17 წლის ბიჭმა 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა, ის დაკავებულია
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშატნაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშატნაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა.
უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს ფეისბუქ-მესენჯერში მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან. დაზარალებულმა გოგომ ბრალდებულ ბიჭს სწორედ მაშინ ნებაყოფლობით გაუგზავნა თავისი ცეკვის ვიდეო.
მოგვიანებით ბიჭმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, უარის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ფოტოშოფით მისი ცეკვის ვიდეოს დაამონტაჟებდა ისე, რომ გოგო გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდეგ მის მშობლებს გაუგზავნიდა.
მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც «მესენჯერით» ბრალდებულს გაუგზავნა.
ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაგზავნის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელება, ვიდეოს გადაღება და გადაგზავნაც მოსთხოვა, ხოლო უარის შემთხვევაში, უკანონოდ მოპოვებული უკვე გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის მშობლებთან და ნათესავებთან გავრცელებით დაემუქრა.
მუქარისა და იძულების შემდეგ, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გაუგზავნა.
ამის შემდეგ გოგომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყებამ გამოძიება დაიწყო.
სამსახურის ცნობით, ბიჭის პირადი ტელეფონიდან ამოიღეს არასრულწლოვანი გოგოს ინტიმური მასალები, შემდეგ კი ბრალდებული დააკავეს.
«დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს». — ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.