ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
30 ნოემბერი 2022, 17:40
2022-11-30
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ
ბრიტანეთში ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ლეგალური, მაგრამ სახიფათო და დამაზიანებელი კონტენტის წაშლას ავალდებულებდა.
კანონპროექტის კრიტიკოსების თქმით, ის საფრთხეს უქმნიდა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.
თავის მხრივ, ბრიტანეთის კულტურის მდივანმა, მიშელ დონელანმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ბავშვების დაცვა არ შემცირდება.
დიდ ბრიტანეთში ონლაინ უსაფრთხოების კანონში ცვლილებების შეტანას და მის ამოქმედებას ზაფხულამდე გეგმავენ.
ტექნოლოგიურ კომპანიებს მაინც მოუწევთ, აღკვეთონ ისეთი კონტენტის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვებს — თვრამეტ წლამდე ადამიანებს.
ბევრ სოციალურ მედია პლატფორმას დაწესებული აქვს მინიმალური ასაკი. კომპანიებს მოუწევთ ახსნა, როგორ ამოწმებენ მომხმარებლების ასაკს. ზოგიერთი, მაგალითად, ინსტაგრამი უკვე იყენებს ასაკის ვერიფიკაციის ტექნოლოგიას.
დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი სახით ჩავარდნა ლეიბორისტული პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს და ამ გადაწყვეტილებას «უკიდურესად ჩამორჩენილი» უწოდეს.
«ეს არის ძალიან რთული კანონპროექტი და მასში ბევრი ასპექტია, მაგრამ არ მინდა, რომ რომელიმე თქვენგანმა ერთი წუთით იფიქროს, რომ ჩვენ რაიმეს ვანალებთ ან ვშლით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება» — განაცხადა კულტურის მდივანმა, მიშელ დოლანელმა BBC-სთან საუბრისას.
კანონპოექტში თავდაპირველად იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დიდ ტექნოლოგიურ პლატფორმებს უნდა წაეშალათ და ეკონტროლებინათ კანონიერი, თუმცა დამაზიანებელი კონტენტი.
ეს ნიშნავდა, რომ Facebook, Instagram და YouTube იძულებულები იქნებოდნენ, თავიდან აიცილებინათ ისეთი შინაარსი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა, მაგალითად, თვითდაზიანებასთან, კვებით აშლილობასთან, ან ქალთმოძულე შინაარსის პოსტებთან.
აზრსთა სხვადასხვაოობა სწორედ ამან გამოიწვია. კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტი ტექნოლოგიურ კომპანიებს ცენზურას უწესებდა, რაც მიუღებელია.
კანონპროექტიდან სწორედ ეს მოთხოვნა ამოიღეს — სანაცვლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებს მოუწევთ, დანერგონ სისტემა, რომელიც ზრდასრულ მომხარებლებს მისცემს საშუალებას, თავად გაფილტრონ მათთვის მიუღებელი კონტენტი.
დონელანმა გააფრთხილა კომპანიები, რომ ვინც კანონის მოთხოვნებს არ დაემორჩილება, მნიშვნელოვანი ჯარიმები და «უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი» ემუქრება — დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანო Ofcom შეძლებს, კომპანიები მათი შემოსავლის 10%-მდე დააჯარიმოს.