ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას

Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ამბობს, რომ დღევანდელი გამარჯვება სცდება მხოლოდ კომპანიის წარმატებას და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი კომენტარი Web Summit-ის საიტზე გამოქვეყნდა. სწორედ ამ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის ფარგლებში ტარდება კონკურსი PITCH, რომლის გამარჯვებულიც Theneo გახდა.

კომენტარის დატოვება
Theneo-ს დამფუძნებელი: ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას

Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე ამბობს, რომ დღევანდელი გამარჯვება სცდება მხოლოდ კომპანიის წარმატებას და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი კომენტარი Web Summit-ის საიტზე გამოქვეყნდა. სწორედ ამ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის ფარგლებში ტარდება კონკურსი PITCH, რომლის გამარჯვებულიც Theneo გახდა.

«სახალისოა, რომ ჩვენ შარშან PITCH-ის კონკურში არც კი მიგვიღია მონაწილეობა. ღონისძიებას დამსწრის სტატუსით ვესწრებოდი და ვამბობდი, ერთ დღესაც მინდა, რომ აქ, ამ სცენაზე ვიდგე. არ ველოდი, რომ ნახევარფინალში ამ წელსვე გავიდოდი, მაგრამ ეს მოხდა, შემდეგ იყო ფინალი. სურეალისტური გრძნობაა. ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მოახერხა ამდენი ეტაპის გავლა ნებისმიერი სტარტაპ კონკურსის განმავლობაში. ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას. ეს ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სტარტაპების ეკოსისტემაზე ბევრი არ არის ინფორმირებული. ჩვენ გვაქვს უამრავი საოცარი სტარტაპი და მგონია, რომ მე მათაც წარმოვადგენ». — ამბობს ანა რობაქიძე. 

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერაქციულ API დოკუმენტაციას ქმნის.

კონკურსი PITCH პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია — Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდა 70 000 ადამიანი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ასეულობით სტარტაპისა და ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელი. 

Theneo-ს კონფერენციაზე საკუთარი სტენდიც ჰქონდა წარმოდგენილი და მისი პროდუქტით ბევრი კომპანია და რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს PITCH — თავდაპირველად მასში მონაწილეობაზე განაცხადი ათასზე მეტმა სტარტაპმა გააკეთა, რასაც შერჩევის ეტაპი მოჰყვა. შეირჩა 110 სტარტაპი. 

Web Summit-ის პირველ დღეს პრეზენტაცია სწორედ ამ შერჩეული 110 სტარტაპის წარმომადგენელმა გააკეთა, მათ შორის, ანა რობაქიძემაც. 

მათგან ნახევარფინალში 12 სტარტაპი გადავიდა, შეირჩა, ფინალში კი — 3. 

რობაქიძე ნანა დიხამინჯიას, რომელიც მას dev.ge-ს სახელით ელაპარაკა, ეუბნება, რომ გამარჯვებას არ ელოდა. 

«ძალიან მიხარია გამარჯვება, მაგრამ ეს ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და სურვილს, უფრო მეტი რესურსი და დრო ჩავდოთ ჩვენს საქმეში, რომ ასეთივე წინსვლით გავაგრძელოთ და გავხდეთ უნიქორნ სტარტაპი». — ამბობს ის. 

ანა რობაქიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ Theneo-ს გამარჯვება ინვესტორების ყურადღებას საქართველოსკენ მომართავს. 

«არათუ გამარჯვება, ამ კონკურსში მონაწილეობაც დიდი მიღწევაა და ძალიან კარგი პლატფორმა ნებისმიერი სტარტაპისთვის, რადგან სამიტზე წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანია და ბევრი ინვესტორი. ვებ-სამიტზე გამარჯვება, ერთი მხრივ, გვიხსნის ბევრ გზას ახალი თანამშრომლობებისა და ინვესტიციებისთვის, მეორე მხრივ, -ინვესტორების ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს, როგორც ახალი ტექ სტარტაპების სივრცეს. 

Theneo-ს შემდეგი მიზანია, დავხუროთ ჩვენი ინვესტიციის რაუნდი და შემდეგ წელიწადს აქტიურად დავიწყოთ დეველოპერთა საზოგადოებაზე ზრუნვა და მომავალ წელს გვყავდეს მინიმუმ ერთი მილიონი აქტიური მომხმარებელი». — ამბობს Theneo-ს დამფუძნებელი. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.