რა არის, როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ სპამ შეტყობინებებს
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად ტრიალებდა შემდეგი სახის შეტყობინება: «ვიდეოში შენ ხარ?» რომელსაც თან ბმული ახლდა. მსგავსი შეტყობინებები დროდადრო ვირუსულად ედება ინტერნეტს და არაერთ ადამიანს უქმნის სოციალური ქსელის პროფილის, პირადი ინფორმაციის, ანგარიშების და ა.შ დაკარგვის საფრთხეს.
რა არის სპამ შეტყობინებები? როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ისინი და როგორ დავიცვათ თავი მათგან?
სპამი არის არასასურველი შეტყობინებების ნაკრები, რომლებიც დიდი რაოდენობით ეგზავნება ადამიანების ფართო ჯგუფებს. ჩვეულებრივ, სპამები იგზავნება ელექტრონული ფოსტით. თუმცა, მისი გავრცელება შესაძლებელია სოციალური ქსელების, ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით. სპამები ხშირად უვნებელი სარეკლამო წერილების სახით იგზავნება და ჩვენი შეტყობინებების განყოფილებებს დაუსრულებლად ავსებს. თუმცა, ზოგჯერ სპამი თაღლითური მიზნებისთვის გამოიყენება და მავნებლური ხასიათი აქვს. სპამი შეტყობინების გაგზავნის აქტია, ხოლო სუბიექტს, რომელიც შეტყობინებას აგზავნის, სპამერი ეწოდება.
სახელი «სპამის» წარმოშობა მონტი პითონის სკეტჩს უკავშირდება. ამ ვიდეოში სასადილოში ვიკინგების კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები და მომსახურე პერსონალი არაერთხელ იმეორებს, რომ ყველამ უნდა ჭამოს სპამი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი. სწორედ ამასთანაა მიმსგავსებული ელექტრონული ფოსტის გადავსება სპამ შეტყობინებებით.
ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, მიშა დევსურაშვილი Dev.ge-ის სპამის გაჩენასა და მის გავრცელებაზე უყვება.
დევსურაშვილის თქმით, ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება სპამის პირველწყაროს დადგენა და სპამერის იდენტიფიცირება. შესაბამისად, სპამებისგან თავის დაცვა უფრო და უფრო ძნელი ხდება.
სპამის სახეები და მიზნები
სპამ შეტყობინების გავრცელებას, შესაძლოა, სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. მიშა დევსურაშვილი სპამის გავრცელების მიზნებს შორის ფულის მოპარვასა და კიბერ ომს ასახელებს.
«როგორც უმეტესი კიბერდანაშაულების შემთხვევაში სპამერის მთავარი მოტივაცია ფულია. მისთვის სპამ შეტყობინებების დაგზავნა სატყუარას წყალში გადაგდებას ჰგავს… სპამის გავრცელების სხვა მიზეზად შეგვიძლია კიბერ ომიც დავასახელოთ მოწინააღმდეგის მოსახლეობის მუდმივი და უწყვეტი დასპამვა იაფი და საკმაოდ დესტრუქციული კიბერთავდასხმის მეთოდია. მით უმეტეს, როცა შეგიძლია, სპამ შეტყობინება გარკვეული სახის მავნე კოდის გასავრცელებლად გამოიყენო.» — ამბობს დევსურაშვილი
სპამ შეტყობინებები გარდა ელ.ფოსტისა თავის თავში მოიაზრებს სხვადასხვა სახის ინტერნეტ სპამებს. როგორებიცაა, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ბმულებით გადავსებული კომენტარების ველი, სენსაციური სათაურებით გაშუქებული ახალი ამბები. ისინი იქმნება ისე, რომ აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება.
