ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეHow To
5 იანვარი 2023, 22:00
2023-01-05
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
«აუ, ნახე ვიღაცამ AirDrop-ით რა ჩამიგდო.» — თუ Iphone-ის მომხმარებელი ხართ ან გყავთ მეგობრები, რომლებიც ამ ტელეფონს იყენებენ, ალბათ ეს ფრაზა ერთხელ მაინც გაგიგიათ. მეტროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხო ადამიანები ერთმანეთს AirDrop-ით სხვადასხვა მასალას უზიარებენ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გასართობი რიგ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
AirDrop Apple-ის მოწყობილობებისთვის ფაილების გაზიარების ფუნქციაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გააგზავნონ ვიდეო, ფოტო, კონტაქტები ბმულები და სხვა — ბლუთუზისა და Wi-Fi-ის გაერთიანებით. იმისთვის, რომ ტელეფონებმა შეძლონ AirDrop ფუნქციის გამოყენება, ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 9 მეტრის რადიუსით უნდა იყოს დაშორებული, არ აქვს მნიშვნელობა AirDrop-ის მომხმარებელი გამგზავნის კონტაქტების სიაში არის თუ არა.
AirDrop იყენებს დაბალი ენერგიის ბლუთუზს და თანასწორ (Peer-to-peer) Wi-Fi-ს ფაილების გასაზიარებლად Apple მოწყობილობებს შორის. ბლუთუზ ბმული ადგენს მოწყობილობას, რომელზეც გსურთ ფაილის გაგზავნა და შემდეგ მოწყობილობა, საიდანაც აგზავნით, წარმოქმნის Wi-Fi კავშირს, რომელიც უკავშირდება მიმღებ მოწყობილობას გადასატანად.
AirDrop არ საჭიროებს ინტერნეტს ან ადგილობრივ Wi-Fi ქსელს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით, შეგიძლიათ გააზიაროთ ფაილები თქვენთან ახლომდებარე iOS მოწყობილობებთან.
ძალიან ბევრი თინეიჯერი AirDrop-ს გართობის საშუალებად იყენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკოლებში, შესაძლოა ინტერნეტით სხვადასხვა სოციალურ ქსელზე წვდომა შეზღუდული იყოს.
როგორც კი ირგვლივ ხალხის რაოდენობა გროვდება, როგორც წესი, შესაძლებელი ხდება AirDrop-ის ისე გაგზავნა, რომ გამომგზავნი წყაროს მაშინვე დადგენა რთული გახდეს. ამ დროს მოზარდები იწყებენ ფოტოების, მიმების, სელფების და სხვა მასალების გაგზავნას ყველა მისაწვდომ ტელეფონზე. ხშირად, მეტი ანონიმურობისთვის, ისინი ცვლიან თავიანი Iphone-ის სახელებს და ირქმევენ რამე უფრო სასაცილოს, რათა პროცესი უფრო სახალისო გახადონ.
ბუნებრივია, ზოგიერთი მოზარდი წითელ ზოლს აბიჯებს და აგზავნის მიუღებელ გამოსახულებებს. ბავშვებისთვის არ არის უცხო სიშიშვლე, პორნო მასალები. ზოგიერთი მათგანი აბუჩად იგდებს ერთმანეთს და აზიარებენ ერთმანეთისთვის საზიანო ფოტოსურათებს. იმის გამო, რომ AirDrop არის ფუნქცია, რომელიც ავტომატურად შედის ყველა Iphone-ზე და არ წარმოადგენს სოციალურ მედიას, არ არსებობს რაიმე ტიპის მოდერაცია ან ბერკეტი. არ არის შესაძლებელი ვინმეს დაბლოკვა სერვისიდან გრაფიკული, სექსუალური შინაარსის გამოსახულებების გაზიარებისთვის.
ხალხთან ფაილების გაზიარება ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ კიბერთავდასხმების მატებასთან ერთად, მსგავსი გზით ფაილების გაზიარება სახიფათოა. Apple-ის AirDrop ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან უსაფრთხოდ ითვლებოდა, თუმცა ამჟამად ის დაკვირვების ქვეშაა.
AirDrop უსაფრთხოების რისკები
AirDrop-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც გერმანიის დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მკვლევართა ჯგუფმა წარადგინა მოხსენება. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ სხვა ახლომდებარე მოწყობილობებს შეუძლიათ წვდომა თქვენი ტელეფონის ნომრებზე და ელფოსტის მისამართზე, როდესაც ფაილების გაზიარება გსურთ.
ფაილების გაზიარების პროცესში, AirDrop ამოწმებს მიმღების ტელეფონის ნომერს და ელფოსტის მისამართს ავთენტიფიკაციისთვის. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერ ახლომდებარე მოწყობილობას შეუძლია, ჩაერთოს და მოიპოვოს არაავტორიზებული წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე. გასატეხად არ არის აუცილებელი, თქვენი მოწყობილობა დაკავშირებული იყოს სხვა ახლომდებარე მოწყობილობასთან.
AirDrop-ზე გაზიარებულ მონაცემებს აქვს კონფიდენციალურობის დაცვა — კრიპტოგრაფიული ზომების სერია, რომელიც ცნობილია, როგორც ჰეშის ფუნქციები. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ეჭვი შეიტანეს ჰეშის ფუნქციების სიმძლავრეში და აღმოაჩინეს, რომ მათი დაზარალება ადვილად, მარტივი ტექნიკის გამოყენებითაა შესაძლებელი.
როდესაც თავდამსხმელები იღებენ წვდომას თქვენს ტელეფონის ნომერსა და ელ.ფოსტის მისამართზე, თქვენ ხდებით მარტივი სამიზნე კიბერთავდასხმებისთვის, როგორიცაა იდენტობის მოპარვა და ფიშინგი.
როგორ დავიცვათ ჩვენი AirDrop
იქონიეთ AirDrop გამორთულ მდგომარეობაში, როდესაც მას არ იყენებთ
AirDrop-თან თქვენი დაკავშირება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ჩართულია. იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყოთ, დარწმუნდით, რომ AirDrop-ს რთავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი გამოყენება გსურთ.
ჩართეთ «მხოლოდ კონტაქტების» რეჟიმი
ფაილის გაზიარების მხოლოდ კონტაქტების რეჟიმზე გადაყვანა საზღვრავს თქვენ მოწყობილობას თქვენი კონტაქტებით, ხოლო ყველასთან გაზიარების რეჟიმი თქვენს მოწყობილობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. დარწმუნდით, რომ დაიცავთ მხოლოდ კონტაქტების რეჟიმს, როდესაც ხართ საჯარო სივრცეში.
განაახლეთ თქვენი მოწყობილობა
ვინაიდან Apple აგრძელებს AirDrop-ის უსაფრთხოების წესების გამკაცრებას, თავის დასაცავად უმჯობესია რეგულარულად განაახლოთ თქვენი მოწყობილობის უსაფრთხოების პარამეტრები.
AirDrop iOS-ის მომხმარებლებისთვის ფაილების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზაა. მასზე უარის თქმა არც ისე ადვილია.
Apple-ის ვებსაიტზე განთავსებული ინსტრუქციის თანახმად, კომპანია გირჩევთ, რომ დარწმუნდეთ, პიროვნება, ვისაც ფაილს უგზავნით თქვენი კონტაქტების სიაშია.