ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
7 აპრილი 2023, 18:40
2023-04-07
ComCom 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს, დაწყებულია საჯარო კონსულტაციები
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. მთვარი მიზანია, აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცეს, აუქციონის პირობებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატოს.
მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა.
5G უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარეს მნიშვნელოვნად გაზრდის, დაყოვნებას შეამცირებს და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით უნდა იხელმძღვანელონ, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს.
ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ოპერატორი — MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან.
კომუნიკაციების კომისიის მიერ ოთხი აუქციონი, ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე გამოცხადდება, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს განაპირობებს.
ოპერატორები, რომლებიც მოცემულ სიხშირეებს მოიპოვებენ, ვალდებული იქნებიან, 5G ქსელით საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაფარონ.
კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ მათ 5G ტექნოლოგიის დასანერგად აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს.
5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გაცემის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა და აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინა. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის, 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ.
5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია «Ernst & Young“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.