სპამის რამდენიმე ძირითადი კატეგორიაა:
სპამები ელექტრონული ფოსტით
ასეთი სახის სპამი ყველაზე გავრცელებულია. ისინი გროვდებიან თქვენს ინბოქსში და ართულებენ ისეთი შეტყობინებების პოვნას, რომლის წაკითხვაც გჭირდებათ. ელექტრონულ ფოსტას, მომხმარებლის ნებართვის შემთხვევაში, აქვს სპამების გაფილტვრის, დარეპორტებისა და დაბლოკვის ფუნქცია.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) სპამი
ასევე ცნობილი, როგორც «სპამდექსირება». SEO სპამი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდებით მანიპულირებასა და საძიებო სისტემებში სპამერების ვებ საიტების რეიტინგის გაუმჯობესებას ეხება. SEO სპამის დაყოფა, თავის მხრივ, ორ დიდ კატეგორიადაა შესაძლებელი:
კონტენტის სპამი — ზოგიერთი სპამერი ავსებს თავის ვებგვერდს პოპულარული საკვანძო სიტყვებით, რათა გვერდი ადამიანების სარეკომენდაციო ველებში უფრო ხშირად გამოჩნდეს. მეორე ნაწილი იყენებს ამაღელვებელ ინფორმაციებს და თავის გვერდზე ნებართვის გარეშე ათავსებს, რათა უფო გამორჩეული გამოჩნდეს.
სპამ ბმულები — თუ კი ოდესმე გადააწყდებით ბლოგის, ფორუმის ან რაიმე სხვა ტიპის პოსტის კომენტარებს, რომლებიც სავსეა საკითხთან არანაირი კავშირის მქონე ბმულებით, თქვენ სპამს მიაგენით. სპამერები ცდილობენ, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მექანიზმის ექსპულატაციას, რათა თავიანთ ვებგვერდზე გადასვლის რიცხვი გაზარდონ.
სპამი სოციალურ ქსელებში
სოციალური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, სპამერებმა მალე იპოვეს სარგებელი და დაიწყეს შეტყობინებების გაგზავნა ბოტებისა და უცნაური პროფილების საშუალებით. სოციალურ ქსელებზე გავრცელებული სპამების უმრავლესობა შეიცავს ბმულებს, რომლებსაც კომერციულ გვერდებზე გადავყავართ და ამ გზით სპამერის ვებგვერდზე ვიზიტორების რიცხვს ზრდის.
სპამ SMS და ზარები
ზოგიერთი სპამერი გზავნის SMS ან რეკავს თქვენს ტელეფონზე, რათა მიიქციოს თქვენი ყურადღება. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი სპამ შეტყობინებებისა და ზარების წყაროს დაბლოკვა და მსგავს შეტყობინებებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებაა.
თუ თქვენ სპამ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს თქვენს Android-ზე ან iPhone-ზე ოპერატორების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ, გააფრთხილოთ ოპერატორი სპამის შესახებ.
ტექნიკური მხარდაჭერის სპამი
ტექნიკური მხარდაჭერის სპამის დროს შეტყობინება მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ ტექნიკური პრობლემა და უნდა დაუკავშირდეთ მხარდამჭერ ჯგუფს ტელეფონის ნომერზე, ან შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე გადასხვლით. ელექტრონული ფოსტის სპამის მსგავსად, ამ ტიპის სპამზე ნავარაუდებია, რომ ის ხშირად მოდის ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიცაა Microsoft ან კიბერუსაფრთხოების კომპანია Malwarebyte.
ამ სახის სპამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში რეალური საიტების მოძიება და იქ განთავსებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაა.
სპამი მიმდინარე მოვლენებზე
მნიშვნელოვანი ახალი ამბები ხშირად გამოიყენება სპამ შეტყობინებებში მნახველის ყურადღების მისაქცევად. 2020 წელს, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემია ჯერ კიდევ ახალი იყო საზოგადოებისთვის, გაიზარდა სახლიდან მუშაობის მაჩვენებელი. ზოგიერთმა სპამერმა გაგზავნა ისეთი შეტყობინებები, რომლებიც მნახველს სთავაზობდა დისტანციურ სამუშაოს, რომელიც ბიტკოინებით ანაზღაურდებოდა. ასევე, 2020 წელს პოპულარული იყო მცირე ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების შეთავაზების სპამი. ამ დროს სპამერი ითხოვდა ბანკის ანგარიშზე წვდომასა და დეტალებს.
წინასწარი გადახდის სპამები
ასეთი ტიპის სპამები განსაკუთრებით ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც ელ. ფოსტას 90-იანების მიწურულსა და 2000 წლების დასაწყისში იყენებდა. ხშირად «ნიგერიელი პრინცის» სახელით ცნობილი ელ. ფოსტის შეტყობინებები სთავაზობდნენ ფინანსურ მოგებას ადამიანებს, თუ კი ისინი წინასწარ გადარიცხავდნენ გარკვეული ოდენობის თანხას. გადარიცხვის შესრულების შემდეგ, შეტყობინების ავტორი ქრება. ხშირად, სპამის მეტი რეალისტურობისთვის, სპამერი თავის ობიექტს თავს აჩვენებს ახლობლად, რომელსაც ფინანსური დახმარება სჭირდება.
