adtech — როგორ იყენებდა პენტაგონი რეკლამას თვალთვალისთვის
2019 წელს სამთავრობო კონტრაქტორმა და ტექნოლოგმა, მაიკ იეგლიმ, ვაშინგტონში ვიზიტები დაიწყო. მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაწესებულებაში ყველასთვის, ვინც მოუსმენდა, მკვეთრი და მნიშვნელოვანი გაფრთხილება ჰქონდა: აშშ-ის მთავრობას Grindr-ის პრობლემა ჰქონდა.
გაცნობის პოპულარული აპლიკაცია Grindr პოტენციური პარტნიორების ერთმანეთთან დასაკავშირებლად იმავე ქალაქში, უბანში ან თუნდაც შენობაში, თანამედროვე სმარტფონების GPS შესაძლებლობებს ეყრდნობოდა. აპლიკაციას შეუძლია, რეალურ დროში აჩვენოს, რა მანძილზეა პოტენციური პარტნიორი.
10 წლის განმავლობაში Grindr-მა მილიონობით მომხმარებელი დააგროვა და მთელს მსოფლიოში გეი კულტურის ცენტრალურ საყრდენად იქცა.
მაგრამ იეგლისთვის Grindr სხვა რაღაც იყო — ერთ-ერთი იმ ათიათასობით უყურადღებოდ შექმნილი მობილური აპლიკაციიდან, რომლიდანაც დიდი რაოდენობით მონაცემები ჟონავდა.
იეგლიმ იცოდა, რომ ეს მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, ვისაც მცირე ტექნიკური ცოდნა ჰქონდა. ამიტომ PowerPoint-ში იმის დემონსტრირებისთვის, თუ რატომ და როგორ წარმოადგენდა ეს მონაცემები ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ რისკს, პრეზენტაცია გააკეთა.
როგორც იეგლი უამრავ სამთავრობო საკონფერენციო დარბაზში განმარტავდა, მან Grindr-ის მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემებზე წვდომა ფარული, მაგრამ ყველგან გავრცელებული შესვლის წერტილის მეშვეობით შეძლო.
ამისთვის ის Grindr-ზე განთავსებულ რეკლამას იყენებდა. როგორც თავად ხსნის, ეს ონლაინ სარეკლამო სივრცის გაყიდვის გზით, თითქმის მყისიერი აუქციონების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს პროცესი, რომელსაც რეალურ დროში ტენდერი ეწოდება, სათვალთვალო პოტენციალით იყო სავსე, რაც იეგლიმ სათავისოდ გამოიყენა.
შეგხვედრიათ რეკლამა, რომელიც, ინტერნეტში «დაგყვებათ»? ზოგიერთ შემთხვევაში, ის თქვენს ზუსტ მდებარეობას თითქმის რეალურ დროში ხელმისაწვდომს ხდის, როგორც რეკლამის განმთავსებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, როგორიცაა მაიკ იეგლი, რომელიც სამთავრობო უწყებებისთვის უნიკალური მონაცემთა ნაკრების მოპოვებაშია სპეციალიზირებული.
Grindr-ის მონაცემებთან მუშაობისას იეგლიმ შენობების ირგვლივ, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ეკუთვნის გეოღობეების (geofences) დახატვა დაიწყო (გეოგრაფიულ მონაცემთა ნაკრებებში ვირტუალური საზღვრების შექმნა).
ეს იეგლის საშუალებას აძლევდა, ენახა გარკვეულ შენობებში გარკვეულ დროს რა ტელეფონს იყენებდნენ და ამის შემდეგ სად მიდიოდნენ. ის Grindr-ის მომხმარებლების ტელეფონებს ეძებდა, რომლებიც დღის საათებს სამთავრობო ოფისების შენობებში ატარებდნენ. თუ მოწყობილობა სამუშაო დღეების დიდ ნაწილს პენტაგონში, FBI-ის შტაბ-ბინაში ან ფორტ ბელვუარში მდებარე ეროვნული გეოსივრცითი-სადაზვერვო სააგენტოს შენობაში ატარებდა, დიდი შანსი იყო, რომ მისი მფლობელი ერთ-ერთ ასეთ სააგენტოში მუშაობდა.
