ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
24 მაისი 2024, 21:37
2024-05-24
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
კვლევითი კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა.
ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი — 26% აშშ-ში განხორციელდა, მას დიდი ბრიტანეთი — 15%) და მალტა — 11%.
Galt&Taggart-ის შეფასებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი (ICT) საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია 2022 წლიდან, რაც ძირითადად IT მიმართულებითაა განპირობებული.
IT სექტორის ზრდის ხელშემწყობად კვლევითი კომპანია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:
სექტორის ზრდას თავდაპირველად საგადასახადო შეღავათებმა მისცა ბიძგი.
2022 წლიდან სექტორის ზრდა დაჩქარდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საერთაშორისო კომპანიების და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციის შედეგად.
სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ინტერნეტის დაბალი ფასი, სამუშაო მაგიდის კონკურენტული ღირებულება და ცხოვრების დაბალი ხარჯები გლობალურად მიმზიდველ სხვა ლოკაციებთან შედარებით.
მიმზიდველობას ასევე აძლიერებს უცხოელი სპეციალისტებისთვის მისაღები გარემო და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.
რაც შეეხება სამუშაო ძალას და ხელფასებს:
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000- მდე ადამიანს ასაქმებდა.
ამასთან, საშუალო ხელფასი თვეში 6,940 ლარია, რაც 2021 წელთან შედარებით გაორმაგებულია.
კომპანიების რაოდენობა: IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება.
Galt&Taggart-ის თანახმად, სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა (რაც საერთაშორისო ინდექსებშიც ჩანს) და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე. ასევე კადრების შესაძლო გადინება როგორც მიგრანტების, ისე ადგილობრივი სპეციალიტების სახით.
სექტორის პოტენციალი: Galt&Taggart მიუთითებს, რომ გლობალურად IT სერვისებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნის და ქართული კომპანიების გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩართულობის გათვალისწინებით, საექსპორტო პოტენციალი მაღალია და საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტის გაორმაგებაა მოსალოდნელი.
ამასთან, დარგისთვის ადგილობრივი ბაზრის ათვისება დამატებითი პოტენციალია — საქართველოში ბიზნესის მიერ ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს.
ამ პოტენციალის ათვისებისთვის მიზანშეწონილია IT სერვისებზე საგადასახადო შეღავათები საქართველოში გაწეულ მომსახურებაზეც გავრცელდეს, რაც ასევე ეკონომიკურ ზრდას და პროდუქტიულობას დააჩქარებს.
ასევე, ანგარიშის თანახმად:
IT პროგრამებზე ჩარიცხვები მზარდია, კოვიდ პანდემიის პერიოდში დროებითი შემცირების შემდეგ. ყოველწლიურად საშუალოდ 3,000-ზე მეტი სტუდენტი აბარებს IT ფაკულტეტზე და 2023/24 სასწავლო წლის მდგომარეობით, IT პროგრამებზე 11,122 სტუდენტი სწავლობს. საქართველოში IT პროგრამები 21 უნივერსიტეტში ისწავლება.
დარგის დინამიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწავლო პროგრამებისა და კურსების რაოდენობის ზრდა. 2023 წელს პროგრამისტის პოზიციაზე 4,000-მდე ვაკანსია გამოცხადდა და მოთხოვნა დინამიკაში მზარდია.
Galt&Taggart: 2023 წელს საქართველოში IT ექსპორტით 1.77 მლრდ ლარი შემოვიდა
Galt&Taggart-ის მოკვლევით, 2023 წელს IT სექტორის ჯამური შემოსავალი 1.94 მილიარდი ლარი იყო. სექტორის შემოსავლები 2022 წლის შემდეგ სწრაფად გაიზარდა — კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვა წარმოადგინა.
Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
წამყვანი ქართული საინვესტიციო ბანკის, Galt&Taggart-ის მოკვლევით, უახლესი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი IT სექტორში იყო — 3 958 ლარი.