ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ნული ემოცია — გიყვებით, რა არის ალექსიტიმია და როგორ უშლის ხელს ცხოვრებას

გქონიათ თუ არა ისეთი რამ, რომ ბოლომდე ვერ იგებ, რას გრძნობ? თუ მსგავსი რამ ხშირად ხდება, უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ალექსიტიმია.  

ციფრულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას ხშირად ასახელებენ დეპრესიას, შფოთვას, გადაღლილობას, პროკრასტინაციას. მაგრამ ძალიან ხშირად ავიწყდებათ ალექსიტიმიის შესახებ — ეს არის აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანები ვერ ცნობენ ან ვერ განიცდიან ემოციებს. ალექსიტიმია შეიძლება მოსახლეობის 23%-ს აწუხებდეს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ამოიცნოთ ალექსიტიმია და საიდან მოდის ის. 

კომენტარის დატოვება
ნული ემოცია — გიყვებით, რა არის ალექსიტიმია და როგორ უშლის ხელს ცხოვრებას

გქონიათ თუ არა ისეთი რამ, რომ ბოლომდე ვერ იგებ, რას გრძნობ? თუ მსგავსი რამ ხშირად ხდება, უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ალექსიტიმია.  

ციფრულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას ხშირად ასახელებენ დეპრესიას, შფოთვას, გადაღლილობას, პროკრასტინაციას. მაგრამ ძალიან ხშირად ავიწყდებათ ალექსიტიმიის შესახებ — ეს არის აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანები ვერ ცნობენ ან ვერ განიცდიან ემოციებს. ალექსიტიმია შეიძლება მოსახლეობის 23%-ს აწუხებდეს. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ამოიცნოთ ალექსიტიმია და საიდან მოდის ის. 

ბლოგის ავტორია ალექსანდრა ელეცი, მარკეტინგის სპეციალისტი, «ეპოლ სოფტის» ანალიტიკოსი. დაინტერესებულია ფსიქოლოგიაში ნაკლებად ცნობილი სფეროებით. 

როგორ უნდა გაიგოთ, რომ ალექსიტიმია გაქვთ?

  • რთულია ემოციების განსაზღვრა და აღწერა

ადამიანი თავის ემოციებს ფიზიკური გამოვლინებებით ხვდება: მკერდში დაძაბულობით, ცრემლებით, ყელში გაჩხირული ბურთით, მოულოდნელად გადაადგილების უმიზეზო სურვილით. რთულია სხვისთვის, ახლობელი ადამიანისთვისაც კი იმის თქმა, რა განწყობაზე ხარ. ხანდახან ალექსიტიმიის მქონე ადამიანები გვიან, გარკვეული დროის შემდეგ აცნობიერებენ ემოციას. ხანდახან ისინი კარგად აცნობიერებენ ზოგიერთი ემოციას, მაგრამ არა ყველას. 

  • სირთულე მოტივაციასთან

სცადეთ, გასცეთ პასუხი მარტივ კითხვას — «რისთვის ვცხოვრობ?». ალექსიტიმიის მქონე ადამიანები, დიდი ალბათობით, ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვიან. სავარაუდოდ, მათ თავში მოუვათ რაღაც შესაძლებლობები, სურვილები, გეგმები, მაგრამ ისინი ვერ გამოიწვევენ შთაგონებას ან ძალების მოზღვავებას. 

გრძელვადიანი შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა ცხოვრებით უკმაყოფილებას იწვევს.

  • წარმოსახვის შეზღუდული უნარი

ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ პრობლემები შემოქმედებასთან — რადგანაც ემოციური მანერის ან იდეის გარეშე რთულია «სულისშემძვრელი» მოთხრობის დაწერა ან ნახატის დახატვა.

მაგრამ მათ ხშირად მოსწონთ ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ძლიერ ემოციებს იწვევენ:  მწვავე სიუჟეტიანი რომანები ან საშინელებათა ჟანრის ფილმები. მათ ხშირად არ შეუძლიათ, შექმნან თავიანთი მომავლის სურათი ან პროექტის ხედვა, ან გადაწყვეტილების შედეგები წარმოიდგინონ. ამიტომაც გეგმავენ და გადაწყვეტილებას იღებენ ლოგიკასა და ცოდნაზე დაყრდნობით ან სხვა ადამიანების გამოცდილებიდან გამომდინარე. 

ალექსიტიმიის გამომწვევი მიზეზები

  • გენეტიკის თავისებურება ან/და ნორმიდან გადახრები ტვინის განვითარებაში

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის სხვა წევრებს ბავშვობიდან გაწუხებთ პრობლემები ემოციურობასთან, სხვა პუნქტებს კი არ ერგებით — სავარაუდოდ, თქვენს შემთხვევაში ალექსიტიმიას ბიოლოგიური ახსნა აქვს. 

