიდან არსებული კურიკულუმი უკვე მიახლოებული იყო იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო აწესებს. თუმცა, მანამდე ფაკულტეტის ტექნოლოგიური რესურსები მემკვიდრეობითი მიღებულ ტექნიკა იყო. 

მანანა ხაჩიძე
«ისეთი სიტუაცია გვქონდა, რომ ორი კომპიუტერიდან ერთი თუ გამოგვივიდოდა, მადლობლები ვიყავით. ინტერნეტს რაც შეეხება, მეტ-ნაკლებად მაინც გვქონდა წვდომა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაშინ, მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ. ინფრასტრუქტურულად ბევრის შესაძლებლობა არ გვქონდა, თუმცა, იმ მომენტისთვის, სტუდენტები მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, დაფაზე არ ვასწავლიდით ტექნოლოგიას». 

მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის) წვლილი საქართველოს ტექნოლოგიური ისტორიის განვითარებაში. 

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კიბეებთან. ვიქტორ ერშოვის ფოტო, 1970-იანი წლები.

სტუ-ში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1957 წელს შეიქმნა. 1954 წელს დაარსდა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა. იმ დროს არსებული ხელსაწყოთმშენებლობის კათედრა, რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, გარდაიქმნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრად. 1962 წელს კათედრა გაიყო გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრებად.

ამ პერიოდში სამყარო მე–3 ინდუსტრიული რევოლუციის პროცესში შევიდა, განვითარდა ავტომატიზაცია და მართვის სისტემები. კომპიუტერული ტექნოლოგიები ჯერ კიდევ აღიქმებოდა, როგორც ერთ–ერთი ახალი ტექნოლოგიური სიახლე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან იმნაიშვილი ამბობს, რომ ფაკულტეტი და თავად ტექნიკური უნივერსიტეტი სამ ფუძეზე დგას. 

ლევან იმნაიშვილი
«საუნივერსიტეტო საქმიანობა პირველ რიგში მოიცავს სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროცესს. საინჟინრო პროფილის უნივერსიტეტისათვის ასევე აუცილებელია საინჟინრო–პრაქტიკული საქმიანობის წარმართვაც. გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან დღემდე, სახეზეა კომპიუტერული ტექნოლოგიების არათუ განვითარება, უფრო მეტიც, ტრანსფორმაცია ახალ ტექნოლოგიებში, ახალ მიმართულებებში. ტექნოლოგიების განვითარების ამ თავბრუდამხვევ ტემპებს ღირსეულად მხარს უბამდა ფაკულტეტის პროფესორების თუ მეცნიერ–მუშაკების მრავალი თაობა». 

ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო–კვლევითი თუ სასწავლო–ლაბორატორიული ბაზები. მოიპოვებოდა სასწავლო ლიტერატურა. 

ლევან იმნაიშვილი
«ათეული წლების მანძილზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ყოველთვის იდგა საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ავანგარდში. ვფიქრობ, ფაკულტეტი ამას დღესაც ღირსეულად ასრულებს». 


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება — კონფერენცია თსუ-ის სტუნდენტებისთვის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.