ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძესტარტაპები
24 ნოემბერი 2022, 10:15
2022-11-24
Wally - ქართული ციფრული სამხატვრო გალერეა
Wally ონლაინ გალერეაა, რომელიც ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ს ეკუთვნის. ციფრული გალერეის მიზანია, თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ხელოვნების ყიდვა-გაყიდვის პროცესი გაამარტივოს.
Wally-ის დამფუძნებელი, გვანცა კიკალიშვილი Dev.ge-სთან გალერეის შექმნის პროცესს იხსენებს და თავის იდეას გლობალურ პანდემიას უკავშირებს — მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, მათ შორის, სახელოვნებო სივრცეები, საჭირო გახდა გამოსავლის პოვნა. ამასთან, თანამედროვე ქართული ხელოვნება, რომელიც აქამდე მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იყო ხელმისაწვდომი, ცნობადობის გაზრდას საჭიროებდა.
პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესი კომპლექსური იყო. საჭირო გახდა კვლევა, მნიშვნელოვანი ტექნიკური დავალებების მომზადება. Wally-ის მიზანი სტანდარტული ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნა არ ყოფილა.
«ეს არ უნდა ყოფილიყო ტრადიციული e-commerce პლატფორმა. თუმცა, ამავე დროს, არ უნდა ყოფილიყო ძალიან სტატიკურიც. აი ამ ბალანსის მოძებნისთვის დრო დაგვჭირდა და შემდეგ Angel ინვესტორი, რომელიც დაგვეხმარა ამის განხორციელებაში.» — გვიყვება კიკალიშვილი.
რაც შეეხება საიტის მუშაობას: მომხმარებელს შეუძლია საიტზე შესვლა, ნამუშევრების დათვალიერება და მხატვრების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა. სურვილის შემთხვევაში ნამუშევრის შეძენისთვის საჭიროა ინფორმაციის შეყვანა, რათა Wally-მ შეძლოს ნამუშევრის მომხმარებლამდე მიტანა. გადახდა ბარათით ხდება. ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინება ადასტურებს მოხმარებლის მიერ ნამუშევრის შეძენას. ნახატი მყიდველამდე შეძენიდან 48 საათის განმავლობაში მივა. მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა, ნამუშევრების შეძენა საზღვარგარეთაცაა შესაძლებელი.
საიტზე შეხვდებით სხვადასხვა ტიპის ფილტრებს, რომლებიც ყიდვის გამოცდილებას უფრო კომფორტულს ხდის. მომხმარებელს შეუძლია, ნამუშევარი შეარჩიოს ფერის, ფასის, მედიუმის, თემატიკისა და ზომის მიხედვით.
«ამ კატეგორიების შექმნის დროს ჩვენი მიზანი იყო, რომ ადამიანს მარტივად მოეძებნა სათავისო ნამუშევარი.» — ამბობს გვანცა კიკალიშვილი
ფილტრების შერჩევისას, გვანცას თქმით, ითვალისწინებენ მომხმარებლის პერსპექტივას.
მისი დაკვირვებით, საქართველოში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული სახელოვნებო სექტორი მომხმარებლებს არ აღიარებს და შენაძენის შემდეგ აღარ ხდება კომუნიკაცია.
«ჩვენ კვლევის პროცესში მივხვდით, რომ ხელოვნების შემთხვევაში ხარისხის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველას შევხვდებით, ყველას ნამუშევარს ვნახავთ, მაგრამ ჩვენს საიტზე განვათავსებთ მხოლოდ იმ ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენს კონცეფციაში ჯდება. მესმის, რომ ყველა მხატვარია, რაც სუბიექტური განაცხადია, მაგრამ ჩვენ ვარჩევთ ისეთ ნამუშევრებს, რომლებისაც გვჯერა, რომლებიც ხვალ უფრო ძვირი ეღირება ვიდრე დღეს». — გვიყვება კიკალიშვილი.
Wally-ის ქართველი მომხმარებლები საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც უკვე შეუძენიათ ხელოვნების ნიმუშები. რაც შეეხება უცხოელ მყიდველებს, აქ უფრო მეტად პროფესიონალები, მხატვრები და სხვადასხვა გალერეის წარმომადგენლები ჭარბობენ.