  • ოჯახისა და საზოგადოების გავლენა

ბავშვი ღრუბელივითაა, რომელიც გარშემომყოფების ემოციებსა და ქცევებს იწოვს და გაუცნობიერებლად იმეორებს მათ. თუ ოჯახში ემოციების გამოხატვა მიღებული არაა, მაშინ ბავშვიც უემოციოდ რეაგირებას ისწავლის. 

თუ მშობლები ან საზოგადოება მუდმივად ახშობენ ბავშვის მისწრაფებებსა და სურვილებს, საუზმეზე საჭმლით დაწყებული, კონკრეტულ წრეზე შესვლის სურვილით დამთავრებული და უარყოფითად რეაგირებენ ბავშვის მცდელობაზე, დაიცვას საკუთარი პოზიცია, ამან შეიძლება ალექსიტიმია გამოიწვიოს. 

«კაცები არ ტირიან და არ ავლენენ სისუსტეებს» — ასეთ აზროვნებას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ კაცები ან თრგუნავენ ამ გრძნობებს, ან  ბრაზსა და აგრესიად გარდაქმნიან. ზოგ ადამიანს ყველაფერი სპორტში გადააქვს. 

ქალებიც არ არიან მოკლებულნი მსგავს კულტურულ დამოკიდებულებებს, ოღონდ საპირისპირო მხრიდან: ხანდახან გოგოებს არწმუნებენ, რომ ისინი არ უნდა გაბრაზდნენ ან არ უნდა გამოხატონ გაღიზიანება — რაც ბუნებრივი ემოციებია. 

  • ტრავმა

ეს შეიძლება იყოს  ერთჯერადი შემთხვევა: ავტოკატასტროფა ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება. ან განგრძობადი მოვლენა. მაგალითად, ბულინგი სკოლაში ან ემოციურად არასტაბილურ პარტნიორთან ურთიერთობა. ალექსიტიმია შეიძლება გაჩნდეს, როგორც თავდაცვითი რეაქცია ტრავმაზე. 

როგორ გავლენას ახდენს ალექსიტიმია ცხოვრებაზე?

  • ცხოვრებისეული გზის პოვნის სირთულე

შინაგანი მოტივაცია, მიზანი, აზრი — ყველაფერი მოდის შიგნიდან, ყველაზე ძლიერი და დადებითი გრძნობებიდან: შთაგონება, სიყვარული, იმედები, კმაყოფილება, მიკუთვნებულობა. როდესაც ეს გრძნობები არ არსებობს ან არასწორად ამოიცნობა, ადამიანი ვერ გრძნობს რაიმე კავშირს თავის ცხოვრებასთან, გეგმებთან, სურვილებთან და შესაძლებლობებთან. 

ასეთ ადამიანებს სურთ შეცვალონ ცხოვრება, მაგრამ არ იციან, როგორ. ცხოვრების მიზნებს ისინი იღებენ ოჯახისგან, ახლობლებისგან ან კოლეგებისგან, სოციალური ქსელებიდანაც კი. მაგრამ მათთან არანაირი მიჯაჭვულობა, მიღწევის მოლოდინი არ არსებობს.

  • ცხოვრებისადმი ინტერესის ნაკლებობა

ალექსიტიმიის მქონე ადამიანი ვერ გრძნობს ინტერესს ნივთების, ცოდნის, ადამიანების, სიხარულის, შთაგონების, შინაგანი მოტივაციის, ცხოვრებისა და მოქმედების შეგნებული სურვილის მიმართ. ამიტომაც, მათთვის ცხოვრება ხდება ცარიელი, რუტინული და გამოფიტული. 

ასეთ ადამიანებს არ ახარებთ მიღწევები, რადგანაც ისინი არაა დაკავშირებული შინაგან მიზნებთან ან საკუთარი სურვილების შესრულებასთან. ისინი შეიძლება ეცადონ, სხვა წყაროებიდან იპოვოს ინტერესი. 

  • დამოკიდებულება და რელაპსი

ალექსიტიმიის მქონე ადამიანები ხშირად გაურბიან რეალობას. მაგალითად: სპორტში, მოგზაურობაში, ფილმებში, ხელოვნებაში, ახალ ჰობიში. ან მავნე ჩვევებს იძენენ: ალკოჰოლი, მოწევა და სხვა ნივთიერებები. 

ისინი, ვინც ცდილობენ მავნე ჩვევა მოიშორონ, რელაპსისკენ უფრო მიდრეკილნი არიან. ვერ გრძნობენ, როგორ ახშობენ ემოციებს. ამიტომაც ასეთი ადამიანებისგან შეიძლება ხშირად მოისმინოთ: «გუშინ ყველაფერი კარგად იყო, დღეს კი მოულოდნელად უმიზეზოდ კონტროლი დავკარგე».