შემდეგ მან Grindr-ის მონაცემებით ამ ტელეფონების მოძრაობის ყურება დაიწყო. როდესაც ისინი არ იყვნენ თავიანთ ოფისებში, სად მიდიოდნენ? მათი მცირე ნაწილი Grindr-ის სხვა მომხმარებლებთან ახლოს, საავტომობილო გზებზე, კერძოდ დასასვენებელ გაჩერებებზე იმყოფებოდა. იეგლის შეეძლო დაედგინა სად ცხოვრობდნენ, სად მოგზაურობდნენ, ან თუნდაც ვის ხვდებოდნენ Grindr-ის მომხმარებლები.
სადაზვერვო სააგენტოებს ხანგრძლივი და სამწუხარო ისტორია აქვთ — ისინი სამუშაო ძალიდან LGBTQ ამერიკელების გაქრობას ცდილობენ, მაგრამ ეს იეგლის განზრახვა არ ყოფილა. მას ვინმესთვის პრობლემების შექმნა არ სურდა.
იეგლის პრეზენტაციის საფუძველზე ფედერალური მთავრობის არც ერთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური ზომები არ მიუღიათ. მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ტექნიკური მონაცემები, რომელიც მსოფლიოს ყველა მობილურ ტელეფონში არსებობს, შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი ყოფილიყო.
გარდა ამისა, იეგლიმ ყველას დაანახა, რომ თითოეულ სადაზვერვო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს უნებურად ავრცელებდნენ.
როგორც იეგლიმ აჩვენა, მთელი ეს ინფორმაცია გასაყიდად ხელმისაწვდომი იყო, თანაც იაფად. და ეს არა მარტო Grindr-ს, არამედ ნებისმიერ აპლიკაციას ეხებოდა, რომელსაც მომხმარებლის ზუსტ მდებარეობაზე წვდომა ჰქონდა. იეგლიმ Grindr აირჩია, რადგან მონაცემების განსაკუთრებით მდიდარი ნაკრების გენერირება შეძლო და მიხვდა, რომ მომხმარებლის ბაზა ცალსახად დაუცველი იყო.
ჩინურმა კომპანიამ 2016 წელს Grindr-ის წილები მოიპოვა, რაც იეგლისა და სხვების შიშს აძლიერებს, რომ მონაცემები აშშ-ის გეოპოლიტიკურმა მტერმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს.
მაგრამ იეგლის მიზანი ამ სესიებზე არ იყო მხოლოდ იმის მტკიცება, რომ სარეკლამო მონაცემები შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და მისი მოქალაქეების კონფიდენციალურობას საფრთხეს უქმნიდა. ეს იმის დემონსტრირებაც იყო, რომ ეს წყაროები «სწორ ხელში» უზარმაზარი შესაძლებლობის მომტანია და მათი სწორი მიზნისთვის გამოყენება შესაძლებელია.
სადაზვერვო სააგენტოებთან საუბრისას მათი ყურადღების მიქცევა იმის ჩვენებით, თუ როდის სტუმრობენ მათი აგენტები გზატკეცილის დასასვენებელ გაჩერებებს, შეუძლებელია და ეს იეგლიმაც მშვენივრად იცოდა.
მაიკ იეგლიმ სარეკლამო მონაცემების სარგებელიც და ხარვეზებიც დაინახა. მისი 2019 წლის ვიზიტები იყო მცდელობა, რომ აშშ-ის დაზვერვის მრავალფეროვან და ხშირად იზოლირებულ სამუშაო ძალებში ცნობიერება აემაღლებინა. იმ დროისთვის ინტელექტუალური სამყაროს რამდენიმე რჩეული კუთხე იეგლის შემოქმედებას უკვე კარგად იცნობდა და მას აქტიურადაც იყენებდა.
