ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია, 2021 წელთან შედარებით, 11 პოზიციით გაუარესდა, 63-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი, 27.9 ქულა დააგროვა. 

კომენტარის დატოვება
2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია, 2021 წელთან შედარებით, 11 პოზიციით გაუარესდა, 63-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა და წინა წლებთან შედარებით ყველაზე დაბალი, 27.9 ქულა დააგროვა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ეს უკუსვლა ბევრად უფრო თვალსაჩინოა იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს საქართველო 37 ქულით 48-ე ადგილს იკავებდა.

კვლევა 8 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

ინოვაციების გლობალური ინდექსი (GII) 130-მდე ქვეყანას აფასებს ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. GII მიზნად ისახავს ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ინოვაციური დანახარჯების (inputs) და პროდუქტების (outputs) გათვალისწინებით. შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 7 თემატური კატეგორიის გარშემო.

შეფასების კატეგორიებია:

  • ინსტიტუტები (პოლიტიკური გარემო, მარეგულირებელი გარემო, ბიზნეს გარემო);
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევები (განათლება, კვლევა და განვითარება);
  • ინფრასტრუქტურა (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ზოგადი ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგრადობა);
  • საბაზრო გარემო (საკრედიტო გარემო, ინვესტიციები, ვაჭრობა, კონკურენცია და ბაზრის მასშტაბი);
  • ბიზნესის განვითარების დონე (დასაქმებულთა ცოდნის დონე, ინოვაციისათვის საჭირო კავშირების არსებობა, ცოდნის მიღების შესაძლებლობა);
  • ცოდნა და ტექნოლოგიები (ცოდნის შექმნა, ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში, ცოდნის გავრცელება);
  • შემოქმედებითი პროდუქტები (არამატერიალური აქტივები, შემოქმედებითი პროდუქტი და მომსახურება, ელექტრონული შემოქმედება).

ინდექსის ანგარიშში ქვეყნების შედეგები განხილულია როგორც ეკონომიკური ჯგუფების (მაღალი შემოსავლის, ზედა-საშუალო, ქვედა-საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები) ჭრილში, ასევე რეგიონულ ჭრილში. GII-ის კვლევის ფარგლებში საქართველო განხილულია, როგორც ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყანა.

2022 წლის გამოცემაში საქართველომ მაღალი შედეგები აჩვენა 7-იდან მხოლოდ 2 კატეგორიაში. კერძოდ, ინსტიტუტები და ადამიანური კაპიტალი შეფასდა ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ქულებით.

თუმცა, საქართველო დანარჩენ 5 კატეგორიაში: საბაზრო გარემო, ინფრასტრუქტურა, ბიზნეს განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები და შემოქმედებითი პროდუქტები — საშუალოზე დაბალი ქულებით შეფასდა.

ზედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნებიდან ინოვაციური განვითარების დონით გამოირჩევა ჩინეთი, პერუ, იორდანია, ბრაზილია, ბულგარეთი, იამაიკა, მოლდოვა, სამხრეთ აფრიკა, და ტაილანდი.

ამ ქვეყნების შემთხვევაში, შედეგები აღემატება მათი განვითარების დონისთვის არსებულ მოლოდინებს, ამ მხრივ კი პირველ ადგილს ჩინეთი ინარჩუნებს.

რაც შეეხება რეგიონულ ჭრილს — საქართველო მიკუთვნებულია დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ჯგუფს, ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიბანი, საუდის არაბეთი, იორდანია, ტუნისი და ა.შ.

რეგიონულ ასპარეზზე საქართველო იკავებს 11-ე ადგილს 19 ქვეყნიდან, რითაც ქვეყნის პოზიცია წინა გამოცემის შედეგებთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესებულია.

საქართველო საშუალოზე მაღალი ქულებით შეფასდა მხოლოდ ინსტიტუტების კატეგორიაში, ხოლო რეგიონის საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები გამოავლინა დანარჩენ 6 კატეგორიაში.

ასევე, 2022 წელს საქართველოს ქულა შემცირდა რამდენიმე კომპონენტში, მათ შორის: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი, საბაზრო გარემო და შემოქმედებითი პროდუქტები.

თუმცა, შეფასების შემცირების მიუხედავად, ქვეყანა 5 პოზიციით დაწინაურდა მსოფლიო რეიტინგში, რაც მიუთითებს ინდექსის მეთოდოლოგიურ ცვლილებაზე, რამაც გავლენა იქონია ყველა შეფასებულ ქვეყანაზე. ხოლო, ცოდნა და ტექნოლოგიების კომპონენტში ქულის გაუმჯობესების მიუხედავად რეიტინგში ცვლილება არ შეინიშნება, რაც მეტყველებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით განვითარების დაბალ ტემპზე.