«როცა მუშაობა დავიწყეთ, ვამბობდით, გვინდა ისეთ ადამიანებს შევაძენინოთ ხელოვნება, რომლებსაც აქამდე არ უყიდიათ, მაგრამ ტრენდი აჩვენებს, რომ თუ არასდროს გიყიდია, ძალიან ძნელია პირველად შეიძინო ხელოვნების ნიმუში». — ამბობს გვანცა კიკალიშვილი.
საიტზე რეგისტრაცია და მისი გამოყენება ამ ეტაპზე უფასოა, თუმცა მომავალში, შრომატევადი საქმისა და ხარისხის კონტროლის მაღალი დონიდან გამომდინარე, იგეგმება მონეტიზაციის ფორმატის შემოღება. ასევე, კოლექციონერთა კლუბის შექმნა.
«მომხმარებლისთვის რეგისტრაცია და ნამუშევრის შეძენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ გვექნება. შემდეგ, ვფიქრობთ, საწევრო გადასახადის შემოღებას. იქნება ერთგვარი კოლექციონერების კლუბი, რომლებსაც ექნებათ ისეთ ნამუშევრებზე წვდომა, რომელიც საჯარო არ არის. უბრალოდ საქართველოსთვის ვფიქრობ ჯერ ადრეა მსგავსი კლუბის შექმნა, ამიტომ ვგეგმავთ, საერთაშორისო ბაზარზე გავაკეთოთ მსგავსი კონცეფცია ონლაინ ფორმატში». — გვიყვება გვანცა კიკალიშვილი.
ამ ეტაპზე Wally მხოლოდ ვებ გვერდის სახით ემსახურება მომხმარებლებს, თუმცა მონეტიზაციის მოდელის ჩაშვებასთან ერთად, გუნდის წევრები აპლიკაციის საჭიროებასაც ხედავენ.
სირთულეებზე საუბრისას, გვანცა ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ხელოვნების ნიმუშების ყიდვის მიმართ. მისი თქმით, საქართველოში ღირებულად მხოლოდ სახელიანი არტისტების ნამუშევრები ითვლება.
«მხატვრები რომლებსაც ჩვენს ვებ გვერდზე ნახავთ, ძალიან ცოტა გამოფენა აქვთ, ან შეიძლება, საერთოდ არ ჰქონიათ. ისინი არიან კარიერის პირველ და მეორე ეტაპზე მყოფი არტისტები და არა ადამიანები, რომელთა ნამუშევრებიც მუზეუმში კიდია. მათდამი საზოგადოების ნდობა დაბალია, რაც სწორედ ამ გავრცელებული ტრენდის, აღქმის შედეგია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ორიენტირებულია ახალი სახელებისა და მიმართულებების აღმოჩენაზე». — გვეუბნება Wally-ს დამფუძნებელი.
გვანცა ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებზეც. საიტზე ახალი ფუნქციების დამატებას ფინანსური ინვესტიცია სჭირდება, ხოლო თავად ბიზნესი სეზონურია და მოთხოვნა ძირითადად საახალწლო და საქორწინო პერიოდებშია.
პროექტი თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან — Wally-მ ითანამშრომლა ვაშინგტონის ყველაზე ძველ კერძო გალერეასთან, გაიმართა ერთობლივი გამოფენა პორტუგალიელ კურატორთან ერთად.
ახლა Wally ბრიუსელში ბაზირებულ გალერეასთან ერთად ახორციელებს პროექტს, რაც გულისხმობს მათ ვებ გვერდზე ქართველი ხელოვანების წარმოჩენას და პირიქით.
აღსანიშნავია, რომ Wally-ს რეკლამა გადიოდა Metaverse-ში.
«ქართული არტი იყო პირველი არტი, რომელიც Metaverse-ის აუდიტორიამ დაინახა.» — ამბობს კიკალიშვილი.
გვანცას თქმით, ციფრული გალერეის პირველ მიზანს ქართველი არტისტების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზრისთვის გაცნობა წარმოადგენს.
«ჩვენ გვჯერა ტექნოლოგიის. გვჯერა, რომ ქართული ხელოვნების გაციფრულება არის მომავალი». — ამბობს გვანცა კიკალიშვილი.