იეგლი წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ «სკაუტად» მუშაობდა — ის შესაძლებლობებს ან მონაცემთა ნაკრებს ეძებდა, რომელიც კერძო სექტორში არსებობდა და მათ მთავრობაში დამატებას უწყობდა ხელს. მის სახელს უკავშირდება ტექნიკის დანერგვა, რომელსაც ზოგიერთი პრაქტიკოსი ხუმრობით «ADINT“-ს უწოდებდა. თუმცა, უფრო ხშირად, ADINT სამთავრობო წრეებში ცნობილი იყო, როგორც adtech მონაცემები.
Adtech ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისთვის ციფრული კომერციის ძირითად სასიცოცხლო «სისხლძარღვს» იყენებს — მონაცემების კვალს, რომელიც თითქმის ყველა მობილურ ტელეფონზე მოდის. ედვარდ სნოუდენის მიერ 2013 წელს გავრცელებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჯაშუშურ სააგენტოებს მონაცემების მიღება ციფრული რეკლამის განმთავსებლებისგან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ან ინტერნეტის ჩახშობის წერტილების შეხებით შეეძლოთ.
სნოუდენის პერიოდის შემდეგ მსგავსი ტრაფიკები უკვე იშიფრებოდა; ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემების მოპოვება რეკლამის განმთავსებლების მოსმენით აღარ შეეძლო.
«სარეკლამო ტექნოლოგიების ეკოსისტემა ინფორმაციის შემგროვებელი ყველაზე დიდი საწარმოა, რომელიც ოდესმე ადამიანს მოუფიქრებია. და ის მთავრობის მიერ აშენებული არ არის». — განმარტა ერთ-ერთმა ტექნოლოგიურმა კონსულტანტმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის პროექტებზე მუშაობს.
ყველას, ვისაც iPhone ან Android აქვს, Apple-ის ან Google-ის მიერ «ანონიმური» სარეკლამო ID მიენიჭა. ეს რიცხვი რეალურ სამყაროში ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ინტერნეტ ქცევის თვალყურის დევნებისთვისა და ბევრი სხვა მიზნისთვის გამოიყენება. ამერიკის უმსხვილესმა კორპორაციებმა ამ სისტემაში მილიარდობით დოლარი დახარჯეს. ასეთი მდიდარი და დეტალური მონაცემების კომერციულად ხელმისაწვდომი საცავისთვის, მსოფლიოს მთავრობები დიდ თანხებს სულ უფრო ხშირად იხდიან — მათ ინფორმაციის შეძენა და არა მათი გატეხვით ან საიდუმლო სასამართლოს ბრძანებების საშუალებით მოპოვება სურთ.
აი, როგორ მუშაობს. წარმოიდგინეთ ქალი, სახელად მარსელა. დავუშვათ, ის Google Pixel ფლობს, სადაც ამინდის აპლიკაცია აქვს დაინსტალირებული. როდესაც ის სარბენად გადის, მოღრუბლულ ცას ხედავს, ამიტომ ხსნის აპს, რათა გაიგოს, წვიმს თუ არა.
ამინდის პროგნოზის აპლიკაციაზე დაწკაპუნებით, მარსელა ციფრულ აქტივობას იწვევს, რომელიც მისთვის პერსონალიზებული რეკლამის შეთავაზებას ისახავს მიზნად.
თვალის დახამხამებაში ამინდის აპი ამ სარეკლამო გაცვლას მონაცემთა ჯგუფს უზიარებს — მათ შორის მარსელას ტელეფონის IP მისამართს, Android-ის გაშვებულ ვერსიას, მის ოპერატორსა და ტექნიკური მონაცემების მთელ რიგს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპი მარსელას ტელეფონის ზუსტ GPS კოორდინატებს და ფსევდონიმიზებულ სარეკლამო ID ნომერს აზიარებს, რომელიც მას Google-მა მიანიჭა.
