ბრიტანეთში ინტერნეტით თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზებული გახდება
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზდება — შესაბამისი ცვლილებები ონლაინ უსაფრთხოების კანონში შევა.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზდება — შესაბამისი ცვლილებები ონლაინ უსაფრთხოების კანონში შევა.
ნებისმიერი კონტენტი, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, არალეგალური იქნება და, ცხადია, ავტორი დაისჯება.
მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა 14 წლის ლონდონელი გოგოს, მოლი რასელის შემთხვევამ მოახდინა, რომელმაც სიცოცხლე 2017 წლის ნოემბერში თვითმკვლელობით დაასრულა.
კულტურის მდივანმა, მიშელ დონელანმა თქვა, რომ აძლიერებს კანონს, რათა დარწმუნდეს, რომ «ასეთი ბოროტი ქმედებები საბოლოოდ აღმოიფხვრება».
«მე მსურს, რომ ამაზრზენი ტროლები, რომლებიც ახალგაზრდებს თვითდაზიანებისკენ მოუწოდებენ, მართლმსაჯულების წინაშე დადგნენ» — თქვა მან.
მოლი რასელმა თავი ინსტაგრამსა და Pinterest-ზე თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების კონტენტის ნახვის შემდეგ მოიკლა.
რასელის მამა ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტის ხარვეზებს აკრიტიკებდა და ონლაინ პლატფორმებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ შინაარსის თვითრეგულირება.
მიმდინარე წლის სექტემბერში გამოძიებამ დაასკვნა, რომ სკოლის მოსწავლე «ონლაინ კონტენტის უარყოფითი ზემოქმედების» გამო გარდაიცვალა.
ოქტომბერში გამომძიებელმა ექსპერტმა, ენდრიუ უოკერმა სოციალური მედიის კომპანიებსა და მთავრობას ცვლილებების მოთხოვნით მიმართა.
დონელანმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის კომპანიები ჩუმად ვეღარ იქნებიან და აუცილებლად დაეკისრებათ ჯარიმა შეურაცხმყოფელი და დესტრუქციული ქცევის გაგრძელებისთვის».
მისი თქმით, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტის განახლება ახალ პრეცენდენტს შექმნის და გაამკაცრებს ყველანაირი კონტენტის გავრცელებას, რომელიც ხელს უწყობს თვითმკვლელობას.
ეს ნიშნავს, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს მოეთხოვებათ, წაშალონ თვითდაზიანების კონტენტი, ხოლო ნებისმიერი პირი, რომელიც ასეთ შინაარსს გამოაქვეყნებს, დაისჯება.
NSPCC-ის (ბავშვთა მიმართ სისასტიკის პრევენციის ეროვნული საზოგადოება) წარმომადგენლის, რიჩარდ კოლრადის შეფასებით, «კარგი ამბავია, რომ მთავრობა აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლის მიხედვითაც, ბავშვები ეწირებიან ონლაინ კონტენტს, რომელიც ხელს უწყობს თვითდაზიანებას».
მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ ის სოციალური მედიების კომპანიები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მიუღებელი კონტენტის უსწრაფესად გავრცელებას.
ამანდა სტივენსმა, რომლის ვაჟი ოლი 2021 წელს ქალაქ რიდიგნში სასიკვდილოდ დაჭრეს მოზარდებმა, რომლებიც მის მკვლელობას სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გეგმავდნენ, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტში შესწორებას «პოზიტიური ამბავი» უწოდა.
«მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც რთულია, არ ნიშნავს, რომ ეს ხელს უშლის წინსვლის სურვილს». — თქვა სტივენსმა.
«საბოლოოდ, ჩვენი შვილები კარგავენ სიცოცხლეს, ჩვენ ვკარგავთ მათ ჩვენი ცხოვრებიდან. ეს არასწორია — და ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ საუკეთესო გზით — წინსვლა» — აღნიშნა მან.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად დეკემბრის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს.
მოლი რასელის საქმის გამოძიების დროს ჩვენებები როგორც Pinterest-ის, ასევე Instagram-ის წარმომადგენლებმა მისცეს.
Meta-ს წარმომადგენელმა, ელიზაბეტ ლაგონმა თქვა, რომ მისი რწმენით, მოლის მიერ ნანახი პოსტები უსაფრთხო იყო, თუმცა, კომპანია მაინც დათანხმდა რეგულაციის დაწესებას.
Pinterest-ის წარმომადგენელმა ჯადსონ ჰოფმანმა გამოძიებას განუცხადა, რომ პლატფორმა «არ იყო უსაფრთხო» როცა გოგო მას იყენებდა. მისი განცხადებით, Pinterest-ს აუცილებლად გააუმჯობესებენ, რათა «უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი».
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მდივანმა დომინიკ რააბმა თქვა, რომ ოჯახებს ისინი ანადგურებენ, ვინც ინტერნეტის დაუცველ მომხმარებლებს თვითდაზიანებისკენ მოუწოდებს.
«ინიცირებული ცვლილებები უზრუნველყოფს კანონის სრული სიმკაცრის გავრცელებას იმ თავხედ და უგუნურ პირებზე, რომლებიც მოწყვლადი ადამიანებით მანიპულირებას ცდილობენ». — განაცხადა რააბმა.