ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასტარტაპები
26 თებერვალი 2024, 09:00
2024-02-26
RADIX — ელენე და გუჯა ლომსაძეების სტარტაპი მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკისთვის
2023 წელს ელენე და გუჯა ლომსაძეებმა სტარტაპი RADIX შექმნეს — ავტომატიზებული სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაცემების მოპოვებით, დამუშავებითა და ვიზუალიზაციით, რამდენიმე წამში, მიიღონ ანალიტიკა, პროგნოზი და რეკომენდაციები.
ცოტა ხნის წინ გუჯამ და ელენემ RADIX შტუტგარტის სამიტზე წარადგინეს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყურადღებაც მიიქციეს, ხოლო აშშ-ში სტარტაპმა ღონისძიება National Entrepreneur’s Day-ის — Pitch კონკურსზე გაიმარჯვა.
რა არის, როგორ შეიქმნა და მუშაობს RADIX, რატომ არის გამორჩეული და როგორია სამომავლო გეგმები — dev.ge-ს ელენე ლომსაძე ესაუბრა.
როგორ გაჩნდა RADIX-ის შექმნის იდეა და რა არის მისი კონცეფცია?
RADIX-ის იდეის ავტორი ჩემი ძმა, გუჯა ლომსაძეა, რომელიც პროფესიით მონაცემთა ინჟინერია. ის, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად აწყდებოდა სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის:
კომპანიები მონაცემებს არასისტემატიზირებულად აგროვებდნენ და ხელით ამუშავებდნენ, რაც უდიდეს ადამიანურ, ფინანსურ და დროით რესურსს მოითხოვს;
ორგანიზაციები აგროვებდნენ გარკვეული რაოდენობის მონაცემებს, თუმცა არ ჰქონდათ ინფორმაცია, კიდევ რა დამატებითი მონაცემების მოძიებაა შესაძლებელი;
კომპანიები საერთოდ ვერ ხედავდნენ მონაცემთა დამუშავების საჭიროებას და შესაბამისად, მათი სერვისები და პროდუქტები არ პასუხობდა მომხმარებელთა საჭიროებებს.
ვინ არიან RADIX-ის მომხმარებლები და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?
დღეს გლობალურ ბაზარზე რამდენიმე საერთაშორისო და წარმატებული კომპანია არსებობს, რომელთა ინსტრუმენტების გამოყენებაც საკმაოდ მარტივი და ეფექტიანია. თუმცა, მათი უმეტესობა შაბლონურია და კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებს ზედმიწევნით ზუსტად არ პასუხობს.
როგორ შეიძლება, კონკრეტულმა კომპანიამ ავტომატურად მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი საჭირო მონაცემი;
როგორ დაიყვანოს მონაცემთა დამუშავების დრო რამდენიმე წამზე/წუთზე;
როგორ მიიღოს რეკომენდაციები რეალურ დროში.
მაგალითად, საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენელ ორგანიზაციაში დავნერგეთ RADIX-ის სისტემა, რომელიც კომპანიას რეალურ დროში ეხმარება:
აქციების ფასის პროგნოზირებაში;
ავტომატიზირებულ რეპორტინგში;
რისკების ანალიზში;
ტრანზაქციებში ანომალიების და ფინანსური თაღლითობის აღმოჩენაში და სხვა.
ამავდროულად, ერთ-ერთი სერვისი, რასაც სავაჭრო დაწესებულებებს ვთავაზობთ — მონაცემებზე დაფუძნებულ მომხმარებელთა ქცევის ანალიზია. შედეგად, კომპანია ამაზე დაფუძნებით მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ განალაგოს სხვადასხვა პროდუქტი მაღაზიაში და ამასთან, მნიშვნელოვნად უმარტივდება ინვენტარის მენეჯმენტიც.
აქედან გამომდინარე, RADIX-ში კარგად გვესმის, რომ განსხვავებულ ბიზნესებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათ მათზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ.
ვინ არის RADIX-ის მომხმარებელი?
ამ ეტაპზე RADIX-ის მთავარ სამიზნე სეგმენტს წარმოადგენს:
ფინანსური და საბანკო ორგანიზაციები;
ლოჯისტიკა;
მედია/მარკეტინგი;
ვაჭრობა და ელ.კომერცია;
წარმოება.
თუმცა, დღეს უკვე ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას უდგას საჭიროება, მოიპოვოს მონაცემები, სწრაფად და ეფექტურად დაამუშავოს ისინი და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
რა არის მთავარი გამოწვევები თქვენი სტარტაპისთვის?
RADIX-ზე მუშაობა წლების წინ დავიწყეთ — მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე კომპანიების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ ხედავდა მონაცემთა დამუშავების საჭიროებას. სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის.
იქამდე, სანამ RADIX-ის პროდუქტს წარვუდგენდით ორგანიზაციებს, ძალიან დიდი რესურსი გავწიეთ იმისათვის, რომ ჯერ მონაცემთა დამუშავების მნიშვნელობა წარმოგვეჩინა კომპანიებისთვის.
მეორე ბარიერი, რაც RADIX-ის შენების გზაზე შეგვხვდა, ეს ნდობის ფაქტორი გახლდათ. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების ნაწილი კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს ფლობს, არ სურდათ ამ მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა.
თუმცა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ RADIX-ის სისტემა არ არის შაბლონური და ყველა კომპანიის საჭიროებას ინდივიდუალურად ვუდგებით, ორგანიზაციების ნდობა სრულად გავამართლეთ.
თქვენ RADIX შტუტგარტის სამიტზე წარადგინეთ — რას ნიშნავს ეს სტარტაპისთვის?
სულ ცოტა ხნის წინ RADIX შტუტგარტის ერთ-ერთ მსხვილ სამიტზე, 200-ზე მეტი ანტრეპრენერისა და ინდუსტრიის ლიდერის წინაშე წარვადგინეთ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სააგენტოსთან. რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცის, როგორ დასრულდება შეთანხმება, მაგრამ მივიჩნევთ, რომ ეს ნეთვორქინგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოლაპარაკებისას და კვლევისას დავინახეთ ჩვენი საჭიროება და პოტენციალი ევროპულ ბაზარზე.
ასევე, ცოტა ხნის წინ RADIX გახდა ამერიკაში, National Entrepreneur’s Day — Pitch Competition-ის გამარჯვებულიც. აქტიურად ვცდილობთ, გადავდგათ ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზეც და დიდი იმედი გვაქვს, მალე RADIX-ს საქართველოს ფარგლებს გარეთაც დავნერგავთ.
რა არის RADIX-ის სამომავლო გეგმები?
ძალიან მალე მონაცემთა დამუშავება არამხოლოდ რეკომენდებული, არამედ — აუცილებელი იქნება კომპანიებისთვის. სხვანაირად ვერ შეძლებენ, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.
გვსურს, სწორედ RADIX იყოს ის კომპანია, რომელიც მზად დახვდება თანამედროვეობის ამ საჭიროებას და ორგანიზაციებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში დაეხმარება.
ამასთან, რა თქმა უნდა, აქტიურად ვმუშაობთ RADIX-ის მასშტაბირებისთვისა და დამატებითი ინვესტიციის მოზიდვისთვის. ვეძებთ ინვესტორს, რომელსაც ზუსტად ისევე სწამს მონაცემების, როგორც — ჩვენ.