უბრალო ადამიანისთვის სარეკლამო ID უაზრო სტრიქონია, არაფრისმთქმელი bdca712j-fb3c-33ad-2324-0794d394m912. რეკლამის განმთავსებლებისთვის, ეს ოქროს მაღაროა. მათ იციან, რომ bdca712j-fb3c-33ad-2324-0794d394m912 Google Pixel მოწყობილობას ფლობს, რომელშიც Nike Run Club აპლიკაცია აქვს ჩაწერილი. მათ იციან, რომ bdca712j-fb3c-33ad-2324-0794d394m912 Runnersworld.com-ს ხშირად სტუმრობს. და მათ იციან, რომ bdca712j-fb3c-33ad-2324-0794d394m912 Vaporfly-ის ახალი ფეხსაცმელი სურდა. მათ ეს იციან, რადგან Nike, Runnersworld.com და Google ერთსა და იმავე სარეკლამო ეკოსისტემაში არიან ჩართულნი — თითოეული მიმართულია იმის გაგებაზე, თუ რა აინტერესებს მომხმარებელს.
ყველა ამ მონაცემზე გარკვეული შეზღუდვები და გარანტიები არსებობს. ტექნიკურად, მომხმარებელს შეუძლია, მინიჭებული სარეკლამო ID ნომერი (თუმცა ამას ცოტა ადამიანი აკეთებს — ან თუნდაც იცის, რომ აქვს) აღადგინოს. მომხმარებლებს გარკვეული კონტროლი აქვთ იმაზე, თუ რას აზიარებენ. თუ მომხმარებლები აპს, რომელსაც იყენებენ, GPS-ზე წვდომის უფლებას არ მისცემენ, სარეკლამო ბირჟას ადგილმდებარეობის ამოღება არ შეეძლება.
უფრო მეტიც, სარეკლამო ბირჟის სატენდერო პლატფორმები ხშირად მინიმალურ გულმოდგინებას იჩენენ — ასე რომ, დამარცხებულ პრეტენდენტებსაც კი აქვთ წვდომა მომხმარებლის ყველა მონაცემზე, რომელიც ტელეფონიდან ტენდერის მოთხოვნის დროს გამოვიდა.
გეოლოკაცია კომერციული მონაცემების ყველაზე ღირებული ნაწილია. ტელეფონების გადაადგილებების ტრეკინგი მრავალმილიარდ-დოლარიანი ინდუსტრიაა.
ამას კომპანიები მიზანმიმართული რეკლამის მიწოდებისთვის იყენებენ — მაგალითად, რესტორნების ქსელები, რომლებსაც ახლომდებარე ადამიანებისთვის მიზანმიმართული რეკლამის მიწოდება სურთ. მისი მომხმარებელთა ქცევისა და რეკლამის ეფექტურობის გასაზომად გამოყენება აპრობირებული საშუალებაა.
ასეთი მონაცემები სხვა რამისთვის უფრო გამოიყენება — მას შესანიშნავი სათვალთვალო პოტენციალი აქვს. რატომ? იმის გამო, რომ რასაც ჩვენი მოწყობილობებით ვაკეთებთ, ნამდვილად არ არის ანონიმური. ის ფაქტი, რომ რეკლამის განმთავსებლები მარსელას იცნობენ, როგორც bdca712j-fb3c-33ad-2324-0794d394m912-ს, მას კონფიდენციალურობის დაცვის შანსს, ფაქტობრივად, მთლიანად უქრობს.
ეს მთავრობებმაც იციან — იეგლი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც ცდილობდა, გაეგო, როგორ შეეძლოთ მათი ეფექტურად გამოყენება.
