ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასტარტაპები
25 ოქტომბერი 2023, 11:00
2023-10-25
ვინ მოიგო GITA-ს 25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი შიდა ქართლში
GITA-მ შიდა ქართლში ინოვაციების 25 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოავლინა. შვიდი გამარჯვებული პროექტიდან ოთხს გრანტს გადასცემს GITA, სამ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.
Strive — ონლაინ «მარკეტფლეისი», რომელიც კონკურენტუნარიანი მატჩების მოყვარულ ვიდეო-მოთამაშეებს ეხმარება თამაშის მენტორის პოვნასა და «გეიმფლეის» გაუმჯობესებაში, ხოლო, მეორეს მხრივ, მენტორებს საკუთარი თამაშის უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.
Dreamy — აპლიკაცია არის სიზმრების სოციალური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხარებელს მისი სიზმრების ვიზუალიზაციის, ანალიზის, შენახვისა და მეგობრებთან გაზიარების. სიზმრების ფსიქოანალიზის შესაქმნელად პლატფორმა იყენებს AI-ს და წარმოქმნის ვიზუალიზაციას ფოტოების ან ნახატების გამოყენებით.
მასკოტოპია — პროექტი გთავაზობთ ხელოვნურ ინტელექტზე (შემდგომში AI) დაფუძნებული მასკოტების (ანიმაციური პერსონაჟების ფორმები,რომლებიც ღონისძიებებზე აცვიათ ანიმატორებს. მაგ: მიკი მაუსი, კუნინძა და ა.შ) საწარმოს შექმნას.
BAZI — მობილური, ამთვლელი სენსორებით აღჭურვილი აკუსტიკური (ატმოსფეროში ბგერითი ან დარტყმითი ტალღის გამავრცელებელი) სისტემის დამზადება, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, აგენერირებს სპეციფიკური დიაპაზონის, სიხშირისა და სიგრძის ტალღებს, რომლითაც ხორციელდება უკონტაქტო მანიპულაცია მცენარეების ვეგეტატიურ ორგანოებზე დამტვერვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის საფუძველზე ასევე შესაძლებელია დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკის შეფასება და შეტყობინება, სავარაუდო პროდუქტიულობის პროგნოზირება.
Kiddos — საბავშვო ნივთების C2C «რისეილ» პლატფორმა, რომელიც ეხმარება მშობლებს, გაყიდონ მცირეწლოვანი შვილების გამოუყენებელი ნივთები სახლიდან გაუსვლელად.
დიჯიტალ ბაზარი — ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს მათი პროდუქციის ონლაინ გაყიდვაში.
ინტერაქციული STEAM წიგნი — სტარტაპის იდეას წარმოადგენს, გამომცემლობის ჩამოყალიბების გზით, საგანმანათლებლო ტიპის ინტერაქციული STEAM წიგნების სერიის გამოშვება, რომლებიც განკუთვნილი იქნება 10 წელზე ზემოთ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის და ორიენტირებული იქნება სხვადასხვა სამეცნიერო კონცეფციის სწავლებაზე, როგორიცაა ელექტროენერგია, ბუნება, მწვანე ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რობოტიკა, პროგრამირება და სხვა.
ინივაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებით, რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება — ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით.
ეს მიმართულებებია:
პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში;
ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში;
რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი.
GITA-ს 25 000 ლარამდე გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე, არარეგისტრირებული პირი, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე ვალდებულია, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირდეს.