გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
საქართველოში ტექნოლოგიური, კომპიუტერული განათლების დაუფლების რამდენიმე გზა არსებობს. სასწავლო ცენტრებთან ერთად, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად მომრავლდა, შესაბამის ფაკულტეტს რამდენიმე უნივერსიტეტიც გვთავაზობს. ამ პროფესიის დაუფლების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
საინტერესოა, როგორ აისახება მზარდი მოთხოვნა უნივერსიტეტებზე და როგორ ახერხებენ ყოველწლიურად გაზრდილი რაოდენობის სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — IBSU
IBSU საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე სთავაზობს. პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მისცეს კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტურ და თანამედროვე მიმართულებებში, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერების მათემატიკური საფუძვლები, ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული სისტემები და სხვა.
რაც შეეხება მაგისტრატურას, ამ შემთხვევაში ლექციები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც პროფესიის დაუფლების საშუალებას არა მხოლოდ ქართულად მოსაუბრეს, არამედ საქართველოში ჩამოსულ უცხოელსაც აძლევს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ შოშიაშვილის თქმით, ფაკულტეტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მისი აზრით, ტენდენციაზე გავლენა, გარკვეულწილად, პანდემიამ და მისმა შემდგომმა პერიოდმაც იქონია.
IBSU-ის სტატისტიკის მიხედვით, ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე 2019 წელს 72 სტუდენტი მიიღეს, 2020 წელს — 59, 2021 წელს — 110, ხოლო 2022 წელს — რეკორდული 143.
თამარ შოშიაშვლის აზრით, უნივერსიტეტებში IT ფაკულტეტის ჩამოყალიბება არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელიც კი არის. ის ფიქრობს, რომ თანამედროვე კომპიუტერული და ტექნოლოგიური მეცნიერებების საგნები ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ამ სპეციალობის დაუფლების მსურველთათვის, არამედ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც უნდა იყოს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — სტუ
საქართველოში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს ტექნიკური უნივერსიტეტიც გვთავაზობს, რომელიც შემდეგი საბაკალავრო პროგრამებისგან შედგება:
მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი;
ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, თამარ ლომინაძე dev.ge-სთან ამბობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია.
უნივერსიტეტი სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაბორატორიასაც სთავაზობს, სადაც ახალგაზრდებს თავიანთ პროექტებზე მუშაობა დამოუკიდებლად ან მეთვალყურესთან ერთად შეუძლიათ. სახელოსნოში შესაძლებელია ცოდნის გაღრმავება ელექტრონიკასა და რობოტიკაში.
თამარ ლომინაძე ფიქრობს, რომ უმაღლესი სასწავლებლის IT მიმართულების განვითარება სტუდენტებს დაეხმარება, რომ IT დარგში სიახლეებს ფეხი სწრაფად აუწყონ, განვითარდნენ და პრობლემის გადაჭრის გზები იპოვონ, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი — BTU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, მსურველებს არაერთ მოკლე და გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. BTU-ში გვეუბნებიან, რომ არაერთ პროექტს, აქტივობასა თუ პროგრამას ახორციელებენ და საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიის სფეროს განვითარებაზე ზრუნავენ.
BTU-ის წარმომადგენელმა, ნატა კიზივაძემ გვითხრა, რომ ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იგივე ტენდენცია მოკლე კურსებზეც შეინიშნება.
კიზივაძე სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების აზრს იზიარებს და ფიქრობს, რომ ტექნოლოგიური ფაკულტეტები ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს.
თავისუფალი უნივერსიტეტი
თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროების საწყისებისა და საფუძვლების სწავლაში ეხმარება. თავისუფალ უნივერსიტეტს, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული პროგრამები აქვს. 2022 წლის მონაცემებით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჯამში 2 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი, შოთა ღვინეფაძე dev.ge-სთან ამბობს, რომ გლობალურმა ტრენდმა მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რაც უნივერსიტეტზეც აისახა.
dev.ge ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც (თსუ) დაუკავშირდა, თუმცა მათ კითხვებზე არ გვიპასუხეს.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.