2015 წელს კომპანიამ სახელად, PlaceIQ-მ იეგლი დაიქირავა. PlaceIQ მდებარეობის მონაცემების ბაზარზე ადრეული მამოძრავებელი იყო. ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა ხანებში, მისმა დამფუძნებელმა, დანკან მაკკოლმა, მონაწილეობა მიიღო სახმელეთო რბოლაში — ლონდონიდან გამბიაში, დასავლეთ საჰარას ნაღმებით მოფენილ სახმელეთო რბოლაში. მან ყველაზე პოპულარულ პრაქტიკას თავი აარიდა და ბედუინი მეგზურის დაქირავების ნაცვლად, რომელიც მის უსაფრთხო მოგზაურობას უზრუნველყოფდა, ინტერნეტში GPS მარშრუტი აღმოაჩინა.
მაკკოლმა მარშრუტის ჩამოტვირთვა და საკუთარ GPS მოწყობილობაში ჩატვირთვა შეძლო. საბოლოოდ PlaceIQ-მა მობილური სარეკლამო ბირჟების გამოყენება დაიწყო. ეს ახალი ბიზნეს მოდელის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად ძალიან წარმატებული იქნება.
იეგლი მას შემდეგ დაიქირავეს, რაც PlaceIQ-მა CIA-ს სარისკო კაპიტალის ჯგუფიდან ინვესტიცია მიიღო. CIA პროგრამული უზრუნველყოფით იყო დაინტერესებული, რომელსაც ადამიანებისა და საგნების გეოგრაფიული მოძრაობის ანალიზი და გაგება შეეძლო. მას ისეთი შემთხვევების გაშიფვრა სურდა, როდესაც, ვთქვათ, ორი ადამიანი ცდილობდა, დაემალა, რომ ისინი ერთად მოგზაურობდნენ. CIA საკუთარი მონაცემებით პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას გეგმავდა, მაგრამ ყველა სახის სამთავრობო უწყება, საბოლოოდ PlaceIQ-ის სერვისით დაინტერესდა.
იქ მუშაობისას იეგლი მიხვდა, რომ თავად მონაცემები შესაძლოა მთავრობისთვისაც ღირებული ყოფილიყო. PlaceIQ პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომას მთავრობას წარმატებით აძლევდა, მაგრამ მონაცემების ფედერალებისთვის მიყიდვისათვის მზად არ იყო. ამიტომ იეგლიმ სხვა კომპანიას, PlanetRisk-ს მიმართა — ერთ-ერთი ასობით პატარა სტარტაპიდან, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობასთან აქვს კავშირები.
PlanetRisk პროდუქტებს აწარმოებდა, რომლებიც კლიენტებს მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ადგილების შესახებ საფრთხეების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მაგალითად, კომპანიას, რომელსაც მაღაზიის ან ოფისის აშენება სურდა, შეეძლო PlanetRisk-ს დაკავშირებოდა, რომელიც კონკრეტული ადგილის დანაშაულის დონის, სამოქალაქო არეულობის მაჩვენებლისა და ექსტრემალური მდგომარეობის შესახებ მონაცემებს გაანალიზებდა.
PlanetRisk-მა იეგლი 2016 წელს დაიქირავა, როგორც გლობალური თავდაცვის ვიცე-პრეზიდენტი. მიზანი იყო, რომ მას თავისი adtech ტექნოლოგია კონტრაქტორის შიგნით განევითარებინა. ამასთან, იეგლიმ გარკვეული სამთავრობო დაფინანსება მოიტანა.
PlanetRisk-ის ყველაზე ადრეული გაყიდვების დემო ვერსია სირიას ეხებოდა — მათ წლების განმავლობაში, სამოქალაქო ომის შემდეგ სირიიდან გამოსული ლტოლვილების განადგურების და ISIS-ის ძალების წინსვლის რაოდენობრივი შეფასება ევალებოდათ. მონაცემთა კომერციული ბროკერისგან, UberMedia-სგან, PlanetRisk-მა მდებარეობის მონაცემები ალეპოზე (ალყაში მოქცეული სირიის ქალაქი) მოიპოვა. ეს ექსპერიმენტი კომპანიის შესაძლებლობების გასაზომად ჩატარდა.