საქართველოს მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგად ინდექსმა დადებითი ტენდენცია გამოავლინა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და ინოვაციურობას შორის კავშირის თვალსაზრისით — საქართველოს შედეგების მიხედვით ტენდენცია კვლავ დადებითია, თუმცა გაუარესებულია 2020 წლის შედეგებთან მიმართებით.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის კვლევაში საქართველო 32.4 ქულით 63-ე ადგილს იკავებდა. თუმცა, 2020 წლის მაჩვენებლებით, რეიტინგი 11 ადგილით გაუარესდა და საქართველო 74-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

გაუარესების მიზეზად მკვლევრები ქვეყნისგან დამოუკიდებელ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის ახალი მონაცემების ხელმისაწვდომობას და ცვლილებებს GII-ის მეთოდოლოგიაში. თუმცა, ასევე აღნიშნავენ კონკრეტულ კატეგორიებში გაუარესებას, როგორც ინვესტიციების შემცირების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით. საქართველოს რეიტინგი ინდექსის 7 კატეგორიიდან 4-ში საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ საბაზრო განვითარების კატეგორიაში 34-ე ადგილიდან 72-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ადამიანური კაპიტალის კატეგორიაში 60-დან 70-ე ადგილზე, ბიზნესის განვითარების კატეგორიაში 61-დან 64-ე ადგილზე, ხოლო შემოქმედებითი პროდუქტების კატეგორიაში 74-დან 86-ე ადგილზე. მცირედით გაუმჯობესებულია ინსტიტუტების და ინფრასტრუქტურის რეიტინგი, ხოლო ცოდნა და ტექნოლოგიების მაჩვენებელი შენარჩუნებულია შარშანდელ ნიშნულზე.

მიუხედავად წლევანდელი გაუარესებისა, საქართველო კვლავ უსწრებს რეიტინგში მეზობლებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენებს. კერძოდ, 2022 წლის შედეგებით, მეზობელი, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიისპირეთის 11 ქვეყნიდან საქართველო მერვე ადგილზეა და შედეგებით უსწრებს მხოლოდ ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

2019 წლის მონაცემებით, რუსეთი, უკრაინა და საქართველო რეიტინგში 46-ე, 47-ე და 48-ე ადგილებს იკავებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, საქართველოსგან განსხვავებით, მათი შედეგები მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა, რის გამოც ქვეყნებს შორის სხვაობა ყოველწლიურად იზრდებოდა. 

დასკვნა 

IDFI აღნიშნავს, რომ 2020 წლის COVID-19 პანდემიის შემდეგ მთელს მსოფლიოში გამოიკვეთა ინოვაციური საშუალებების ინტენსიური განვითარება, რაც ერთი მხრივ, წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის მიერ მიღებული დარტყმის დაკომპენსირების მცდელობას და ბრძოლას გადარჩენისთვის უჩვეულო პირობებში. GII-ის 2021 და 2022 წლის შედეგების შედარებით თვალსაჩინოა, რომ შედეგები ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე პერიოდში არსებულ მაჩვენებლებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი და 2022 წლის GII კვლევის ფარგლებში თვალსაჩინოა პროგრესის შენელება. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგად გაუარესებასთან ერთად სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შემთხვევაში უფრო მძაფრი უკუსვლა ვლინდება.

კერძოდ, გასულ წელთან შედარებით, 4 კატეგორიაში გაუარესდა შედეგები, საბაზრო განვითარების, ადამიანური კაპიტალის, ბიზნესის განვითარების, და შემოქმედებითი პროდუქტების კატეგორიებში შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახა ქვეყნის საერთო რეიტინგზე.

IDFI-ის შეფასებით, ინოვაციების გლობალური ინდექსის 2022 წლის საქართველოს შედეგები აჩვენებს კონკრეტულ სფეროებში ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებულ სტაგნაციას.

«ინოვაციური შესაძლებლობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში, შესაბამისად აუცილებელია ამ სექტორში არსებულ გამოწვევებისადმი კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომა და ხარვეზების აღმოფხვრა, განსაკუთრებით საყურადღებოა განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროები. ასევე მნიშვნელოვანია ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურის ჩამოყალიბება როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ეგრეთ წოდებული სარისკო კაპიტალის (venture capital) დაინტერესების და მოზიდვის მეშვეობით.

ასევე გასათვალისწინებელია ის კონკრეტული ინდიკატორები, რომელთა შესაფასებლად მონაცემები ვერ შეგროვდა. მნიშვნელოვანია ნახსენებ წყაროებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მოძველებული მონაცემების განახლება». — მიუთითებს IDFI. 



ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.