  • დესტრუქციული ქცევა ურთიერთობებში

ალექსიტიმიის მქონე ადამიანები გარშემო არაფერს დაამტვრევენ და არც იჩხუბებენ, მაგრამ შეუძლიათ, იყვირონ ან შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა ადამიანს, განაწყენდნენ და შური იძიონ წვრილმანის გამო და პასიური აგრესია გამოავლინონ. 

მაგალითად: კოლეგების წრეში ერთ-ერთი მოულოდნელად ძლიერად ეჩხუბა მეორეს მისი ჰობის შესახებ ისტორიების გამო. ალექსიტიმიის მქონე ადამიანებს შეიძლება მწვავე რეაქცია ჰქონდეთ მსგავს საუბარზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს კოლეგის მიმართ შურს ან ამის გამო გაუცნობიერებელ სირცხვილს. 

ასეთი ქმედების შემდეგ ადამიანმა შეიძლება განიცადოს სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, საკუთარ თავზე გაბრაზება, შფოთვა და უმწეობა კონტროლის დაკარგვის გამო. ეს ემოციები ილექება მასში, რაც ჩაკეტილ წრეს ქმნის. 

  • ფსიქოსომატიკა

დათრგუნული ემოციები «ილექება» სხეულში და სხვადასხვა სიმპტომად ვლინდება: თავის ტკივილი, ნერვული ჩვევა, სიმძიმე მკერდსა და მუცელში, ყელში გაჩხერილი ბურთი, დაძაბულობა მკერდში, ყელში, მუცელში, ზურგში, კიდურებში, სპაზმები, გასტრიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, უძილობა, კანკალი, მაღალი ან დაბალი წნევა და მრავალი სხვა.

  • ჩაკეტილი წრე

რაც უფრო მეტად გაურბის ან თრგუნავს ადამიანი ემოციებსა და სურვილებს, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება მას, შეიგრძნოს და გაიგოს ისინი. ემოციები გროვდება და სიღრმეში მიდის, რაც აძლიერებს ალექსიტიმიას, ასევე ესკაპიზმისკენ სწრაფვას. ეტაპობრივად ადამიანი ეგუება მომენტალურ ნათელ ემოციებს, ყოველდღიური ცხოვრება კი უფრო უსუსური და მოსაწყენი ჩანს. 

სხვა  გართულებები

ალექსიტიმიას შინაგანი მოტივაციის ძალიან გამოხატული ნაკლებობით შეუძლია დეპრესიის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ასევე ალექსიტიმიას უკავშირებენ პროკრასტინაციას, ემოციურ «გადაწვას», «წყნარ» პანიკურ შეტევებს, სიკვდილის შიშის არარსებობას. 

როგორ გავუმკლავდეთ ალექსიტიმიას?

თუ ზემოთჩამოთვლილი თქვენ გეხებათ და ცხოვრებაში ხელს გიშლით, მაშინ სჯობს ფსიქოთერაპევტს ეწვიოთ. სასურველია მას, ვისაც უმუშავია ალექსიტიმიის მქონე ადამიანებთან — ასეთი მდგომარეობა ჯერ ნაკლებად ცნობილია რუსულენოვან გარემოში. 

მნიშვნელოვანია: მოიკრიბოთ მოთმინება, არც ერთი მეთოდი არ იმოქმედებს სწრაფად. 

  • აწარმოეთ დღიური, რომელშიც შეგიძლიათ დღის მნიშვნელოვანი მოვლენები ჩაწეროთ, შეაჯამოთ. 
  • აწარმოეთ ემოციების დღიური —  ჩაწერეთ ყველაზე ძლიერი ან ყველაზე დასამახსოვრებელი შეგრძნებები და ემოციები დღის განმავლობაში, მინიმუმ სამი შეგრძნება დღეში.
  • მედიტაცია, იოგა და სხვა ტექნიკა, რომლებიც შექმნილია ადამიანის ცნობიერების სხეულთან კავშირის გასაუმჯობესებლად.
  • რომანების კითხვა, აუდიოწიგნები, მოთხრობები, ვიზუალური ნოველებიც. სწორედ წიგნებში ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს მდიდარი ენით არის აღწერილი სხვადასხვა ემოცია და გრძნობა. შემდეგი ნაბიჯია, თვითონ სცადოთ მათი დაწერა. 
  • ჯგუფური თერაპია განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც გარშემო ბევრი ადამიანი არ ჰყავს. სხვა ადამიანების გარემოცვაში თქვენ შეძლებთ ახლოდან ამოიცნოთ მათი ემოციები.
მაჯის არხის სინდრომი IT-ში: როცა ხელები გწყდება
მაჯის არხის სინდრომი IT-ში: «როცა ხელები გწყდება»
თემის მიხედვით
მაჯის არხის სინდრომი IT-ში: «როცა ხელები გწყდება»


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.