სირიაში მობილურ ტელეფონებზე მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც შეგიძლიათ? ეს უკვე საინტერესოა. ყველას გასაკვირად, პასუხი იყო დიახ. ქალაქ ალეპოში UberMedia-ს მონაცემთა ნაკრებში 168,786 მობილური მოწყობილობა შედიოდა, რომელიც მობილური ტელეფონების მოძრაობას 2015 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში ზომავდა. ამ მონაცემებიდან მათ შეეძლოთ ლტოლვილების მოძრაობა მთელს მსოფლიოში დაენახათ.
აღმოჩენა, რომ სირიაში ვრცელი მონაცემები არსებობდა, წყალგამყოფი აღმოჩნდა. რეკლამა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის საშუალება აღარ იყო; ეს მილიარდობით ადამიანის ჩვევებისა და რუტინის შესწავლის საშუალებად იქცა.
PlanetRisk-მა მონაცემები მდებარეობის სხვადასხვა ბროკერისგან გამოიყენა — Cuebiq, X-Mode, SafeGraph, PlaceIQ და Gravy Analytics — იქამდე, სანამ UberMedia-ზე შეჯერდა. UberMedia თავდაპირველად სარეკლამო კომპანია იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში, ისევე როგორც მრავალმა სხვა კომპანიამ, UberMedia-მაც გააცნობიერა, რომ მას შეეძლო უფრო მეტი გაეკეთებინა, ვიდრე უბრალოდ რეკლამირებაა. პიკში ყოფნის დროს, UberMedia წამში დაახლოებით 200,000 სატენდერო მოთხოვნას აგროვებდა.
ალეპოდან მონაცემების მისაღებად იეგლიმ UberMedia-ს განუცხადა, რომ მას ეს მონაცემები PlanetRisk-ის ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან მუშაობისის ნაწილში სჭირდებოდა, მაშინ როდესაც კლიენტი თავდაცვის კონტრაქტორი იყო, რომელიც პენტაგონის მიერ დაფინანსებულ კვლევით სამუშაოებს ანხორციელებდა. როგორც ჩანს, UberMedia-ს უფრო გაყიდვა სურდა, ვიდრე იმაზე შეშფოთება, რომ მილიონობით ადამიანის კონფიდენციალურ მონაცემს ავრცელებდა.
როდესაც PlanetRisk-ის ტელეფონის თვალთვალის (phone-tracking) კომერციული პროდუქტის დემო ვესრიის წარმოების დრო დადგა, იეგლის 10 წლის ქალიშვილი მამამისს სახელის მოფიქრებაში დაეხმარა. მათ პროგრამას ლოკომოტივი (Locomotive) უწოდეს.
დემოს შექმნის საერთო ღირებულება დაახლოებით $600,000 იყო, რომელიც პენტაგონის კვლევის დაფინანსების რამდენიმე ჯგუფის მიერ დაიხარჯა. როდესაც PlanetRisk-ის გუნდმა Locomotive მონაცემებში ჩართო, მათ ერთმანეთის მიყოლებით საინტერესო ისტორიები იპოვეს.
ერთ შემთხვევაში მათ მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც სირიასა და დასავლეთს შორის მოძრაობდა — ეს პოტენციური საშიშროება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ISIS დასავლელების რეკრუტირებით, მათი გაწვრთნითა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მიზნით, ისევ სირიაში დაბრუნებით იყო დაინტერესებული. მაგრამ PlanetRisk-ის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ის სავარაუდოდ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკს ეკუთვნოდა.
