ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Wolt კურიერების გაფიცვას პასუხობს

Wolt კურიერების გაფიცვის საკითხს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების ნაწილზე მუშაობენ, ანაზღაურების ნაწილში კი არარელევანტურია, ვინაიდან ეხება თანხის დათვლის ძველ სქემას, რომლის ცვლილებაზე მუშაობაც ისედაც მიმდინარეობს. ამასთან, კომპანიის მტკიცებით, გაფიცული კურიერები დაემუქრნენ მათ, ვინც პროტესტზე უარი თქვა. 

კომენტარის დატოვება
Wolt კურიერების გაფიცვას პასუხობს

Wolt კურიერების გაფიცვის საკითხს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების ნაწილზე მუშაობენ, ანაზღაურების ნაწილში კი არარელევანტურია, ვინაიდან ეხება თანხის დათვლის ძველ სქემას, რომლის ცვლილებაზე მუშაობაც ისედაც მიმდინარეობს. ამასთან, კომპანიის მტკიცებით, გაფიცული კურიერები დაემუქრნენ მათ, ვინც პროტესტზე უარი თქვა. 

კურიერებმა მუშაობაზე პროტესტის ნიშნად უარი 5 თებერვალს თქვეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

ახლა ვოლტის კურიერის ანაზღაურება შემდეგნაირად ითვლება: თითო შეკვეთის მიღების ფასი 3 ლარია, ადრესატამდე მიტანის თითოეულ კილომეტრზე კი მათ 50 თეთრი ემატებათ.

კურიერები ითხოვენ, შეკვეთის აღების ფასი 3.5 ლარამდე გაიზარდოს, თითო კილომეტრის ანაზღაურება კი 70 თეთრი გახდეს. 

კურიერები ამბობენ, რომ მათი კიდევ ერთი მოთხოვნა აპლიკაციის გამართვაა — მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ტარიფი დაბალია, გავლილი კილომეტრების დათვლაც არასწორად ხდება და ამის გამო იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ეკუთვნით.

მათ ასევე მოითხოვეს სადაზღვევო პირობების გაუმჯობესება. 

კომპანია პასუხად ამბობს: 

დაზღვევასთან დაკაშვირებულ საკითხზე: 

«ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მომავალში სადაზღვევო შემთხვევები განხილულ იქნას უფრო სწრაფად და პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურება დროულად განხორციელდეს». 

რიგ შემთხვევებში დისტანციის ცდომილებით გაზომვა:

«ვოლტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კურიერების მიერ რეალურად დაფარული მანძილის სწორი გაზომვა და განვლილი მანძილის შესაბამისად ანაზღაურება. საკითხის გადაწყვეტის მიზნით პარტნიორ კურიერებთან კონსულტაციის გზით, კომპანიის მიერ მოხდა პარტნიორი კურიერების აპლიკაციის რუკის განახლება და ინერგება Google Map-ის ნავიგაცია, რომელიც მოხნის განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას. ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით. Google Map-ის ნავიგაცია ტესტირების პროცესშია ქალაქ ბათუმში და მოკლე დროში ამ რუკით სარგებლობა პარტნიორი კურიერებისთვის თბილისშიც იქნება შესაძლებელი». 

პარტნიორი კურიერების ანაზღაურება:

«2023 წლის 1 თებერვალს ჩვენ დავაანონსეთ შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც 2023 წლის 15 თებერვლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. ახალი სისტემით პარტნიორი კურიერების ანაზღაურება ანგარიშდება დინამიურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე. შედეგად, ის მეტად სამართლიანად დააანგარიშებს მიტანის ანაზღაურების ოდენობას მისი შესრულების ძალისხმევის საფუძველზე, რაც პოზიტიურად აისახება პარტნიორი კურიერების გამომუშავებაზე. ამიტომ, ამჟამინდელი მოთხოვნები არარელევანტურია, რადგან ეხება გამომუშავების ძველი სქემის ცვლილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად შეიცვლება». 

Wolt-ის გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ესმის «მცირე ჯგუფის უკმაყოფილება და პატივს სცემენ მათი პროტესტის უფლებას».

ნატალია ხიზანიშვილი
«თუმცა, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფორმა, რომელშიც გუშინდელი პროტესტი გადაიზარდა. სამწუხაროდ, პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია. ჩვენ ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდებთ და მენეჯმენტი მზადაა დიალოგის ფორმატში მოვისმინოთ ყველა ის საკითხი რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერებს აწუხებთ».

ჯერჯერობით უცნობია, რა იქნება კურიერების შემდეგი ნაბიჯი. 

Wolt-ის კურიერები და Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ - რა ხდება? 
Wolt-ის კურიერები და Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ — რა ხდება? 
თემის მიხედვით
Wolt-ის კურიერები და Bolt-ის მძღოლები გაიფიცნენ — რა ხდება? 


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.