ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეკრიპტო
11 იანვარი 2023, 20:02
2023-01-11
StepN საქართველოში - გამდიდრების სურვილიდან სესხებამდე
2022 წლის მარტში დიწყო პროცესი, რომელიც მომხმარებლების უმრავლესობაზე უარყოფითად აისახა — საქართველომდე მოაღწია StepN ბოტასმა — ფულის გამომუშავების, ერთი შეხედვით, უდარდელმა საშუალებამ. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ან შეიძინა ბოტასი ან ამის უდიდესი სურვილი ჰქონდა. გამდიდრების სურვილი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ არც სესხის აღებას ერიდებოდნენ. «დღემდე ვიხდი სესხს ამ შეცდომის გამო, ნამდვილი ბოტასი მეყიდა, გავცვეთდი მაინც» — ნახევრად ხუმრობით ამბობს ჩვენი კითხვის პასუხად მომხმარებელი, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა არჩია.
ქართველ მომხმარებლებს Facebook ჯგუფიც აქვთ, Stepn Georgia, სადაც თავიდან ბოტასის სიდიადესა და გამდიდრების სქემებს განიხილავდნენ, ახლა კი, მას შემდეგ, რაც დაზარალდნენ, ძირითადად, ამ საკითხზე სიმწრის სიცილით არიან დაკავებულნი.
რა არის StepN?
StepN-ის მუშაობის სქემა მარტივია. ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ღია ცის ქვეშ სიარულში, ძუნძულსა და სირბლში ციფრულ ფულს (GMT) გიხდით. აპლიკაცია მთლიანად ბლოკჩეინ Solana-ზეა აგებული და ფულს NFT-ით იხდის.
თამაშის სურვილის შემთხვევაში ციფრულ ბოტასს ყიდულობთ. ფულის გამომუშავებაც ფეხსაცმლის სიძლიერის პროპორციულია. კრიპტოვალუტა კი შეგიძლიათ ბოტასის კიდევ უფრო გაძლიერებას მოახმაროთ ან ნაღდ ფულში გადაცვალოთ.
თუ ორ ბოტასს იყიდით, მათი შეჯვარება შეგიძლიათ, როგორც STEPN-ის მომხმარებლები უწოდებენ, «დამინთოთ» ახალი, მესამე ფეხსაცმელი.
პლატფორმამ პოპულარობა მალე მოიპოვა. 2022 წლის მაისში Forbes-ი წერდა, რომ აპლიკაციას თვეში 2.3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ყოველდღე კი ნახევარი მილიონი ადამიანი იყენებდა
აპლიკაცია ფულს გამოიმუშვებს, მაგრამ შემქმნელები ამბობენ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.
«გვინდოდა, წაგვექეზებინა სხვები, რათა მეტი ევარჯიშათ». — ამბობდა STEPN-ის თანადამფუძნებელი, იან რონგი.
STEPN-ის ფიასკო და მიზეზები
STEPN, რეალურად, საინტერესო და მიმზიდველ მოდელზე მუშაობდა. ეს გულისხმობს, პლატფორმის მექანიზმის მომხმარებლის ზრდის გარშემო აშენებას და შემოსული შემოსავალის ისევ მომხმარებლებისთვის გადახდას. STEPN ნავაჭრის 6%-ს იტოვებდა.
ეს მიდგომა კი, პოპულარობის მიუხედავად, ხშირად დამღუპველია. ყველა ასეთი პლატფორმა არამდგრად ბაზარს ექვემდებარება, სადაც ფასების დაცემა, მომხმარებლის ინტერესის დაცემის ტოლფასია.
სწორედ ეს დაემართა StepN-საც. ბაზარზე არასასურველმა მდგომარეობამ StepN-ის ძირითადი ტოკენის, GMT-ის, გადაჭარბებული ინფლაცია გამოიწვია. ამან კი თავის მხრივ, ახალი მომხმარებლების მოზიდვას და ძველი მომხმარებლების დაკმაყოფილებას ხელი საგრძნობლად შეუშალა.
თაღლითური სქემა?
საქართველოში მომხმარებლების უმეტესი ნაწილი StepN-ის მოდელს თაღლითურს უწოდებს და ერთი შეხედვით ასეც ჩანს, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ წარუმატებელი და თაღლითური სქემები ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
კრიპტო ბაზრის დამფუძნებელმა, ავთანდილ კუჭავამ dev.ge-სთან ლაპარაკში StepN-ის სქემა, ნაწილობრივ ე.წ პონზის სქემას (პირამიდას) შეადარა. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, თაღლითობის ფორმაა, საინვესტიციო აფიორა, რომელიც ინვესტორებს მოგებას საკუთარი ინვესტიციიდან ან მომდევნო ინვესტორების მიერ გადახდილი ფულიდან უხდის.
პონზის სქემაში გარანტიას გაძლევენ, რომ აუცილებლად გამდიდრდები, რაც STEPN-ის დამფუძნებლებს არასდროს უთქვმთ.
«ასეთ სქემაში ფულს, პირადად, არასდროს ჩავდებდი. შეიძლება არ არის თაღლითობა, მაგრამ უდიდესი რისკია. რთულია, ასეთი პროექტი „გავარდეს“. წარმოიდგინეთ თავი ინვესტორად, გაქვთ ფული და გთავაზობენ, ის ასეთ საქმეში ჩადოთ. იღბალი უნდა გქონდეს, რომ ასეთი პროექტი პოპულარული გახდეს.». — ამბობს ავთანდილ კუჭავა.
დაზარალებულები საქართველოში
Googl Trends-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მაისში ძიებებს შორის STEPN «NFT ბოტასი» ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. მაშინ საქართველოში ამ პლიკაციისადმი ინტერესი Google Trends-მა 100 ქულით შეაფასა. მეორე ადგილოსანი ჩინეთის ქულა კი 38 იყო.