ისინი მიხვდნენ, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის თვალყურის დევნება ლოკომოტივის მეშვეობითაც შეეძლოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის შესახებ მონაცემთა ნაკრების შეძენის შემდეგ გუნდმა გააცნობიერა, რომ მათ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის თვალთვალი შეეძლოთ — ტელეფონები ყველგან მოძრაობდა, სადაც პუტინი. მათ დაასკვნეს, რომ აღნიშნული მოწყობილობები რეალურად თავად პუტინს არ ეკუთვნოდა; ამის ნაცვლად, მათ სჯეროდათ, რომ მოწყობილობები მძღოლებს, უსაფრთხოების პერსონალს, პოლიტიკურ თანაშემწეებსა და სხვა დამხმარე პერსონალს ეკუთვნოდალ. შედეგად, PlanetRisk-მა იცოდა, სად მიდიოდა პუტინი და ვინ იყო მის გარემოცვაში.
იყო სხვა უცნაურობებიც. მონაცემთა ერთ-ერთ კომპლექტში მათ ტელეფონი აღმოაჩინეს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მუდმივად გადაადგილდებოდა. მოწყობილობა კვირაობით შეერთებულ შტატებში კორეულ ეკლესიაში ფიქსირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მფლობელი ცნობილ ამერიკულ კორპორაციაში მუშაობდა. რატომ მოგზაურობდა იგი შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის? PlanetRisk-მა საკითხი აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებთან განიხილა და საბოლოოდ საქმე ბოლომდე აღარ მიიყვანეს — სულაც არ სურდათ, რომ მათი ტელეფონის თვალთვალის ინსტრუმენტი ფართოდ ცნობილი გამხდარიყო.
რაც ყველაზე შემაშფოთებელია, PlanetRisk-მა Locomotive-ის მონაცემებში აშშ-ის სამხედრო მისიების მტკიცებულებების დანახვა დაიწყო. ტელეფონები ისეთ ამერიკულ სამხედრო ობიექტებში ფიქსირდებოდა, როგორიცაა ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინაში და მაკდილის საჰაერო ძალების ბაზა ტამპაში, ფლორიდა. შემდეგ ისინი ტრანზიტით მესამე მხარის ქვეყნებში გადიოდნენ, როგორიცაა თურქეთი და კანადა, სანამ საბოლოოდ ჩრდილოეთ სირიაში არ ჩავიდოდნენ, სადაც ქალაქ კობანის გარეთ, ცემენტის მიტოვებულ ქარხანაში იკრიბებოდნენ.
PlanetRisk-ის გუნდში გაირკვა, რომ ეს ხალხი აშშ-ის სპეციალური ოპერატორები იყვნენ, რომლებიც უცნობ სამხედრო ობიექტში იკრიბებოდნენ. თვეების შემდეგ მათი ეჭვები საჯაროდ დადასტურდა; საბოლოოდ, აშშ-ის მთავრობამ აღიარა, რომ ობიექტი ISIS-ის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული პერსონალის წინასაოპერაციო ბაზა იყო.
კიდევ უფრო უარესი, Locomotive-ის მეშვეობით ისინი მონაცემებს რეალურ დროსთან საკმაოდ ახლოს იღებდნენ. UberMedia-ს მონაცემები ჩვეულებრივ ყოველ 24 საათში ერთხელ ახლდებოდა, მაგრამ ზოგჯერ, ისინი 15 ან 30 წუთის წინ მომხდარ ცვლილებას ხედავდნენ — მსოფლიოში საუკეთესოდ გაწვრთნილი ქვედანაყოფების ზუსტი და ცვალებადი კოორდინატები ხელმისაწვდომი UberMedia-ს სარეკლამო მონაცემებში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ Locomotive გამართული პროექტი იყო, რომელიც მთავრობას ემსახურებოდა, UberMedia-ის მონაცემების შესყიდვა ყველას შეეძლო, ვინც სარწმუნო საბაბს დაასახელებდა. ჩინეთის ან რუსეთის მთავრობისთვის ამ ტიპის მონაცემების მოპოვება რთული არ უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისე, როგორც ეს მაიკ იეგლიმ გააკეთა.