მავსპამი (Malspam)
«მავნე პროგრამირების სპამი» ან მავნე სპამი» არის ინფორმაცია, რომელიც შეტყობინების სახით მავნე პროგრამებს გზავნის თქვენს მოწყობილობებზე. ადამიანები, რომლებიც ხსნიან მსგავსი ტიპის შეტყობინებებს, საკუთარ მოწყობილობებში უშვებენ ბოტებს, ინფორმაციის გამტაცებლებს, კრიპტომაინტერებს, ჯაშუშურ პროგრამებსა და კლავიატურის წამკითხველებს. ხშირად მსგავსი ტიპის სპამები ვრცელდება Word-ის დოკუმენტის, PDF ფაილების ან PowerPoint-ის პრეზენტაციების საშუალებით.
როგორ ამოვიცნოთ სპამი?
შეიძლება, სპამისთვის თავის არიდება მთლიანობაში შეუძლებელი იყოს, თუმცა შეგიძლიათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა თავი დაიცვათ სპამისგან.
ისწავლეთ, როგორ აღმოაჩინოთ ფიშინგი.
შესაძლოა, სიჩქარეში მავნე შეტყობინებებს დაუკვირვებლად დავაჭიროთ ხელი. თუ ახალი ტიპის სპამ შეტყობინებები გამოჩნდება, შესაძლოა, ისინი ვერ ვიცნოთ. თავის დასაცავად საჭიროა ვისწავლოთ ძირითადი მანიშნებლები, რომლებიც დაგვეხმარება ამოვიცნოთ, რომ სპამ შეტყობინებები არა მხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ ფიშინგის საფრთხის შემცველია.
გამომგზავნის ელ. ფოსტის მისამართი: თუ კი ელ. ფოსტა არის კომპანიის წარმომადგენლისგან, მისი დომენი უნდა ემთხვეოდეს იმ კომპანიისას, რომელსაც ის წარმოადგენს. ხანდახან, ცხადია, რომ ელ. ფოსტა ყალბია,მაგალითად [email protected] მაგრამ სხვა შემთხვევებში ისინი ნაკლებად შესამჩნევია, მაგალითად, [email protected] ნაცვლად paypal.com-ისა.
პერსონალური ინფორმაციის ნაკლებობა: თუ თქვენ ხართ კომპანიის მომხმარებელი, მათ თქვენს შესახებ ექნებათ ინფორმაცია და გამოიყენებენ დეტალებს თქვენს შესახებ, მაგალითად, თქვენს სახელს. პერსონალური ინფორმაციის ნაკლებობა ან არარსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ ელ.ფოსტის შეტყობინება ფიშინგის მცდელობაა თუ — არა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალია. განსაკუთრებით ისეთი კომპანიების შემთხვევაში, რომელთან თანამშრომლობის ისტორიაც გაქვთ. ისეთი შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას თქვენი ანგარიშის დაბლოკვის, ან ვალის შესახებ განერვიულებთ და ხშირად გვიბიძგებს დავაჭიროთ შეტყობინებას პრობლემის გადასაჭრელად. იყავით ყურადღებით და შეამოწმეთ, მეილი შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც პერსონალურად თქვენთვისაა განკუთვნილი.
ბმულები: უფრთხილდით ყველა ბმულს, ელ.ფოსტის ღილაკების ჩათვლით. თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას კომპანიისგან, რომელთანაც თქვენ გაქვთ ანგარიში, გონივრული გადაწყვეტილებაა, შეხვიდეთ თქვენს პროფილზე და ნახოთ თუ არის შეტყობინება ნაცვლად იმისა, რომ ელ.ფოსტაზე მოსულ შეტყობინებაში არსებულ ბმულზე გადახვიდეთ. დაუკავშირდით თქვენს კომპანიას და კითხეთ შეტყობინების ნამდვილობის შესახებ.