კუჭავა თვლის, რომ ეს არა ინფრომაციის ნაკლებობის ან ხალხის შეცდომაში შეყვანის, არამედ საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოხდა.
საქართველოში StepN-ის მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა იზარალა, ზოგმა ჩადებული ფული ამოიღო, მცირე ნაწილმა კი მცირე მოგებაც ნახა. სიარულით ფულის შოვნის გეგმა იმდენად მომაჯადოვებელი გამოდგა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბანკიდან სესხი გამოიტანა და ახლა, როცა ყველა იმედი გადაეწურათ, დაფარვა საკუთარი სახსრებით უწევთ.
💭 «საერთოდ ცხოვრებაში სესხი არ ამიღია და ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვენდე. თვითონაც ვერ ამოიღეს ფული, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც აიღეს. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ყველაფერი წყალში ჩამეყარა. 1500 დოლარი ღირდა მაშინ 5 ლეველიანი ბოტასი და ასე არაფერში ვიხდი სესხს». — ამბობს StepN-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, თამუნა ქობალია.
ქობალია ერთადერთი, ცხადია, არ არის. პროექტის იდეამ ეკა ბებიაშვილიც მოხიბლა, რომელმაც ტექნიკური ხარვეზის გამო გამომუშავებული თანხა მთლიანად დაკარგა.
💭 «პროექტში ჩართვიდან ზუსტად 10 დღეში მეილის მისამართი შევცვალე, პროგრამამ აურია, gmail.com ის ნაცვლად gmail.co დააგენერირა, ასე ბევრს მოუვიდა, ადმინს მივწერე, თავად კომპანია არ დამეხმარა. ჩხუბსაც რა აზრი ქონდა, ან ვისთან მეჩხუბა, გილგამეშმა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი რგოლი იყო, მოგიგვარებო და ვერაფერი.» — ყვება ეკა ბებიაშვილი.
«თანამშრომელი ჩაერთო, 2022 წლის აპრილში, კმაყოფილი იყო, თან სულ ფეხით დავდივარ, და რას ვკარგავთქო პრინციპით ჩავერთე, მეორე დღესვე ჩემი მეგობრები ამყვნენ, უკმაყოფილო არავიმ დარჩენილა, ყიველდღიურად ცვლიდნენ დარიცხულ GMT -ის, თანხა არ დაუკარგავთ, სწორი სტრატეგიით იმუშავეს». — ამბობს ეკა.
კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელმაც სოლიდური ზარალი მიიღო გამა სევერენჩუკია. იგი კრიპტოვალუტის ენთუზიასტია, რომელსაც ბედი STEPN-ის გარდა უამრავ პროექტში უცდია.
💭 «მგონია, რომ მომავალი ციფრულ სამყაროს ეკუთვნის და მჯეროდა, რომ ეს პროექტი გაამართლებდა. თავის დროზე ვხუმრობდით, ესე რომ გაგრძელდეს დედამიწის ნებისმიერ ქალაქში ვიცხოვრებთო. STEPN-ის შესახებ თავიდან FB ჯგუფიდან გავიგე, მაგრამ თავიდან ვერ დავიჯერე რომ ამ ბოტასში ამდენ თანხას დებ, მაშინ 800$ ღირდა. ბოლოს, აპრილის თვეში, ძალიან რომ დაჰაიპდ, ჩემ გარშემო ყველამ იყიდა და მეც მათ ავყევი. მერე ვამატე ბოტასები და ვამატე, მთელი ფული თამაშშივე ჩავატრიალე და ბოლოს 100 დოლარი გამოვიტანე ჯამში კი 3000 დოლარამდე დავკარგე» — ამბობს გამა სევერენჩუკი.
წარუმატებელ ისტორიებში აქა-იქ, გამარჯვებულებსაც გადააწყდებით. გიორგი ღვინჯილიამ სწორი სტრატეგიით შეძლო და 400 დოლარი მოიგო, რაც დღევანდელი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა მომხმარებელთა უმეტესობა დაზარალებულია, ცოტა არ არის.
💭 «დარბაზში საუბრობდნენ, რომ რაღაც ბოტასი არსებობს, რომელიც ფულს წერს. მომხიბლა თვითონ StepN-ის იდეამ, ეს იყო უპრეცედენტო თავის კლასში. რისკები, რა თქმა უნდა, ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ სწორი სტრატეგიით არსებობდა იმის შანსი რომ მოგებაზე გავსულიყავი. შევიძინე ბოტასი ჯოგერი 1200 დოლარად, ავიყვანე მე-9 ლეველზე და დავიწყე ყოველ დღე გამომუშავებული თანხის დოლარში დაკონვერტირება. 23 დღეში უკვე ჩემი ფული სრულიად ამოვიღე და მალევე მოგებაზეც გავედი. შემდეგ კი ინფლაცია დაიწყო». — ამბობს გიორგი ღვინჯილია.
StepN ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა შელახული რეპუტაცია და კრიპტოსამყაროში არსებული გარემო მის წინააღმდეგ მოქმედებს.
ექსპერტები თვლიან, რომ StepN-ს წარმატებისთვის შეიძლება სხვა ტოკენომიკისა და ფინანსური მოდელის გატარება მოუწოის. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია არსებული სქემით კვლავ წარმატებული StepN ვიხილოთ.
StepN-ის დეველოპერებმა საქმის განსხვავებულად კეთების აუცილებლობა გააცნობიერეს და მომავალს პოზიტიურად უყურებენ. პლატფორმა მიზნად თავისი მომხმარებლებისთვის ახალი ღირებულებებისა და ინოვაციების შეთავაზებას აპირებს.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.