ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
8 მაისი 2023, 10:49
2023-05-08
ჰარის მოუბრეი — Canadaball-ის საქართველოზე შეყვარებული ამერიკელი ადმინი
ჰარის მოუბრეი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ფეისბუქ გვერდის, Canadaball-ის ამერიკელი ადმინი, რომელმაც ქართული ენის ბრაილის ანბანი გააციფრულა, ახლა საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს და როგორც ამბობს, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში სურს დახმარება.
ჰარის მოუბრეიმ რამდენიმე დღე ჯავახეთში გაატარა. ახლა თბილისშია, თუმცა, გეგმავს, ქუთაისსა და ბათუმში წავიდეს და ამ და სხვა ქალაქების შესახებ ასობით ათას ადამიანს მოუყვეს.
ჰარისი Canadaball-ს მართავს — იუმორისტული გვერდი, რომელიც მიმებს აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთთან აჯიბრებს, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს.
ჰარისი გვიყვება, რომ Canadaball 2014 წელს შეიქმნა. თუმცა, თავად 2016 წლიდან შეუერთდა — თავიდან გვერდზე «ქანთრი ბოლ» მიმები ქვეყნდებოდა, თუმცა, სხვა გვერდებიდან აღებულები.
ქანთრი ბოლი — Country Ball — კონცენფცია ინტერნეტში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა — მიმებში ქვეყნები მათი დროშების და ეროვნული სიმბოლოების მიხედვით გაკეთებული ბურთების სახით არიან წარმოდგენილები. ქვეყანა-ბურთები ერთმანეთს სისუსტეებზე მიუთითებენ ან დასცინიან. ამით ინტერნეტ მომხმარებლები საკუთარი ქვეყნის უპირატესობის წარმოჩენასა და სხვა ერების დაკნინებას ცდილობენ.
მას შემდეგ, რაც შეჯიბრებებში საქართველო ჩაერთო — ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამარჯვებულია. საქართველომ «დაამარცხა» დიდი ქვეყნები, საქართველოს ქალაქებმა — დიდი ქალაქები.
მაგალითად, ბოლო შეჯიბრში ქუთაისმა ტორონტოსაც, აჯობა, მეხიკოსაც და სან პაულოსაც და ისე მოხდა, რომ ფინალში ერთმანეთს თბილისი და ქუთაისი შეხვდნენ. ჰარისმა გამარჯვებულად საქართველო გამოაცხადა და არც ერთ ქალაქს უპირატესობა არ მიანიჭა.
2018 წელს, კანადაბოლის მართვის პარალელურად, ჰარისმა კიდევ ერთი გვერდი შექმნა — Genuine Geopolitical Memes. როგორც ამბობს, ამ გვერდის ძირითადი შინაარსი საერთაშორისო პოლიტიკა იყო.
2017 წელს Canadaball-ზე «საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა». შეჯიბრს საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უსიამოვნო კომენტარები მოჰყვა.
როგორც ჰარისი ამბობს, საქართველოს მიმართ სიმპატიით მაშინ განეწყო. თუმცა, აქ ჩამოსასვლელად 6 წელი დასჭირდა. 2020 წელსაც გეგმავდა, თუმცა, ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა და პირველად 2023 წლის იანვარში გვეწვია.
ჰარისს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს, თუმცა, მისი საქმიანობა ლინგვისტიკას და პროგრამირებას უკავშირდება — მან არაერთი ენისთვის შემქნა ბრაილის შრიფტის ციფრული ვერსია, მათ შორის, ქართულისთვის — მის მიერ დაწერილი პროგრამა კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
მას ასევე სურს, ბრაილის ანბანი მეგრული, სვანური, აფხაზური და ოსური ენებისთვისაც შექმნას და გააციფრულოს.
საქართველოში მისი ახლანდელი ჩამოსვლის მიზანი, მოგზაურობასთან და ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, ეზიდ თემთან შეხვედრაა — ის მათ ანბანის ელექტრონული ვერსიის გაკეთებაში ეხმარება.
რაც შეეხება Canadaball-ს, გვერდის რედაქტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო ჰარისი ახლა ერთადერთია, ვინც მას მართავს.
ჰარისი ამბობს, რომ ქართული კომპანიებმა მას სხვადასხვა დროს არაერთხელ შესთავაზეს თანხა Canadaball-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, თუმცა, ის უარს ეუბნება.