გრამატიკული ხარვეზები: გრამატიკულ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ კომპანიები, რომლებიც გზავნიან შეტყობინებებს და შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ თავიანთ კლიენტებზე, გრამატიკულ ხარვეზებს ყურადღებით აკვირდებიან. მათ არ ექნებათ ხარვეზი პუნქტუაციაში, გრამატიკის ნორმებსა და წერაში.
ზედმეტად კარგი შემოთავაზებები: ფიშინგის ბევრი შეტყობინება თავს გვაჩვენებს დიდ, ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიის წარმომადგენლად, რომელსაც სურს მკითხველს თანამშრომლობა შესთავაზოს. ასევე, შესაძლოა გვთავაზობდნენ ფულს ან სასურველ პრიზს.
მიმაგრებული მასალები: თუ არ ელოდებით შეტყობინებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს დამატებითი მასალა, ყოველთვის უფრთხილდით მათ გახსნას ანტი-მავნე პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები დაგეხმარებათ დოკუმენტების შემოწმებაში.
სასწაულებრივი წამლები: თუ თქვენ მიიღეთ ინფორმაცია საოცარ დიეტაზე, რომელიც დაგეხმარებათ უმოკლეს დროში დაკარგოთ 10 კილოგრამი, დიდი ალბათობით, სპამის მსხვერპლი ხართ.
პაემანი და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კონტენტი: ონლაინ ურთიერთობების, გაცნობის სააგენტოების, 18+ ვებსაიტების შეტყობინებები შესაძლოა გავაერთიანოთ «რომანტიკული სპამების» სახელის ქვეშ. თუ თქვენ წააწყდებით ურთიერთობების შემომთავაზებელ ან ზრდასრულებზე გათვლილ კონკტენტს, არ მიაქციოთ ყურადღება და არ დააჭიროთ ბმულებს.
როგორ შევაჩეროთ სპამი?
თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ სპამი რამდენიმე მარტივი რჩევისა და ხრიკის საშუალებით.
გამოიყენეთ სპამის რეპორტის ფუნქცია. ელ.ფოსტების უმრავლესობას აქვთ სპეციალური ღილაკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაარეპორტოთ შეტყობინება, როგორც სპამი. ეს დაეხმარება თქვენს, ელ.ფოსტას უფრო ადვილად ამოიცნოს ასეთი შეტყობინებები.
მონიშნეთ, რომელი მეილები არ არის სპამი. გარკვეული სიხშირით შეამოწმეთ თქვენს მეილზე სპამ საქაღალდეები, რადგან, ხანდახან, რეალური შეტყობინებებიც ხვდებიან იქ. თუ კი იპოვით ისეთ შეტყობინებას, რომელიც არ განეკუთვნება სპამ საქაღალდეს, დააბრუნეთ ის თქვენს ინბოქსში.
ზოგიერთ სერვისზე ალტერნატიული ელ.ფოსტით დარეგისტრირდით. ბევრი ელექტრონული კომერვიის პლატფორმა და ინტერნეტ სერვისი სარეგისტრაციოდ თქვენს მეილს გთხოვთ. თუ ამის აბსოლუტური აუცილებლობა არ არის, არ გამოიყენოთ თქვენი ძირითადი ელ.ფოსტა ერთჯერადი რეგისტრაციებისთვის.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. სპამერები პოულობენ კონტაქტებს ონლაინ სივრცეში. შეეცადეთ, თქვენი ონლაინ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად პრივატული. ტელეფონის ნომერი, ფიზიკური მისამართი და სხვა პერსონალური ინფორმაცია არ განათავსოთ ონალინ სივრცეში.
თუ სპამი მიიღეთ თქვენი ნაცნობისგან, უთხარით. თუ მიიღეთ სპამ შეტყობინება ისეთ კონტაქტისგან, რომელსაც ენდობით, უთხარით, რომ მათი პროფილი დავირუსებულია და სპამისთვის გამოიყენება.'
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
შსს-ის სტატისტიკა: 2023-ში კიბერდანაშაულის 999 საქმე დარეგისტრირდა, მათგან 808 — ფიშინგია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მათ შორის არის კიბერდანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსის 284-286/2 მუხლების ფარგლებში უწყებამ 999 შემთხვევა დაარეგისტრირა. მათი უდიდესი ნაწილი — 808 საქმე ფიშინგს უკავშირდება.