თავდაპირველად, PlanetRisk მონაცემებს ქვეყნების მიხედვით იღებდა, მაგრამ გუნდს დიდი დრო არ დასჭირდა იმის გასაკვირად, თუ რა დაჯდებოდა მთელი მსოფლიოს «შესყიდვა». UberMedia-ს გაყიდვების წარმომადგენელმა კომპანიას უპასუხა: «თვეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის სანაცვლოდ, ჩვენ დედამიწაზე არსებული ყველა ტელეფონის გლობალურ არხს შემოგთავაზებთ, რომელთა შეგროვებაც კომპანიას შეუძლია». ეს შთამბეჭდავი შეთავაზება იყო. სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებისთვის თვეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი არაფერს წარმოადგენდა — 2020 წელს დაზვერვის ბიუჯეტი 62,7 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
Locomotive-მა, რომლის პირველი ვერსია 2016 წელს იყო კოდირებული, პენტაგონში შეაღწია. ერთ-ერთმა სამთავრობო მოხელემ დემო ვერსიის წარდგენისას შეჩერება მოითხოვა და განაცხადა, რომ დანარჩენი უსაფრთხო სამთავრობო დაწესებულებაში, SCIF-ში უნდა გაეგრძელებინათ, სადაც საიდუმლო ინფორმაციის განხილვა უსაფრთხოდ შეიძლებოდა. ჩინოვნიკს არ ესმოდა როგორ ან რას აკეთებდა PlanetRisk, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს საიდუმლო უნდა ყოფილიყო.
მთავრობის წარმომადგენლები იმდენად იყვნენ ამ შესაძლებლობებით აღფრთოვანებულნი, რომ PlanetRisk-ს Locomotive-ის გაჩუმება სთხოვეს, რათა ის ოპერატიული მეთვალყურეობის პროგრამად გადაექციათ.
PlanetRisk-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა სახალისო ისტორია გაიხსენა, როდესაც ის ერთ-ერთ თანამდებობის პირთან ერთად ლიფტით მგზავრობდა.
თანამდებობის პირმა იკითხა, შეგიძლიათ გაარკვიოთ, ვინ ღალატობს მეუღლეს? რაზეც დაბნეულმა აღმარსულებელმა უპასუხა: «დიახ, ვფიქრობ, შესაძლებელია».
მაშინ, როცა კომპანიამ Locomotive-ის ცოცხალ პროდუქტად გარდაქმნა მოინდომა, იეგლიმ იფიქრა, რომ მისი დამსაქმებელი არასწორ მიდგომას იყენებდა. PlanetRisk მთავრობისთვის მონაცემთა ვიზუალიზაციის პლატფორმის შექმნას ცდილობდა. ამ შემთხვევაშიც, იეგლიმ ჩათვალა, რომ მხოლოდ მონაცემების მიწოდება და ვიზუალიზაციის მთავრობისთვის მინდობა უკეთესი იქნებოდა.
ასე რომ, იეგლისა და PlanetRisk-ის გზები გაიყო. მან თავისი საქმიანი ურთიერთობა UberMedia-სთან ერთად წაიღო. PlanetRisk სამუშაოების სხვა ხაზებზე გადავიდა და საბოლოოდ გაიყიდა. იეგლი ახალ კომპანიაში Aelius Exploitation Technologies-ში წავიდა, სადაც Locomotive-ის რეალურ სამთავრობო პროგრამად გადაქცევის შესაძლებლობა ექნებოდა. იეგლის ტერორისტებზე მონადირე ელიტარული სპეცოპერაციების ძალების მომსახურება სურდა — ამ ძალებმა ოსამა ბინ ლადენი და აიმან ალ ზარქავი მოკლეს და ბოლო რამდენიმე წელი ISIS-ის დემონტაჟში გაატარეს.
იმ დროისთვის, როდესაც იეგლი 2019 წელს Grindr-ის შესახებ სხვადასხვა უსაფრთხოების სააგენტოების გასაფრთხილებლად გამოვიდა, VISR აქტიურად გამოიყენებოდა — ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, როდესაც FBI-ის სურდა, მისი სარგებლიანობა სისხლის სამართლის საქმეებში გამოეცადა.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.